"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

მეექვსე და სამართალი

ირაკლი პერტაია

პლეი ოფის დინამიური შანსი დღეს იწყება სუპერლიგის ბოლო, მეექვსე წრე, რომელიც ჩვეულებრივისგან იმით იქნება განსხვავებული, რომ ერთ კვირაში ჩაეტევა და სპორტის სასახლის ნაცვლად რუსთავში გაიმართება. მასპინძელი ქვემოქართლელები ყველაზე მშვიდად ხვდებიან დასკვნით წრეს - მათ პირველობა განაღდებული აქვთ და პლეი ოფამდე დარჩენილ მატჩებს მოსამზადებლად გამოიყენებენ. სამაგიეროდ, იმედის თვალით უყურებენ რუსთავულ წრეს დინამოელები, რომლებიც ახლა მეხუთე ადგილზე არიან და ოთხეულში, ანუ პლეი ოფში შესაძრომად იბრძვიან - მეექვსე წრის მთავარი ინტრიგაც ესაა.

გუშინ კლუბ "12 მაგიდაში" ექვსივე გუნდის მწვრთნელები შეიკრიბნენ და მომავალ წრეზე ხომ ისაუბრეს, ორიოდ სიტყვით განვლილი მატჩებიც შეაფასეს...

ჯამლეტ ხუხაშვილი, "მაკაბის" მწვრთნელი:

"ჩვენი გუნდისთვის რუსთავულ ტურს ფაქტობრივი მნიშვნელობა აქვს. ისედაც ცნობილია, რომ ბოლო ადგილს ვერ ავცდებით და ამ წრის მერე ჩვენთვის ჩემპიონატი დასრულდება. ამიტომაც მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მიმდინარე სუპერლიგას დონე შევუქო. არც ერთი მატჩი არ იმართება ისე, რომელშიც გამარჯვებული წინასწარაა ცნობილი. ასე არასდროს ყოფილა. ყველა ჩემპიონატს ჰყავდა უპირობო აუტსაიდერები, რომლების ლიდერებთან წაგებაც გარდაუვალი იყო. ახლა კი ბოლომდე ბრძოლაა და ეს ჩვენი ჩემპიონატის დიდი მონაპოვარია. "მაკაბის" მიზანი გიორგი შერმადინის მომზადება და დრაფტზე გაგზავნა იყო. ეს ამოცანა ჩვენმა გუნდმა ხუთიანზე შეასრულა".

დავით უსტიაშვილი, "ენერჯი-ინვესტის" მწვრთნელი:

"სუპერლიგის გასულ ტურში საინტერესო მატჩი გვქონდა, თუმც ეს ის შემთხვევა იყო, როცა გამარჯვება ჩვენზე მეტად მეტოქეს უნდოდა. "ენერჯი-ინვესტს" განაღდებული აქვს პირველი ადგილი, "ავიამშენი" კი პლეი ოფისთვის ხელსაყრელ ადგილზე გასასვლელად იბრძვის. გამარჯვებას ორივე გუნდი იმსახურებდა, თუმცა საბოლოოდ მეტოქემ გვაჯობა. რაც შეეხება რუსთავულ ტურს, ვფიქრობ, საინტერესო უნდა გამოვიდეს. გასარკვევია, ვინ რომელ ადგილზე გავა და როგორ დაწყვილდებიან გუნდები პლეი ოფში".

ზურაბ ტომარაძე, "ვითას" მწვრთნელი:

"რუსთავში უნდა გადაწყდეს პლეი ოფში მეოთხე გუნდად რომელი გავა, ანუ მოახერხებს თუ არა "დინამო" "ვითას" ან თსუ-ს გადასწრებას. ჩვენს გუნდს მთავარი ბრძოლები წინ აქვს და თუ ბოლომდე არ დავიხარჯეთ, პლეი ოფში ვერ გავალთ. "ვითას" გასულ ტურში შეემატა ბექა წივწივაძე, რომელმაც 3 კვირის წინ აპენდიქსის ოპერაცია გაიკეთა და ახლა ფორმის აღდგენა მართებს".

ზაზა ცაგარეიშვილი, "დინამოს" მწვრთნელი:

"მეხუთე წრე კარგ ნოტაზე დავასრულეთ, "მაკაბის" შთამბეჭდავად მოვუგეთ და ახლა რუსთავული მატჩებისთვის ვემზადებით. მართალია, რთულ ვითარებაში ვართ, მაგრამ თავად ეს ფაქტი, რომ მეტოქეებს ჩამოვრჩებით, თავისებური უპირატესობაა. ანუ ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ნახევარი ფეხით პლეი ოფს მიღმა ვართ დარჩენილები და თუ ვერ მოვახერხებთ იქ გასვლას, ტრაგედია არ იქნება. კარგი იქნებოდა, ამ პრესკონფერენციას მსაჯებიც დასწრებოდნენ და გაეცნობიერებინათ ის პასუხისმგებლობა, რომლებიც მათ ეკისრებათ. მეტად პრინციპული მატჩები გველის და არ მინდა, მსაჯების უყურადღებობის გამო რამე გაფუჭდეს. აქამდე ასეთ ფაქტებს რომ ჰქონია ადგილი, ახლა ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ".

ლევან მოსეშვილი, "ავიამშენის" მწვრთნელი:

"გასულ ტურში "ენერჯი-ინვესტის" დამარცხების შემდეგ ბიჭებს დღეს პირველად შევხვდი და კი არ შემიქია, პირიქით, საყვედური ვუთხარი. განსაკუთრებით დაბლებზე ვარ გულმოსული, რომლებმაც რუსთაველებთან მატჩში მთლიანობაში 17 ბურთი დაკარგეს. ადრე, საბჭოთა კავშირის პირველობაზე, თუკი რომელიმე გამთამაშებელი 2 ბურთზე მეტს დაკარგავდა, შეკრებაზე აღარ მიჰყავდათ. ვუთხარი, რომ ასეთი თამაშით მიმავალში ვეღარ მოიგებენ. თუკი იმ მატჩიდან საჭირო დასკვნებს გამოიტანენ, პლეი ოფში კარგ ფორმაში ვიქნებით. ვფიქრობ, მწვრთნელის ოსტატობაც ისაა, რომ გუნდი გადამწყვეტ მომენტში ჰყავდეს ფორმის პიკზე...

რუსთავულ მატჩებს პლეი ოფისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ. ახალაგზრდა ნოდარ ბერაიას კვლავ მივცემ შანსს და თუ კარგად წარმოაჩენს თავს, პლეი ოფშიც გავა მოედანზე. ჩვენს გუნდზე ამბობენ, რომ გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს და ვნახოთ, რა იქნება რუსთავში, იქ ხომ ყოველდღე მოგვიწევს თამაში და "ავიამშენის" გამძლეობაც კარგად გამოჩნდება...

მეექვსე წრეში ვერ დაგვეხმარება ირაკლი ხოშტარია, რომელსაც ფეხის ტრავმა აქვს და პლეი ოფამდე მოურჩება. არის სხვა მცირე ტრავმებიც, მაგრამ უმნიშვნელო".

ნუგზარ ჭეიშვილი, თსუ-ს მწვრთნელი:

"ჩემი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, პირველ ადგილზე გახვალ თუ მეოთხეზე. მთავარია, პლეი ოფში მოხვდე და თუ ჩემპიონობის ამბიცია გაქვს, რა აზრი აქვს, ვინ შეგხვდება ნახევართინალში და ფინალში".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com