|
|
"სარბიელი"
დინამოს ერთგული ხარიხა: რა ნახა მცხეთაში პირველად დუშან უჰრინმა
ილია ნანობაშვილი მცხეთიდან
ნამატჩევს "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთი ფეხბურთელი დაძმარებული თანაგუნდელების დასაწყნარებლად ამბობდა, კარგით, "სტოპიატში" ხომ მაინც მოვუგეთო... დიახ, ლუკა რაზმაძემ სამჯერ აახმაურა "დინამოს" კარის ხარიხა - აქედან ორჯერ საჯარიმო დარტყმით, ერთხელ კი პენალტით. ჰო! პენალტზე გავჩერდეთ და ამ გუნდების პირველი წრის მატჩი გავიხსენოთ, სადაც "ვიტ ჯორჯიამ" სწორედ რაზმაძის ბოლო წუთებზე გატანილი თერთმეტმეტრიანით 1:0 მოიგო. და ისტორია მისხალ-მისხალ მეორდებოდა, მაგრამ ვიტელთა 7 ნომერი გუშინ მარცხენა ფეხზე ამდგარიყო. სწორედ ამ 81-ე წუთს მოჰყვა დიდი შფოთი: პაატა დათუნაიშვილს საჯარიმოში ოდნავ დაქაჩეს და ისიც წაიქცა, მსაჯმა კი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი, რასაც დინამოელთა ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა. პირდაპირ ვითქვათ, რომ საეჭვო თერთმეტმეტრიანი იყო, მაგრამ ამას წინ უძღოდა (და მერეც მოჰყვა) მსაჯის ცოტათი უცნაური გადაწყვეტილებები, მატჩის სადავეები თითქოს გაქცეული ჰქონდა და რამდენჯერმე დინამოელები საეჭვოდ დააჯარიმა. სტუმართა ფეხბურთელებიც ძალიან ხმაურიანად არა, მაგრამ შიგა და შიგ გამოთქვამდნენ პროტესტს, აი, პენალტი კი ცეცხლზე ნავთის დასხმასავით იყო. მსაჯი ლევან კვარაცხელია გახლდათ... მოკლედ, "ვიტ ჯორჯიამ" ვერ გამოიყენა დიდებული შანსი, მაგრამ ემოციები არ დამცხრალა: ცოტა ხანს თამაშიც გაჩერდა, რაკიღა კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი აუფრიალა გიორგი მერებაშვილს, რომელიც ირაკლი კლიმიაშვილის გაფრთხილებას ითხოვდა ხელით თამაშისთვის. ამას კიდევ მოჰყვა პროტესტი, თუმც მერე თამაში გაგრძელდა და ალექსანდრე კვახაძის გაძევების გარდა, საინტერესო აღარაფერი მომხდარა. არადა, სატურნირო ცხრილის დაძაბვა გენახათ, "ვიტ ჯორჯიას" რომ მოეგო... ასე კი "დინამომ" 4-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა, თუმც ახლა უკვე ორი მდევარი ჰყავს - ვიტელებს "ზესტაფონი" გაუთანაბრდა ქულებით. დუშან უჰრინის გუნდს მეგოლე მიხეილ ხუციშვილი აკლდა, ვის ნაცვლადაც ძირითადში გაბონელი ჟორჟ აკირემი გაამწესეს, მერებაშვილმა უკანდაწეულ თავდამსხმელად ითამაშა, მათე ვაწაძე კი მერებაშვილის პოზიციაზე, მარცხენა შემტევად დააყენა ჩეხმა მწვრთნელმა. ძირითადში გახლდათ გურამ კაშიაც, ვინაც დაცვის მარცხენა ფლანგზე დაიკავა ადგილი - ეტყობა, რომან დობეშით და ოლეგ გველესიანით არცთუ კმაყოფილია უჰრინი. "ვიტ ჯორჯიას" თავკაცმა ნესტორ მუმლაძემ კი ამ სეზონის აღმოჩნდა კლიმიაშვილი შესვენების შემდეგ ჩართო თამაშში, წინ კი ვასილ ღუჭაშვილი ჰყავდა და უნდა ითქვას, "კუმანამ" მაგრად იმუშავა, ხშირად იგებდა მაღალ ბურთებს და დაცვაშიც ჩადიოდა. მე-19 წუთზე პირველი საგოლე მომენტი ვიხილეთ, როცა რაზმაძის საჯარიმო ხარიხას მოხვდა, დინამოელთა მეკარე დიდიე ოვონომ რეაქციაც ვერ მოახერხა, ასხლეტილ ბურთს კი ღუჭაშვილი ამატებდა თავით, თუმც დინამოელმა მცველებში იყოჩაღეს. შეტევა გაგრძელდა და ოვონოს ამჯერად კი დასჭირდა გრძელი ხელების ამუშავება - გიორგი მელქაძის ახლოდან დარტყმული მოიგერია. დიდი რისკის თამაში იყო და პირველ ტაიმში ორივე გუნდი ფრთხილობდა, განსაკუთრებით კი "დინამო". ვიტელები უფრო აქტიურობდნენ და სტუმრები ხშირად ჯგუფური ართმევაზე მიდიოდნენ, უმალ ერთ კაცთან სამი ჩნდებოდა და ხიფათამდე საქმე არ მიდიოდა. აი, ზედ ტაიმის წინ კი აკირემის პასის შემდეგ მერებაშვილი პირისპირ გავიდა გრიგოლ ბედიაშვილთან, თუმც უხარისხო მოედანმა დააღალატა და ძალიან უხეიროდ დაარტყა - კარს გადააცილა ბურთი. მეორე ტაიმის დასაწყისში რაზმაძემ მეორედ მოარტყა ხარიხას, მერე კი დინამოელ დავით ოდიკაძეს მიეცა კარგი შანსი, როცა ბედიაშვილის მოგერიებულ ბურთს კარგად ვერ დაამატა - ხუთიოდ მეტრიდან კუთხეში მეკარეს ვეღარ ააცილა ბურთი. რაც დრო გადიოდა, სტუმრები უფრო კარგად ჯდებოდნენ დაცვაში, "ვიტ ჯორჯიამაც" მძლავრად შეუტია, შეცვლაზე შესულმა ჯაბა ლიპარტიამაც უფრო გაამძაფრა მასპინძელთა იერიშები. ერთ მომენტში კი მძიმე ტრავმის გადაურჩა - კარიდან გამოსულმა ოვონომ ბურთის მოგერიებისას ფეხი მოარტყა თავში და ჯაბასაც სისხლი წასკდა. ეს დაახლოებით ორი წუთით ადრე, სანამ პენალტი დაინიშნებოდა და რაზმაძე ბედისწერას მოარტყამდა ბურთს. ხარიხამ "დინამოს" ბოლომდე უერთგულა...
სტადიონის დაცვის თანამშრომლებმა საპრესკონფერენციო დარბაზში არ შეგვიშვეს. ასევე უარით გაისტუმრეს "დინამოს" მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე, რომელიც მატჩის დამკვირვებელთან აპირებდა შეხვედრას. სხვა რა გზა იყო, ორივე გუნდის მწვრთნელს დარბაზის გარეთ გავესაუბრეთ... დუშან უჰრინი: 35 წელია, მწვრთნელი ვარ და ამგვარი მსაჯობა პირველად ვნახე. აღშფოთებული ვარ. მინდორი არ ვარგოდა და ამიტომ ჩვენი თამაში ვერ მოვახვიეთ თავზე მეტოქეს. ნესტორ მუმლაძე: დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იყო. მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს, ბევრი იბრძოლეს, მაგრამ ეს ფეხბურთია, ხან გაგიღიმებს ბედი, ხან - არა. ფარ-ხმალს არ დავყრით, კიდევ დაგვრჩა შანსები და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის. მსაჯობა ნორმალური იყო, მათ შეცდომებს გავლენა არ მოუხდენიათ შედეგზე.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |