"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

ჯოჯოხეთური დედოფალი ბოონენმა დაიმორჩილა

"ჩრდილოეთის ჯოჯოხეთი", "კლასიკის დედოფალი" - აი, როგორი ეპითეტებით ამკობენ ლეგენდარულ ერთდღიან რბოლას, რომელიც წლეულს, უკვე ასმეექვსედ ჩატარდა საფრანგეთის ჩრდილოეთში, პარიზიდან რუბემდე გაჭიმულ 260-კილომეტრიან, მართლაც რომ ჯოჯოხეთურ გზაზე, რომლის მოზრდილი ნაწილიც ვიწრო ფილაქანზე გადის და ფინიში კი რუბეს ველოდრომზე აქვს.

სწორედ ველოდრომზე გაირკვა წლევანდელი გამარჯვებულის ვინაობა, როდესაც ბელგიელმა ტომ ბოონენმა საფინიშო სპურტით აჯობა შვეიცარიელ ფაბიენ კანცელარასა და იტალიელ ალესანდრო ბალანს.

ეს სამნი ძირითად ჯგუფს ფინიშამდე 35 კილომეტრით ადრე მოწყდნენ და ისეთი ტემპი განავითარეს, რომ მეოთხე ადგილზე გასული ჰოლანდიელი მარტინ მაასკანტი სამწუთნახევარზე მეტით ჩამოიტოვეს.

კანცელარამ, ვისაც "პარიზი-რუბე" 2006 წელს მოუგია და ბალანმა კარგად იცოდნენ, რომ საფინალო საქმის გარჩევაში ბოონენთან შანსი არ ექნებოდათ, ამიტომაც არაერთხელ სცადეს ბელგიელის ჩამოშორება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ბოონენმა ბოლომდე გაძლო და თითქმის ექვსსათიანი რბოლის მიწურულს თავისი განთქმული საფინიშო სპურტით კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა.

5 საათი, 58 წუთი და 42 წამი - აი, ამდენი მოანდომა პარიზიდან რუბემდე ჩასვლას ტომ ბოონენმა და კარიერაში მეორედ მოიგო (პირველად 2005 წელს) ყველაზე პრესტიჟული და რთული ერთდღიანი კლასიკური რბოლა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com