|
|
"სარბიელი"
ძოძუაშვილის კლუბს გარიგება დაუმტკიცდა ვინ იყო შემკვეთი?
მიხეილ ჟორჟოლიანი
ყაზახური კლუბი ყარაგანდის "შახტიორი" სკანდალში გაეხვა. იქნებ ეს ფაქტი ჩვენთვის საინტერესო არც ყოფილიყო, მაგრამ ყარაგანდული გუნდის მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილია, გიორგი მელქაძე და ლაშა ნოზაძე კი - ფეხბურთელები. ამ სკანდალზე ერთ-ერთი ყაზახური გაზეთი წერდა, უფრო სწორად, საფეხბურთო კლუბ კოკჩეტაუს "ოკჟეტპეს" პრეზიდენტ მარატ ოსპანოვის განცხადება იყო დაბეჭდილი, რომლის თანახმადაც "შახტიორის" სპორტულმა დირექტორმა ვლადიმირ ნიდერგაუსმა "ოკჟეტპეს" მთავარ მწვრთნელ ვიაჩესლავ ლედოვსკიხს გარიგებული მატჩის ჩატარება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო და ლედოვსკიხმა ყველაფერი კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა. ოსპანოვის განცხადების თაობაზე ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და ნიდერგაუსს 3 წლით აუკრძალა ფეხბურთში საქმიანობა, შემდგომში განმეორებითი მცდელობის შემთხვევაში კი საერთოდ ჩამოაშორებენ ფეხბურთს. კლუბი კი 600 000 ტენგეთი (7212 ლარი) დაჯარიმდა. ამ სასჯელით გაკვირვებულნი და გაოცებულნი დარჩნენ ყაზახი ჟურნალისტები: "ნიდერგაუსი საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა და კლუბის ინტერესებს არ იცავდაო.!" სადისციპლინო კომიტეტმა გასაპროტესტებლად 10-დღიანი ვადა დათქვა. ცნობისთვის: "შახტიორ" - "ოკჟეტპეს" მატჩი ყარაგანდელებმა 2:1 მოიგეს მსაჯის მიერ წამატებულ წუთებზე გატანილი გოლით.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |