"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

აკაკი ხუბუტია: ასეთი სიმართლით წინსვლა არ იქნება

ილია ნანობაშვილი

ლიტვურ "კაუნასში" სამი ქართველი ფეხბურთელიდან შარშან-შარშანწინ მხოლოდ აკაკი ხუბუტიას ჰქონდა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემა, ახლა კი ისიც მუდმივად 11 კაცშია ნუკრი მანჩხავა-გივი კვარაცხელიასთან ერთად. ეგაა, ამ ორს მიკროტრავმები აქვთ. ხუბუტია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელიც გახლდათ და ასაკით ახლაც უწევს პეტარ სეგრტის გუნდში თამაში, თუმც კარგა ხანია, აღარ გამოუძახებიათ. 22 წლის ტანმაღალმა მცველმა ნაწყენმა გველაპარაკა, უსამართლოდ მექცევიანო..."თუ ასეთი "სიმართლით" სურთ ქართული ფეხბურთის წინსვლა, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ... რა კრიტერიუმით უნდა გამოიძახო ფეხბურთელი ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებში, დავიჯერო, ეს არ იციან. არა მგონია, ჩემი გამოძახება-არგამოძახების ამბავს მხოლოდ სეგრტი წყვეტდეს, მეტს აღარაფერს ვიტყვი".

ხუბუტიამ თითზე ჩამოსათვლელი მატჩები ჩაატარა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში და 2 გოლიც გაიტანა...

"თურმე ეს არაფერს ნიშნავს. მეტი რა უნდა გამეკეთებინა, საერთოდ უშეცდომოდ დღეს არავინ თამაშობს... უკვე სიმწრით მეცინება, ისეთ რამეებს ვიგებ - თუ არ სჯერათ, ინტერნეტში ნახონ, ლიტვის უძლიერესი გუნდის ძირითადში ვთამაშობ, სადაც ლეგიონერებისთვის ძალიან ჭირს მოხვედრა ლიმიტის გამო. მით უმეტეს, ახალგაზრდა ვარ და თანაც, ჩემს პოზიციაზე სერიოზული კონკურენციაა. ლიტველები გაკვირვებულები მეუბნებიან, ადრე "ვილნიუსში" ყოფნისას გიძახებდნენ ნაკრებში და ახლა "კაუნასში" რატომ ვერ გამჩნევენო. რა უნდა ვუპასუხო, ახალგაზრდებზე კეთდება აქცენტი-მეთქი. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში ბოლო 10-15 წუთი რომ თამაშობენ, ის ფეხბურთელები ნაკრებში არიან, მე კი თურმე სადღაც ყირგიზეთში თუ ტაჯიკეთში ვთამაშობ..."

აკაკის "კაუნასის" ამბიციებზეც ვკითხეთ და გვითხრა, ლიტვაში წლეულსაც ჩვენ ვითვლებით მთავარ ფავორიტებად, მაგრამ სხვა გუნდებიც მოყოჩაღდნენ და შესაძლოა, შარშანდელივით ხუთი ტურით ადრე ვეღარ გავხდეთ ჩემპიონებიო.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com