"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

ვან გაალი და სანტინი: საქართველოსაც უნდა და გალათასარაისაც

ილია ნანობაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატებს დაახლოებით ერთ კვირაში გამოაცხადებენ - სავარაუდოდ, ოთხი-ხუთი სპეციალისტის გვარი გახმაურდება, ჯერჯერობით კი ჩვენ მხოლოდ ვარაუდებით თუ შემოვიფარგლებით. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გია გურულის დახმარებით, ფრანგ მწვრთნელებსაც უტრიალებს, რომელთაგან ერთ-ერთი ჟაკ სანტინია.

სანტინიმ დიდად წარმატებულად იმუშავა "ოსერსა" და "ლიონში", რაც საფრანგეთის ნაკრებში ვეღარ მოახერხა. მუსიე ჟაკის ჩამოყვანა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა - ჩვენი ინფორმაციით, კლაუს ტოპმიოლერზე ერთნახევარჯერ ძვირი.

გუშინ კი გავრცელდა ცნობა, რომ სანტინის თურქული "გალათასარაი" ეკურკურება...

თუმც "გალას" მთავარი სამიზნე ლუის ვან გაალია, რომელიც, სავარაუდოდ, მაისში მაინც წავა ჰოლანდიური "ალკმაარიდან".

"ბევრი ევროპული კლუბი მიწვევს და მათ შორისაა "გალათასარაიც", თუმცა ჯერ უნდა გავიგო, რა თანხის გაღებას აპირებენ თურქები ახალი ფეხბურთელების შესაძენად და, რაც მთავარია, მოიპოვებს თუ არა კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურს" - თქვა ვან გაალმა, რომელსაც ზოგიერთი გერმანული წყარო "ჰამბურგის" მომავალ თავკაცადაც ნათლავს და ამავე დროს საქაორთველოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ და ფრიად სასურველ კანდიდატადაც ასახელებენ.

დღეს-ხვალ სფფ-ის ხელმძღვანელები სამ მწვრთნელთან აპირებენ მოლაპარაკებას.

და ერთიც: თუ გახსოვთ, თავის დროზე "გალათასარაი" კლაუს ტოპმიოლერსაც ეპატიჟებოდა, თუმცა ტოპიმ ქართული ვარიანტი ამჯობინა...



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com