|
|
"სარბიელი"
ზეციდან გატანილი გოლები რომარიო ოთხმა კილომ დაასრულა
ვაჟა ხუციშვილი
"ღმერთმა იმისთვის შემქმნა, რომ ხალხი გოლებით გავახარო" - ამ სიტყვების ავტორმა, 42 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა რომარიომ საფეხბურთო კარიერა გუშინ დაასრულა. "ისე ვიცხოვრებ, როგორც მსურს და მომწონს. ღამე ჩემი მეგობარია და თუ არ გავერთე, გოლებს ვერ გავიტან" - ესეც მისი ნათქვამია. "ვირო! ვირო!" - ასე შეამკეს რომარიოს ფანებმა ფედერაციის შენობიდან გამოსული ლუიშ ფელიპე სკოლარი 2002 წლის მაისში, როცა გაიგეს, რომ მწვრთნელმა მეგოლე მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანთა სიაში არ ჩაწერა. "ოფიციალურად ვაცხადებ - ფეხბურთის თამაში დავასრულე, ჩემი დრო დამთავრდა. 20 წელზე მეტი შევალიე ამ საქმეს და ბევრი კარგი რამ მექნება გასახსენებელი. ნოემბრის შემდეგ მოედანზე აღარ გავსულვარ, სამი-ოთხი კილოც მოვიმატე და ამ ასაკში ვარჯიშის ხელახლა დაწყება და ფორმის შენარჩუნება ძალიან ძნელი იქნება. ბედნიერებაა ისიც, რომ გუნდთან ერთად სასტუმროდან სასტუმროში ხეტიალი და ყოველდღიური ვარჯიშიც აღარ მომიწევს" - ბრძანა ათასი გოლის გამტანმა ბრაზილიელმა. მისი კარიერა 1979 წელს "ოლარიაში" დაიწყო, რასაც "ვასკუ და გამაში" გატარებული შვიდი წელი მოჰყვა (1981-1988). სამშობლოდან რომარიო ჰოლანდიურ პსვ-ში გადავიდა, სადაც სასწაული ჩაიდინა - ხუთ სეზონში 165 მატჩი და 163 გოლი. მერე იყო "ბარსელონა" (1993-1995) და დაბრუნება ბრაზილიაში, ოღონდ "ფლამენგოში". ამის მერე "ვალენსია", ისევ "ფლამენგო" და 1999 წლიდან კვლავ "ვასკუ და გამაში" კარიერის გაგრძელება, საიდანაც 2002-ში "ფლუმინენსეს" მიაშურა. ბრაზილიიდან ყატარის "ალ საადში" აღმოჩნდა და მხოლოდ სამი მატჩი ითამაშა. აზიიდან "ფლუმინენსემ" წაიყვანა და 2004 წელს "ვასკუ და გამას" დაუთმო. ორი სეზონი ყოფილ გუნდში გაატარა და აშშ-ს მეორე ლიგის "მაიამიში" გადაბარგდა, რადგან გოლების ათასამდე დამრგვალება სურდა. იქ ვერ მაღწია ათასს და ავსტრალიის "ადელაიდაში" წავიდა, მაგრამ ოთხ შეხვედრასი ერთი გოლი შეაგდო. 2007 წელს მშობლიურ "ვასკუს" დაუბრუნდა, რომლის მაისურითაც 20 მაისს "რესიფესთან" საშინაო მატჩში პენალტით მეათასე გოლი მიითვალა. მერე "ვასკუს" მოთამაშე მწვრთნელი გახდა, შარშან დეკემბერში კი სისხლში დოპინგი უპოვეს და 120-დღიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. რომარიომ გაასაჩივრა და პროცესი მოიგო. წლეულს თებერვალში განაცხადა, მარტის ბოლოს კარიერას ვასრულებაო, მაგრამ 27 მარტს გადათქვა და აპრილამდე გადადო. ეტყობა, კარიერის დამთავრებაც ათასჯერ უნდა.. ბრაზილიის ნაკრებში 85 მატჩში 71 გოლი შეაგდო, ბოლოს კი ეროვნული გუნდის მაისურა 2005 წლის 28 აპრილს გვატემალასთან ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო, ერთი გოლი გაიტანა და ...ყვითელი ბარათიც სამახსოვროდ მიიღო.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |