|
|
"სარბიელი"
პინგვინები სენატში
კახა ლომაშვილი
"პიტსბურგს" შეიძლება, უკვე მივულოცოთ პლეი ოფის მეორე წრეში გასვლა, რადგანაც "პინგვინებმა" ზედიზედ მესამედ გააკრეს ბეჭებზე "ოტავა" და სერიაში 3:0 დაწინაურდნენ - ასეთი ჩამორჩენა კი ნჰლ-ის 90 წლიან ისტორიაში მხოლოდ ორჯერ იქნა აღმოფხვრილი. თანაც "ოტავა" სულაც არ წააგავს იმ გუნდს, ამხელა ორმოდან ამოძრომა რომ ხელეწიფება. გუნდი მარტივ მამრავლებად არის დაშლილი და ხანდახან შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჰოკეისტებმა არ იციან, ყინულზე რა გააკეთონ. ისე, მართლაც ძნელია იმის ახსნა, თუ რა დაემართა კანადურ გუნდს, რადგან ჩემპიონატის პირველი ნაწილი დედაქალაქელებმა დიდებულად ჩაატარეს და ლიდერთა შორისაც იყვნენ, მაგრამ იანვრიდან მოყოლებული საზიზღრად ათამაშდნენ და კინაღამ, საერთოდ პლეი ოფს მიღმა დარჩნენ. "სენატორთა" გულშემატკივრებს მცირე იმედი ჰქონდათ, ეგებ გუნდმა სათასო შეხვედრებისთვის მაინც შეძლოს შეკვრა და ხეირიანად ათამაშებაო, მაგრამ ახალგაზრდა "პინგვინები" მეტოქეს ამის შანსს არ აძლევენ. გუშინ კი ანტარქტიდის ბინადრებმა ძალიან ზრდასრული ჰოკეი აჩვენეს და გამოცდილ კანადელებს ჭკუით აჯობეს - სტუმრებმა იცოდნენ, რომ "ოტავა" თავიდანვე გიჟივით შეუტევდა, მით უმეტეს, რომ დაგეგმილზე ადრე დაუბრუნდა ყინულს "სენატორთა" კაპიტანი დანიელ ალფრედსონი. მოკლედ, "პიტსბურგმა" პირველი ორი პერიოდი ორგანიზებულად ითამაშა დაცვაში, თანაც კარებში ფანტასტიკურად ირჯებოდა მარკ-ანდრე ფლერი, რომელიც საუკეთესო ფორმაშია. ჰოდა, მასპინძლებს ორთქლი რომ გამოაშვებინეს, მესამე პერიოდის დასაწყისში პენსილვანიის წარმომადგენლებმა გადამწყვეტი დარტყმა განახორციელეს - ამჯერად თავი სიდნი კროსბიმ გამოიჩინა, რომელმაც ჯერ თვითონ შეაგდო, მერე კი მარიან ჰოსასაც გაატანინა. სლოვაკისთვის ეს პირველი საპლეიოფო გოლი იყო 2004 წლის შემდეგ - სხვათა შორის, ჰოსამ ბოლოს მაშინ გაიტანა, როცა ჯერაც "ოტავას" მაისურით თამაშობდა. "პინგვინთა" მაგვარი უპირატესობის მოპოვება შეეძლო რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდ "დეტროიტსაც", რადგან ნეშვილში დიდ უპირატესობას ფლობდა და თითქმის მთელ მატჩს თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა. მაგრამ აქ გადამწყვეტი ეს "თითქმის" აღმოჩნდა - "ნეშვილი" შეხვედრაში ორჯერ აფეთქდა და ორჯერვე წუთის ინტერვალში 2-2 შაიბა შეაგდო, რითაც "წითელფრთიანებს" მთელი ნაშრომი წყალში ჩაუყარა. "მტაცებელთა" რიგებში თავი მცველმა რაიან სუტერმა და ტრავმის შემდეგ ყინულზე ახალმობრუნებულმა დევიდ ლეგვანდმა გამოიჩინეს. "კოლორადოსა" და "მინესოტას" კი ჯერჯერიბით ძირითადი დრო არაფრით არ ჰყოფნით. გუნდებმა უკვე ზედიზედ მესამე ოვერტაიმი ითამაშეს და თუ პირველში იღბალმა დენვერულ გუნდს გაუღიმა, ბოლო ორ შემთხვევაში "ველურებმა" იყოჩაღეს და სერიაც მათ მიჰყავთ. "მეტ ოვერტაიმს ვეღარ გავუძლებ. ძალიან დიდი ნერვების ფასად გვიჯდება ეს მოგებები და მალე შეიძლება, გადავიწვათ" - ნერვოზის ზღვარზეა "მინესოტას" ერთ-ერთი ლიდერი ბრაიან როლსტონი. ამჯერად გადამწყვეტი გასროლა პიერ-მარკ ბუშარის ანგარიშზე იყო, რომელსაც საგოლედ სწორედ როლსტონმა უპასა - "მინესოტამ" კი პლეი ოფში გასვლაზე ზედიზედ ხუთჯერ დამარცხების შემდეგ პირველად იხეირა და საკუთარი მოედნის უპირატესობაც დაიბრუნა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |