"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

სამი ქართველი, ამერიკელები და რუსები

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდული პალმ ბიჩის თიხნარზე ჩოგბურთის საერაშორისო ფედერაციის ეგიდით მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე სალომე დევიძემ მეორე მეტოქეც დაამარცხა და ახლა მას ერთი გამარჯვებაღა აშორებს ტურნირის ძირითად ბადეს.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში სალომემ 6:3 7:5 სძლია ამერიკელ თინეიჯერ მარია ბელაიას და შემდეგ კი მძაფრ ბრძოლაში 6:7 6:1 7:6 მოუგო ბრიტანელ ტარა მურს.

დევიძის მესამე მეტოქე 17 წლისა და რეიტინგში 608-ე ადგილზე მყოფი ამერიკელი ჩელსი გალიქსონია, ვისაც ამას წინათ საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ქალმა მაკა ჩახნაშვილმა მოუგო.

ამასობაში, უკვე შედგა ძირითადი ტურნირის ბადე და გაირკვა, რომ ანა ტატიშვილს პირველ მეტოქედ ასევე ამერიკელი, 20 წლისა და კლასიფიკაციის 426-ე საფეხურზე მყოფი ჯესიკა კირკლენდი ეყოლება.

თურქული ანთალიას თიხნარზე კი, სადაც აგრეთვე შეა-ის ეგიდით 10-ათასიანი შეჯიბრი ტარდება, სოფო ქვაცაბაიამ, უკვე მეორე წრეს უწია. პირველ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა რეიტინგის 707-ე პოზიციაზე მყოფი 19 წლის რუსი აუგუსტა ციბიშევა 6:1 6:3 დაჯაბნა და ახლა კიდევ ერთ რუსს, კლასიფიკაციის 530-ე საფეხურზე მდგარ 22 წლის ვარვარა გალანინას შეხვდება, რომელმაც პირველ წრეში მე-6 ნომრად განთესილ ბრაზილიელ ვივიენ სეჟინს 6:2 1:6 6:0 მოუგო.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com