|
|
"სარბიელი"
სწრაფი ფელიპე და ფილოსოფოსი კიმი
კახა ლომაძე
2008 წლის საპირველფორმულო ჩემპიონატმა სასტარტო, ავსტრალიურ-აზიური ეტაპები მოილია და ევროპაში დაბრუნების წინ სამკვირიანი შესვენება აიღო. ამ შესვენებიდან ნახევარი თიქთმის მიიწურა და ბარსელონაში, სადაც პირველი ევროპული, სულ კი სეზონის მეოთხე დიდი პრიზი გათამაშდება, პირველი სეზონური სატესტო სესია გახურდა. სესიის პირველი დღის საუკეთესო შედეგი ბოლო, ბაჰრეინული დიდი პრიზის მომგებმა, "ფერარის" ბრაზილიელმა პილოტმა ფელიპე მასამ აჩვენა, რომელმაც "კატალუნია მონტმელოს" ტრასას წუთსა და 18,339 წამში შემოუქროლა და თითქმის 3(!) წამით აჯობა მეორე შედეგის მქონე ალექსანდრ ვურცს, ვინც თავისი "ჰონდათი" წუთი და 21,059 წამი აჩვენა. პირველ დღეს ტრასაზე არ გამოჩენილან კიმი რაიკონენი, ლუის ჰემილტონი, ჰეიკი კოვალაინენი, ტომაშ კუბიცა და ფერნანდო ალონსო და მასასა და დანარჩენებს შორის ასეთი უზარმაზარი სხვაობა, ალბათ, ამითაც იყო გამოწვეული. რაიკონენმა, ვინც მოქმედი ჩემპოინი და სამი ეტაპის შემდეგ წლევანდელი პირველობის ლიდერიც გახლავთ, ბაჰრეინული ეტაპის შემდეგ კომენტარი გაუკეთა თავისი ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტის, ჰემილტონის გამოსვლას. სანამ ფინელი მრბოლის სიტყვებს შემოგთავაზებდეთ, მოკლედ შეგახსენებთ, რომ კიმიმ შარშანდელი ტიტული, სწორედ ლუისთან უმძაფრეს პაექრობაში მოიპოვა, ხოლო წლევანდელ სეზონს რაც შეეხება, ჰემილტონმა ავსტრალიაში გამარჯვებით კი დაიწყო, მაგრამ შემდეგ მალაიზიასა და ბაჰრეინში მისი საქმეები უკან-უკან წავიდა. რაიკონენი ჰემილტონის მარცხს იმით ხსნის, რომ ამ ეტაპისთვის "მაკლარენი" შარშანდელივით მძლავრი ვეღარ არის. "შარშან ლუისი თითქმის არ უშვებდა შეცდომებს, ახლა კი "მაკლარენი" ისეთი ვეღარ არის და ჰემილტონის პრობლემებიც ამით არის გამოწვეული - როდესაც შენს განკარგულებაში საუკეთესო ტექნიკა აღარ არის, მისი მართვაც უფრო რთული ხდება. შენ კი გინდა, მანქანიდან მაქსიმუმი გამოწოვო, მაგრამ ამას ყოველთვის ვეღარ ახერხებ - ფილოსოფიურად ბრძანა მსოფლიოს ჩემპიონმა და იქვე დაამატა - თავად მე ამ წუთისთვის ძალზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. შარშან, სამი ეტაპის შემდეგ, პირველ ადგილზე სხვა იყო, ახლა კი თავში მე ვარ და ეს გაცილებით უკეთესი შეგრძნებაა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა. ყველა რბოლაში გამარჯვებისთვის ვიბრძვი, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდები, რომ სამ მოწინავე გუნდში (იგულისხმება "ფერარი", "მაკლარენი" და "იქც-ზაუბერი") ექვსი მრბოლი ვართ და ექვსივეს, მხოლოდ მოგება გვინდა. სადღეისოდ "ფერარი" ძალიან სწრაფია, მაგრამ ვნახოთ, ახლა ჩემპიონატის ევროპული მონაკვეთი იწყება და შეიძლება, გარკვეული ძალთა გადაადგილებაც მოხდეს".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |