|
|
"სარბიელი"
როტერდამღლელიკვირადღე ივანე კობიაშვილი
ევროპაში მარათონებისა იყო. ლონდონის სუპერმარათონის პარალელურად 42 კილომეტრზე რბენა გაიმართა ჰოლანდიის საქმიან დედაქალაქ როტერდამშიც, რომელიც პრესტიჟით ოდნავ კი ჩამოუვარდება, ვთქვათ, ნიუ იორკის, ლონდონის და პარიზის მარათონებს, მაგრამ მაინც ბევრ გამოცდილ მორბენალს უყრის თავს და შედეგებიც რიგიანი იცის. ამ გარბენში როტერდამის მარათონების რეკორდიც დამყარდა - კენიელმა უილიამ კიპსანგმა 42,195-კილომეტრიანი დისტანცია 2 საათში, 5 წუთსა და 49 წამში გაირბინა და 25 წამით გააუმჯობესა 2004 წელს თანამემამულე ფელიქს ლიმოს როტერდამული რეკორდი. ამ უკანასკნელმა წლეულს ლონდონში სირბილი არჩია და მაშინ, როცა ჰოლანდიაში მის რეკორდს აუმჯობესებდნენ, ლიმო ლონდონში პირველ ხუთეულს მიღმა რჩებოდა (2:10.34 შედეგით მერვე ადგილზე გავიდა). როტერდამში ლიანგი სტარტიდანვე უსწრაფესად დაიძრა. პეისმეიკერებს მიეღოთ ასეთი დავალება, ჩქარა დაეფარათ პირველი კილომეტრები და ზედმეტი ბალასტი თავიდანვე ჩამოეგდოთ ფავორიტთა მხრებიდან. ისე გარბოდნენ, მარათონზე კი არა, იქნებ მის მეოთხედ, 10-კილომეტრიან, სხვათა შორის, უპრესტიჟულეს სარბენ დისტანციაზეც მისწვდომოდნენ რეკორდს. მაგრამ ამან, ცხადია, გაასავათა ფავორიტთა წინ მორბენლები და გზის ნახევარს რომ უწიეს, ზედმეტი მართლა აღარავინ დარჩენილიყო - შვიდნი იყვნენ, ყოველგვარი პეისმეიკერების გარეშე და სიგიჟემდე სწრაფ დროშიც გაელიათ 21 კილომეტრი - 59 წუთსა და 31 წამში. ასეთმა არანორმალურმა ტემპმა ფავორიტებიც დაღალა, ტემპი საგრძნობლად დაეცა და მსოფლიო რეკორდზე შეტევაზე ფიქრი ამთავითვე უაზრობად იქცა. მომავალმა გამარჯვებულმა უილიამ კიპსანგმა კი პირველობა პირველად 30-ე კილომეტრზე მოიწადინა, როცა შემორჩენილთაგან მოწყვეტა ისურვა, მაგრამ ვერ მოახერხა, მეორედ კი 35 კილომეტრის შემდეგ ააჩქარა დაღლილი ფეხები და ამჯერად დანარჩენები ვეღარ მიჰყვნენ. 40 კილომეტრის შემდეგ ის 40 წამით უსწრებდა უახლოეს მდევარს. ფინიში კი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ 2:05.49 დროში გადაკვეთა და მეორეადგილოსანს, ასევე კენიელ დანიელ რონოს წუთით და 9 წამით აჯობა. ქალთა შორის კი რუსმა ლუბოვ მორგუნოვამ იმარჯვა, ვინაც დისტანცია 2 საათში, 25 წუთსა და 12 წამში დაფარა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |