"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

ბასკების ქვეყნის კონტადორი

ველოსიპედისტთა საერთაშორისო კავშირის (გსშ) და დიდი რბოლების ("ტური", "ჯირო", "ვუელტა") ორგანიზატორთა შორის მომხდარი განხეთქილების გამო, წლეულს მთელი რიგი უპოპულარულესი მრავალდღიანი, თუ ერთდღიანი რბოლები გსშ-ის მიერ ორგანიზებული პრო ტურის კალენდრის მიღმა დარჩა. აღარ არის ლაპარაკი "ტურ დე ფრანსზე", "ჯირო დიტალიასა" და "ვუელტა ესპანაზე", პრო ტურის კალენდარში არც "პარიზი-ნიცაა" და არც "პარიზი-რუბე", რომლებიც "ტურ დე ფრანსის" ორგანიზატორი კომპანიის, ფთწ-ს პატრონაჟით ტარდება.

აქედან გამომდინარე, კვირას გამართული რიგით 106-ე "პარიზი-რუბეს" შედეგები პრო ტურის რეიტინგში ვერ აისახა. ამ რეიტინგს ამ წუთისთვის ახლად შექმნილი ამერიკული ველოგუნდის, "ჰიგ როადის" გერმანელი მრბოლი ანდრე გრეიპელი ლიდერობს, ვინც იანვარში, ავსტრალიაში გამართული ერთკვირიანი ველოტური მოიგო.

მეორე ადგილზეა "ტურ დე ფრანსის" შარშანდელი ტრიუმფატორი, ესპანელი ალბერტო კონტადორი, ვინც წლეულს ლუქსემბურგში დარეგისტრირებული ყაზახური გუნდის, "ასტანას" სახელით გამოდის და იქიდან გამომდინარე, რომ "ტურ დე ფრანსის" ორგანიზატორებმა "ასტანას" თავიანთ სუპერრბოლაში მონაწილეობა აუკრძალეს, შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს.

კონტადორმა ამ ორიოდე დღის წინ ესპანეთში გამართული ექვსეტაპა "ბასკების ქვეყნის ვუელტა" მოიგო და რადგანაც ეს რბოლა პრო ტურის ეგიდით ტარდება, რეიტინგშიც მაღლა აიწია.

ბასკეთში კონტადორმა გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო ეტაპზე, 20-კილომეტრიან ინდივიდუალურ რბოლაში მოიპოვა, როდესაც მთავარი კონკურენტები, ავსტრალიელი კედელ ევანსი, ჰოლანდიელი ტომას დეკერი და იტალიელი დამიანო კუნეგო, შესაბამისად, 22, 27 და 49 წამით ჩამოიტოვა.

საერთო ჩათვლაში ადგილები, სწორედ ამ თანმიმდევრობით განაწილდა - პირველი კონტადორი იყო, მეორე - ევანსი, მესამე - დეკერი და მეოთხე - კუნეგო.

ცოტა უფრო ადრე პრო ტურის ეგიდით ორი ერთდღიანი კლასიკური რბოლა ჩატარდა და ორივე ბელგიაში. "ფლანდრიის ტური" მასპინძლის, "ქვიკ სტეპის" მრბოლის სტიინ დევოლდერის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 209-კილომეტრიანი "გენტი-ვარეგემი" ჯგუფურ რბოლაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ოსკარ ფრეირემ მოიგო და გახდა ამ ბელგიური კლასიკის გამარჯვებული პირველი ესპანელი.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com