"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

მედოპინგეები მოხუცსაც მიადგნენ

ივანე კობიაშვილი

თანამედროვეობის უცნობილესი მორბენლის, აწ პენსიაზე გასული მორის გრინის თავზე დოპინგ-სკანდალის ავი ღრუბელი იქუფრება. აშშ-ს მძლეოსნობის ფედერაციიდან გამოვიდა ცნობა, რომ გრინი დოპინგის ხმარებაშია ეჭვიმტანილი, ოღონდ ამერიკელ მედოპინგეებს ამის პირდაპირი საბუთი ჯერ არ მოეძევებათ.

ეჭვი კი იმის გამო გაჩნდა, რომ თავისი ხანგრძლივი კარიერის ერთ მონაკვეთში გრინი მუშაობდა მწვრთნელ ტრევორ გრეჰემთან, ვინც არაერთხელაა შემჩნეული მძლეოსნების აკრძალული პრეპარატებით გაჭყეპვაში და ჩხრეკის დროს მისი სახლიდან ამოღებულ იქნა კიდეც ეს ნივთიერებები. გრეჰემი ერთხანს წვრთნიდა ქალ სუპერვარსკვლავ მერიონ ჯონსსაც, ვინაც კარიერა სულისშემხუთავი გამარჯვებებით დაიწყო და დოპინგ-სკანდალებში ჩაძირულმა საზიზღრად დაასრულა.

მაგრამ გრინისა და მისი საეჭვო რეპუტაციის მწვრთნელს ურთიერთობა კარგა ხნის ამბავია. ახლა ის 34 წლისაა და შარშან დაანება თავი სირბილს ისე, რომ სარბენი ბილიკიდან წაიღო ორი ოლიმპიური, ხუთი მსოფლიო ოქრო, მსოფლიო რეკორდი 100 მეტრზე სირბილში, 9,79 წამი, რომელიც სწორედ მერიონ ჯონსის ქმარმა ტიმ მონტგომერიმ დაამხო (9,78).

ვის რაში დასჭირდა ექსჩემპიონისა და ექსრეკორდსმენის შეწუხება. ალბათ რომელიმე ზეამბიციურ სამძლეოსნო მოხელეს, ან მედოპინგე ექიმს, რომელსაც ამ სკანდალის აგორების და შესაბამისად, ხმაურიანი თვითრეკლამის დახმარებით კარიერის კიბეზე ერთი საფეხბურთი წინ წაწევა მოუნდა. თუმც ვინ იცის, გრინი იქნებ მართლაც იყენებდა დოპინგს. ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენს დროში სისულელეა რაიმეს გადაჭრით მტკიცება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com