"სარბიელი"
# 85
ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2008 წელი

დღე, ადგილი და  ხალხი დათქმულია შოთა არველაძე ფეხბურთს 3 ივნისს ვარსკვლავთცვენაში დაემშვიდობება

ილია ნანობაშვილი

იმ დროს ესპანეთის პრიმერადივიზიონი დამთავრებული იქნება და ევრო 2008-ის დაწყებამდე ოთხი დღეღა იქნება  დარჩენილი: 3 ივნისს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე შოთა არველაძე ქართველ გულშემატკივრებს დაემშვიდობება!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელს და მეგოლეს უცხოელი ვარსკვლავებიც დააფასებენ - არნახული ვარსკვლავთცვენა იქნება "ეროვნულზე" და ძნელად, ნამდვილ გულშემატკივრს სტადიონისკენ არ გაუწიოს გულმა.

შოთას გუშინ ვალენსიაში რომ დავუკავშირდით, სხვაც ბევრი ვკითხეთ: საქართველოს ნაკრები უმწვრთნელოდაა და გეცოდინებათ, არველაძე თავისი კავშირებით ცდილობს კარგი ვარიანტის გაჭრას - გუშინდელ საუბარში ბევრი სიახლეც გავიგეთ. ისიც, რომ შესაძლოა, შოთა არველაძე ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდეს...

ესპანეთიდან უგოლოდ არ წამოვალ - "ბეტისთან" ბოლო 16 წუთი ითამაშე, კიდევ ექვსი ტური დარჩა პრემიერაში და როგორ ფიქრობ, შემდეგ მატჩებში სრულად თამაშს შეძლებ. - ერთი ტაიმის თამაში შემიძლია. სიმართლე ვთქვა, შეცვლაზე თამაში უფრო ძნელია, თანაც, ამას მაინცდამაინც მიჩვეული არ ვარ.

- "ბეტისთან" სენსაციური მოგება რას მივაწეროთ.

- ფეხბურთია და ხანდახან "ლევანტე" კი არა, უფრო სუსტი გუნდებიც იგებენ. რაც მთავარია, ეს ტრავმა მოვირჩინე და ვთამაშობ. ახლა გოლის გატანაღა დამრჩა მიზნად - ესპანეთიდან ისე არ წამოვალ, ერთი რომ არ გავიტანო.

- ამ ბოლო მატჩში მომენტი არ გქონდა.

- თანაგუნდელს პასი რომ მოეცა, მეკარესთან პირისპირ გავდიოდი. არ მომცა, კარში დაარტყა...

3 ივნისს უმძიმესი

თამაში გვექნება

- ფეხბურთელის კარიერას ასრულებ და 3 ივნისს თბილისში გამოსამშვიდობებელ მატჩს ატარებ - ეს უკვე გადაწყვეტილია.

- დიახ. ამაზე ლამაზი ჩემთვის არაფერია, ქართველ გულშემატკივრებს დავემშვიდობები.

- მატჩი საქველმოქმედო იქნება.

- დიახ. მატჩი ჩემი, არჩილის და რეზის ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მეშვეობით გაიმართება. იმედია, ბევრი მაყურებელი მოვა - კიდევ ერთხელ მინდა გადაჭედილ "ეროვნულზე" თამაში. თანაც, ეს მატჩი კარგი მაგალითი იქნება იმ მხრივ, რომ ამგვარი გაცილებები დაინერგოს. საცოდაობა არ იყო, თემურ ქეცბაიას კვიპროსზე რომ მოუწყვეს გასაცილებელი მატჩი. კიდევ რამდენი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი წავიდა გაუცილებლად...

- საქართველოს ნაკრები უცხოელი ვარსკვლავების წინააღმდეგ: უცხოელებიდან ვისი ჩამოსვლაა გადაწყვეტილი და კიდევ ვის უნდა ველოდოთ.

- რონალდ და ფრანკ დე ბურები, პატრიკ კლუივერტი, ედგარ დავიდსი, შტეფან კლოსი, კრისტიან ნერლინგერი - ამათ უკვე თანხმობა მითხრეს, ანდრეი კანჩელსკისს, ლუიშ ფიგუს, ანდრეი ვორონინს, იარი ლიტმანენს ველაპარაკე და ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩამოვიდეთო. "ლევანტედან" იტალიელ დამიანო ტომაზის ვუთხარი და თუ მანამდე ტრავმას მოირჩენს, აუცილებლად ჩამოვა. კახა კალაძესაც ვთხოვე, იტალიური კავშირებით ჩამოიყვანოს ფეხბურთელები.

- ალბათ, შენთვის ყველაზე ძნელი თამაში იქნება კარიერაში...

- ძნელი კი არა, ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გავძლო უთამაშებლად, მაგრამ დრო მოვიდა და...

ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ. შესაძლოა...

- ახლა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხზეც, რომელიც ჯერ არ გვყავს. ლუის ვან გაალს ბევრი კლუბი ეპატიჟება და...

- ვან გაალი ძალიან ძნელი ვარიანტია. ჯერ არ გადამწურვია მისი იმედი, მაგრამ... ვან გაალს გუშინ ველაპარაკე, 3 ივნისს ჩემს გამოსამშვიდობებელ თამაშზე ჩამოსვლაც ვთხოვე და საქარველოს ნაკრებზეც გადავუკარი სიტყვა. მას ევროპული კლუბები უფრო დიდ თანხას სთავაზობენ და ფინანსური კოზირი ხელიდან გვეცლება. ფულიც რომ არა, ვან გაალმა იცის, რომ კარგი შედეგის ალბათობა სხვაგან უფრო მეტი ექნება, ვიდრე საქართველოში.

- 3 ივნისს აუცილებლად ჩამოვა ვან გაალი თბილისში.

- დიახ. რომ არ ჩამოვიდეს, ხმას აღარ გავცემ. ეს ნახევრად ხუმრობით...

- ვან გაალის გარდა, სხვა მწვრთნელებსაც ელაპარაკე ნაკრების საკითხზე...

- ჰო, მაგრამ გვარებს ჯერ ვერ გეტყვით, ჩემგან არაკორექტული იქნება.

- და ისინი, თანახმანი არიან ჩვენი ნაკრების გაწვრთნაზე.

- უარი არავის უთქვამს. მთავარია, ფედერაციის ხელმძღვანელები მათთან მორიგდნენ.

- ბევრი ლაპარაკობენ, შესაძლოა, ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი შოთა არველაძე იყოსო...

- შესაძლოა...



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com