|
|
"სარბიელი"
სანტოსი ზესტაფონს ინტერნეტით ქომაგობდა ნუკრი ლოლაძე
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურში "ზესტაფონში" კვლავ გამოჩნდა ბრაზილიელი მცველი ედსონ სანტოსი, რომელიც შარშან ივლისში ოჯახთან ერთად სკანდალურად აიბარგა საქართველოდან და ბოლო დღეებამდე აქეთ პირი აღარ უქნია. ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში ითქვა, რომ სანტოსი "ზესტაფონს" დაუბრუნდებოდა და ანთალიაშიც გაჰყვებოდა შეკრებაზე, მაგრამ მაშინ ასე არ მოხდა. ახლა კი ბრაზილიელი ზესტაფონშია და თემურ მახარაძემ "ბორჯომის" წინააღმდეგ თამაშის საშუალებაც მისცა. გუშინ სანტოსს ზესტაფონში შევეხმიანეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ. გასაგებ მიზეზთა გამო სანტოსთან იმ ძველ, ავადმოსაგონარ ამბავზე სიტყვაც არ დაგვიძრავს... - საქართველოდან ივლისში წახვედი. ეს თვეები უქმად იყავი თუ ვარჯიშობდი სადმე. - ქალაქ სანტა კატარინას გუნდში ვვარჯიშობდი. ეს გუნდი ბრაზილიის ჩემპიონატის მეორე ლიგაში გამოდის. რა თქმა უნდა, ფორმის შესანარჩუნებლად სათამაშო პრაქტიკაა საჭირო, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ვარჯიში არ დამიკლია. - "ზესტაფონის" ამბებს იგებდი. - ინტერნეტით. კლუბის ვებგვერდზე შევდიოდი და ჩემ არყოფნაში გატანილი ყველა გოლი ნანახი მაქვს. - აქ დაბრუნებულს გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც დაგხვდა. მათზე რას იტყვი. - არ არის დიდი ხანი, რაც ერთად ვვარჯიშობთ, თუმცა პერსპექტიული ახალგაზრდები კი ჩანან. - თემურ მახარაძემ "ბორჯომთან" რამდენიმე წუთით გათამაშა და ხომ არ გაგიჭირდა. - უკვე ორი ბურთით ვიგებდით და ამან ფსიქოლოგიური ტვირთი მომიხსნა. ახლა ჩემი მთავარი ამოცანა ძირითადში ადგილის დამკვიდრებაა. - როგორ ფიქრობ, "ზესტაფონს" ჩემპიონობის შანსი დარჩა. - თბილისის "დინამოს" 6 ქულით ჩამოვრჩებით და ამის აღმოფხვრა რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, ფეხბურთში ხომ ყველაფერი ხდება. - "დინამოსთან" სათასო დაპირისპირებაზე რას იტყვი. პირველი შეხვედრა თბილისში 1:1 მორჩა... - ჩემი აზრით, 99 პროცენტით ფინალში "ზესტაფონია". - და ალბათ თასის აღებაზეც ფიქრობთ... - ჯერ ფინალში გავიდეთ და ამაზე მერე ვიტყვი. - "ზესტაფონთან" კონტრაქტი ოქტომბერში გიმთავრდება. რას აპირებ. - ამაზე ჯერ არ მიფიქრია, ახლა მთლიანად მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |