"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

ფედერერმა თიხის კაცი მონახა

კახა ლომაშვილი

როჯერ ფედერერს ახალი მწვრთნელი ჰყავს - ესპანელი სპეციალისტი ხოსე იგუერა. მოგეხსენებათ, შვეიცარიელი გასული მაისის ბოლოდან, რაც "როლან გაროსის" ფინალში ზედიზედ მეორედ წააგო რაფაელ ნადალთან, ავსტრალიელ ტონი როუჩს დაშორდა და მას შემდეგ უმწვრთნელოდ იყო. როჯერი კარგა ხანს აცხადებდა, არავის დახმარება არ მინდაო, მაგრამ ამ სეზონის დასაწყისმა აჩვენა, რომ ფედერერს გვერდზე მწვრთნელი აუცილებლად სჭირდებდა. ეს თავად როჯერმაც აღიარა:

"ჩოგბურთელი ყოველთვის უნდა ვითარდებოდეს, სრულყოფდეს თავის თამაშს. ყოველთვის საჭიროა, ისეთი ადამიანი გედგეს გვერდით, რომელიც რამე ახალზე მიგითითებს, ყურადღებას მიაქცევს შენს ფიზიკურ ფორმას და მზადყოფნის დონეს. ჰოდა, მგონია, რომ ისეთ ადამიანს მივადექი, რომელიც ყველაფერ ამაში დამეხმარება".

ალბათ არ არის საჭირო, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ფედერერს ასე საზიზღრად სეზონი 2003 წლის შემდეგ არ დაუწყია - ალპელს წლეულს არათუ ტიტული არ მოუგია, ჯერ ფინალშიც არ უთამაშია. მართალია, როჯერი სეზონის სტარტზე ავადმყოფობდა და როგორც თავად ამბობს, "ძაღლივით ცუდად იყო", მაგრამ მხოლოდ ამით ვერ აიხსნება მისი საზიზღარი თამაში. ახლა იგუერას აყვანა იმაზე მიუთითებს, რომ ალპელი შეცდა, როცა როუჩს დაშორდა და კიდევ უფრო დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა მის მაგივრად აღარავინ მიიწვია. ეტყობა, "მხიარულმა როჯერმა" მართლაც ზედმეტად ირწმუნა საკუთარი ძალების და ეგონა, რომ მხოლოდ თავისით გავიდოდა ფონს.

ფედერერი საბოლოოდ ალბათ მაშინ დარწმუნდა მწვრთნელის საჭიროებაში, როცა კიბისკეინის მეოთხედფინალში მისგან მრავალნატანჯმა ენდი როდიკმაც გამოუყვანა წირვა. ყოველ შემთხვევაში, თავად როჯერი ამას ამბობს:

"საბოლოოდ ამერიკაში დავრწმუნდი, რომ მწვრთნელი მჭირდებოდა. კარგა ხანია, ამაზე ვფიქრობ, მაგრამ არჩევანი არცთუ დიდი იყო. საბოლოოდ, როცა იგუერას კანდიდატურაზე შევჩერდი, დავურეკე და თანამშრომლობა შევთავაზე, რაზეც ფაქტობრივად მაშინვე დამთანხმდა. იმედი მაქვს, კარგ ტანდემს შევქმნით".

თუმც ზოგიერთი არ არის იმაში დარწმუნებული, რომ ფედერერისა და იგუერას თანამშრომლბა დიდ ხანს გასტანს. ბევრის აზრით, ალპელმა ესპანელი მხოლოდ იმიტომ დაიქირივა, რომ მას გრუნტზე თამაშისა და გაწვრთნის დიდი გამოცდილება აქვს - როგორც ჩოგბურთელი, იგუერა ორჯერ გასულა "როლან გაროსის" ნახევარფინალში, თუმც ესპანელმა მწვრთნელობისას უფრო გაითქვა სახელი - პირველად ის 1989 წელს გამოჩნდა, როცა მისმა გაწვრთნილმა 17 წლის მაიკლ ჩანგმა ფრანგული სლემტურნირი მოიგო. იგუერა ჯიმ კურიესთან და პიტ სამპრასთანაც მუშაობდა.

სწორედ ამიტომ, უკვე არსებობს აზრი, რომლის თანახმადაც იგუერა ფედერერთან მხოლოდ საგრუნტო სეზონის პერიოდში დარჩება, რის შემდეგაც მათი გზები ისევ გაიყოფა. თუმც ალპელის აგენტი ტონი გოდსიკი ამტკიცებს, რომ ყველაფერი სხვანაირადაა:

"შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ მათი თანამშრომლობა სათიხნარო სეზონის შემდეგაც გაგრძელდება. როჯერი არასოდეს ცდილობდა მწვრთნელის პოვნას რომელიმე კონკრეტული საფარისთვის მოსამზადებლად".

ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს, ხოლო ახლა იმაზე მარჩიელობა, იგუერა შვეიცარიელთან "როლან გაროსის" შემდეგაც დარჩება თუ არა, სისულელე იქნება. ფაქტი ერთია - ფედერერი გამალებული ემზადება საგრუნტო სეზონისთვის და პარიზშიც ფორმის პიკზე აპირებს ჩასვლას. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ალპელი თიხნართან ადაპტირებას ჩვეულზე ნაადრევად იწყებს და უკვე ამ კვირას პორტუგალიურ ეშტორილში გავა კორტზე - ხუთწლიანი შესვენების შემდეგ პირველად, ფედერერი ისეთ საგრუნტო ტურნირზე ითამაშებს, რომელიც არც მასტერსია და არც სლემტურნირი.

თავად ფედერერი კი ძალიან იმედიანად ხვდება ჰარდიდან თიხნარზე გადასვლას:

"ახალი საფარია და აქ ახლა ყველა ნულიდან ვიწყებთ, თანაბარ მდგომარეობაში ვართ და მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ როგორ ფორმაში იყო სეზონის სტარტზე. არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს ცუდ ფორმაში ვიყო - იდეალურში ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ბევრიც არ მიკლია და მალე ჩემთვის ჩვეულ დონეზე ავთამაშდები. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ "როლან გაროსი" ჩემი თვითმიზანი არ არის, მაგრამ იქ თუ ვიხეირე, მართლაც ფანტასტიკა იქნება".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com