"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

კოტო ისევ დაუმარცხებელია

კახა ლომაშვილი

მიგელ კოტო აგრძელებს თავის დაუმარცხებელ სვლას და მეტოქეებს სასტიკადაც უსწორდება, რის გამოც სულ უფრო მეტი გულშემატკივრის გულს იგებს. პუერტო რიკოელი ვისაც შეხვდა, ჯერჯერობით ყველა ერთი თავით დაჯაბნა. კოტოს მორიგი მსხვერპლი მექსიკელი ალფონსო გომესი იყო, რომელსაც პუერტო რიკოელმა ხუთ რაუნდში მოუთავა საქმე და ნახევრადმძიმე წონაში თავისი ციფ-ს ტიტულიც შეინარჩუნა.

კოტოსთვის ეს რიგით უკვე 32-ე გამარჯვება გახლდათ, რომელთაგან 26-ში მან ნაადრევად დაასრულა ბრძოლა და ნოკაუტებით იხეირა.

გომესმა მხოლოდ პირველ რაუნდში შეძლო მეტ-ნაკლებად თანაბრად ბრძოლა, რის შემდეგადაც მისი გალახვა დაიწყო. კოტომ მექსიკელი პირველად ფიცარნაგს მეორე რაუნდში ჩაახუტა, შემდეგ მესამეში კიდევ ერთხელ დააგდო ძირს. ამის შემდეგ პუერტო რიკოელი უფრო ერთობოდა რინგზე, ვიდრე იბრძოდა - ამ თამაშ-თამაშში კი გომესი გვარიანად გაილახა. განსაკუთრებით სასტიკად მექსიკელს მეხუთე რაუნდში მოხვდა, როცა კოტომ 96-ჯერ მოიქნია მუშტი და აქედან 61 (!!!) ზუსტად მოახვედრა მიზანში. გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ ამ რაუნდის ბოლოს გომესი კიდევ ერთხელ დაენარცხა ფიცარნაგს.

საბოლოოდ გომესი ექიმმა დაინდო და მეექვსე რაუნდის დაწყებამდე მსაჯს ანიშნა, ეს ბრძოლის (თუ ამას ბრძოლა ერქვა - უფრო ეგზეკუციას ჰგავდა) გამგრძელებლი აღარ არისო და რეფერიმაც კოტოს ტექნიკური ნოკაუტით მოგება ჩაუთვალა.

"ექიმმა მითხრა, მარჯვენა თვალიდან ხეირიანად ვეღარ იხედები და ამიტომ რინგზე გასვლა აღარ შეიძლებაო, თორემ მე მზად ვიყავი ბრძოლის გასაგრძელებლად" - ყველას გასაკვირად ეს განაცხადა პრესკონფერენციაზე ალფონსო გომესმა.

ისე, მექსიკელის გადამკიდე, კიდევ კარგი იმ ექიმს ჭკუა ეყო და ბრძოლა შეაწყვეტინა რეფერის, თორემ კოტოს ამდენ რტყმევაში გომესი ალბათ შემოაკვდებოდა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com