|
|
"სარბიელი"
ძენგა თასისთვის იბრძოლებს
გიორგი კაკაბაძე
დიდი შანსია, იტალიის თასის ფინალში კვლავ "რომა" და "ინტერი" ვიხილოთ. თუმც იქამდე დედაქალაქელებმა "კატანია" უნდა დაამარცხონ, მილანელებმა კი მეორე რომაული კლუბი - "ლაციო". "რომასა" და "ინტერს" სერია ფ-ში ოთხეულში ადგილი გარანტირებული აქვთ, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზურებიც. აი, "კატანია" და "ლაციო" კი ევროსარბიელზე მხოლოდ თასიდან თუ მოხვდებიან და ნამდვილად ბოლომდე დაიხარჯებიან. "ლაციოს" შემადგენლობას შეგვიძლია საბრძოლო ვუწოდოთ. "ინტერს" კი ალბათ ისევ დააკლდება რამდენიმე მოთამაშე და სავარაუდოდ, მილანელები ოდნავ ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშებენ. "ნერაძურიში" დღეს 17 წლის მარიო ბალოტელი ბრწყინავს. მან სერია ფ-ს ორ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ყურადღების ცენტრშია. "სებასტიან ფრეი ბრწყინვალე მეკარეა და მისთვის ჯობნა ძნელია. ჩემმა მეგობარმა, "ბრეშას" გოლკიპერია სერჯო ვიოტიმ მირჩია, ფრეისთან პირისპირ როცა გახვალ, მაშინვე დაურტყიო. მეც ასე მოვიქეცი და გავიტანე. ძალიან მახარებს ჩემი კარგი თამაში და "ინტერის" მოგებები. გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა და ყველანი "ლაციოზე" ვართ კონცენტრირებულნი" - თქვა ბალოტელიმ. "რომას" ბანაკში მშვიდობა დამყარდა. ალეშანდერ დონი და კრისტიანო პანუჩი შერიგდნენ. შეგახსენებეთ, რომ კვირას, "უდინეზესთან" მატჩში ანტონიო დი ნატალეს გოლს პანუჩი და დონი ერთმანეთს აბრალებდნენ და საქმის გარჩევა მინდორზე დაიწყეს. ბოლოს ისინი თანაგუნდელებმა დააშოშმინეს. სამშაბათს ვარჯიშზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ორივეს თანაგუნდელებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ხელი ჩამოართმევინა. "გლდადიატორთა" ფანებმა ამ კონფლიქტში, როგორც ჩანს, დონის მხარე დაიჭირეს. "რომას" დაახლოებით 50 ტიფოზი რამდენჯერმე საგანგებოდ მიესალმა ბრაზილიელ მეკარეს და ბანერიც გამოფინა წარწერით: "დონი - ერთ-ერთი ჩვენგანი". "კატანიამ" სეზონი მშვენივრად დაიწყო, მაგრამ თასის ნახევარფინალში "ელეფანტის" გასვლას ცოტა თუ ელოდა. თუმცა სიცილიელებს ახლა არცთუ კარგი პერიოდი უდგათ. ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან. მიუხედავად ამისა, მათი ახალი მწვრთნელი ვალტერ ძენგა ამბობს, რომ ეს ფაქტორი გუნდის სათასო თამაშზე არ იმოქმედებს. "რასაკვირველია, ბოლომდე ვიბრძოლებთ და დავიხარჯებით. აბა, ისე ფეხბურთის თამაშს რა აზრი აქვს. ბევრი გუნდი ინატრებდა ჩვენს ადგილზე ყოფნას. მწვრთნელებს ძალიან უყვართ სათასო მატჩები. გადარჩენისთვის კი ვიბრძვით, მაგრამ "რომასთან" შეხვედრა ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი და პრესტიჟულია" - აღნიშნა ძენგამ. სიცილიელთა რიგებში სათუოა ხუან მანუელ ვარგასის თამაში. დავიდე ბაიოკო, ინასიო პია, ჯუზეპე კოლუჩი, ჯენარო სანდო, ანდრეა სოტილი და ალბანო ბიძარი დანამდვილებით არ იქნებიან. "რომას" კი, შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები თითქმის არ აქვს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |