|
|
"სარბიელი"
მარგალიტივით მარგარიტო
კახა ლომაშვილი
ხომ გაგიგონიათ, სულელი ვერც სხვის შეცდომაზე სწავლობს და ვერც თავისაზეო. ეს გამოთქმა ზედგამოჭრილია პუერტო რიკოელ მოკრივე კერმიტ ცინტრონზე, რომელიც ჭკუას ვერც საკუთარი მწარე გამოცდილებიდან სწავლობს, რაც გასულ უქმეებზე ანტონიო მარგარიტოსთან მატჩ-რევანშისას დამტკიცდა. ეს უკანასკნელი საერთოდ იმითაა ცნობილი, რომ ახლო ბრძოლისას განსაკუთრებით სახიფათოა, რადგანაც სწრაფი რეაქციაც აქვს და დარტყმების მშვენიერი არსენალიც გააჩნია. ეს ცინტრონმა საკუთარ თავზე 2005 წელს გამოსცადა, როცა მარგარიტომ მეხუთე რაუნდში დაანოკაუტა. შარშან კი პოლ უილიამსმა დაგვანახა თუ რა არის საჭირო მექსიკელის დასამარცხებლად - შორი დისტანციიდან ჩხუბი და ბრძოლის მაქსიმალურად გაწელვა, რადგანაც მარგარიტო ფიზიკური მზადყოფნის მხრივ მოიკოჭლკებს და 12-ვე რაუნდს ერთ დონეზე ვერ ატარებს. აკი სწორედ ამ სტილით წაართვა უილიამსმა ერთი წლის წინ მარგარიტოს ნახევრადმძიმე წონაში ციფ-ს ტიტული. ცინტრონმა ეს ყველაფერი იცოდა, მაგრამ რატომღაც მეტოქეს თავიდანდე ეტაკა და ახლო ბრძოლა გააჩაღა. მარგარიტოსაც მეტი რა უნდოდა და თავიდანვე რომ დაიწყო უტვინო პუერტო რიკოელის გალახვა, მეექვსე რაუნდამდე აღარ გაჩერებულა - აქ კი მექსიკელის მორიგი უმძლავრესი კომბინაციის შემდეგ ცინტრონი ფიცარნაგზე გაიშხლართა. სანამ მსაჯი ათამდე ითვლიდა, მარგარიტო ადგილზე ცქმუტავდა და მეტოქეს თითქოს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ცინტრონი ისეთ დღეში იყო, რომ რეფერის ორასამდეც შეეძლო ეთვალა, წამომდგომი მაინც არ იყო. შედაგად მარგარიტომ ნოკაუტით მოიგო და კვლავაც შემოირტყა საჩემპიონო ქამარი, ოღონც ამჯერად ეს შია-ს ტიტული გახლავთ. ეს ორი ბრძოლა ახალი დამთავრებული იყო, მარგარიტოსა და კოტოს ჯახზე საუბარი რომ დაიწყო - ორივეს ერთი და იგივე პრომოუტერი ჰყავს ბობ არუმის სახით, რომელმაც უკვე განაცხადა კიდეც, ამ ორი ბიჭის დაჯახების სურვილი არ მასვენებსო. იმის გათვალისიწნებით, რომ ორივე ამ მოკრივის ყველა ფინანსურ ოპერაციას ეს გაქნილი კაცი აწარმოებს, არარეალურად სულაც არ მოჩანს ჭორები, კოტო და მარგარიტო ერთმანეთს წლეულს ზაფხულში დაეტაკებიანო.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |