|
|
"სარბიელი"
პლეი ოფს ქართველიც დააჭაშნიკებს
ივანე კობიაშვილი
"ინდიანამ" ვაშინგტონში წააგო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას "ატლანტას" დაწევის თეორიული შანსიც მოესპო და პლეი ოფშიც ჯორჯიული გუნდი გავიდა. "ატლანტა ჰოქსი" 1999 წლის შემდეგ პირველად მოხვდა პლეი ოფში, სადაც პირველ რაუნდში აღმოსავლეთის საუკეთესო გუნდს "ბოსტონ სელტიქსს" შეხვდება და, თქმაც არ უნდა, დამარცხდება, მაგრამ "ქორებმა" 8-წლიანი ნავსი რომ გატეხეს, ესეც დიდი საქმეა. ქართული კალათბურთისთვის კი ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, რადგან ნბა-ს პლეი ოფში პირველად ითამაშებს ქათრველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია. მართალია, წლეულს ზაზამ დაკარგა ადგილი "ჰოქსის" სასტარტო ხუთეულში, რომელსაც ორ წელი პყრობდა, მაგრამ პლეი ოფში მასაც რომ მოუწევს თამაში, ამაშე ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ის თავისი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო სათადარიგო მოთამაშეა და პლეი ოფის სულ ცოტა, 4 მატჩში (საშუალოდ), დაახლოებით 15 წუთს დაყოფს მოედანზე. ჩვენ კი გავიხსენოთ, რომ ნბა-ში მანამდე ორ ქართველს უთამაშია - 1998-2004 წლებში ვლადიმერ სტეფანიამ ექვს სეზონში ოთხ გუნდში ითამაშა. 2000 წელს მისი "სიეტლი" გავიდა პლეი ოფში, მაგრამ ვოვამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა. მეორე ქართველმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, ნბა-ში ასევე ოთხ გუნდში მოასწრო თამაში ოთხი სეზონის განმავლობაში (2002-06). 2004 წელს მისი "დენვერიც" გავიდა პლეი ოფში, მაგრამ ცქიტიშვილი განაცხადში არ ჰყავდა. ამგვარად, აღმოსავლეთში რეგულარული ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი დღით ადრე გამოვლინდა 8 რჩეული და ასევე ორშაბათს გაირკვა დასავლეთის უკანასკნელი მეპლეიოფეს ვინაობაც. გოლდენსტეიტელმა "მეომრებმა" ბოლომდე იომეს, ყოჩაღად მოიარეს 82-მატჩიანი რეგულარული ჩემპიონატი და მართალია, უპლეიოფოდ, მაგრამ მაინც ღირსეულად დაასრულეს სეზონი. 14 აპრილს მათ ფინიქსში იქაურ "სანზთან" წააგეს და კონკურენტ "დენვერს" დაუთმეს გზა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |