"სარბიელი"
# 88
შაბათი, 19 აპრილი, 2008 წელი

ერთი წელიც მაცალეთ

ვაჟა ხუციშვილი

"ვერდერის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა დიეგომ განაცხადა, რომ სულ მცირე კიდევ ერთი სეზონით ბუნდესლიგაში დარჩება. "ვერდერისგან" დავალებული ვარ, რადგან ამ გუნდმა თავის გამოჩენის შანსი მომცა და ეროვნულ ნაკრებშიც აქ კარგი თამაშის წყალობით დავიმკვიდრე ადგილი. ბრემენში ცხოვრებით კმაყოფილი ვარ და კლუბთან კონტრაქტი სამ წელიწადში მიმთავრდება, თუმც არ ვიცი, დავრჩები თუ არა "ვერდერში" ამ ვადის ბოლომდე" - თქვა ბრაზილიელმა.

ლი და ალანი

"რეინჯერსის" მეკარე ალან მაკგრეგორი და ნახევარმცველი ლი მაკკალოხი "ფიორენტინასთან" უეფას თასის ნახევარფინალურ მატჩებს გამოტოვებენ. ორივე ფეხბურთელი გასულ ოთხშაბათს "სელტიკთან" მატჩში დაშავდა. მეკარე პირველ ტაიმშივე შესაცვლელი გახდა, მაკკალოხმა კი შეხვედრა ჩაამთავრა და მერე გაირკვა, რომ სამკვირიანი მკურნალობა მოუწევს. ალან მაკგრეგორიც დაახლოებით ამდენივე ხნით დააკლდება გუნდს, რომელიც "იებს" 24 აპრილს უმასპინძლებს. საპასუხო მატჩი 1 მაისს გაიმართება.

სამი მილიონი ევრო ევროსთვის

პოლონეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემთხვევაში 3 მილიონ ევროს აჩუქებენ. კაცზე თითქმის 130 ათასი გამოვა. ჯგუფურ ეტაპზე ერთი მოგება ფედერაციამ ნაკრებს 400 ათასად შეუფასა, ფრეზე კი ამის ნახევარს მიიღებენ. მეოთხედფინალში გასვლისთვის 800 ათასს უბოძებენ, ხოლო თუ ნახევარფინალში გააღწევენ - 1,2 მილიონს.

წითელ-ყვითელი ლექცია

12 მსაჯს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე "დაუსტვენენ", უეფაში ოთხდღიანი ლექცია ჩაუტარეს. თემა გახლდათ უხეშობა და სასჯელი. მათ დაავალეს, რომ ნებისმიერ აშკარა უხეშობას წითელი ბარათით უპასუხონ და იდაყვის ჩარტყმაც ასევე უნდა დაისაჯოს. გარდა ამისა მსაჯებს უბრძანეს, ეგრევე ყვითელი ბარათი უჩვენონ მათი გადაწყვეტილების გამპროტესტებლებს, "ცოცხალი კედლიდან" ნაადრევად გამოვარდნილებს და თაღლითებს, რომლებიც არბიტრთა მოტყუებას ეცდებიან.

ვაჟა ხუციშვილი

ლუკა ტონის მისამართი:

საჯარიმო მოედანი #...

ჯერ არასოდეს მომხდარა, რომ გერმნულ კლუბს ერთ სეზონში სამი ჯილდო - ბუნდესლიგა, ქვეყნის და ევროთასი - მოეგოს, მიუნხენის "ბაიერნი" კი სწორედ სამივეს მოხვეჭას აპირებს.

გერმანიის თასის ფინალში, რომელიც დღეს ბერლინში გაიმართება, ერთმანეთს "ბაიერნი" და "დორტმუნდი" დაეჯახებიან.

ჩემპიონატის პირველ წრეში ამ გუნდების დორტმუნდული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, მიუნხენში კი გასულ კვირას, 13 აპრილს ითამაშეს და ოტმარ ჰიცფელდის გუნდმა თომას დოლის შეგირდები შეარცხვინა - 5:0.

სტუმართა კარში ხუთიდან ოთხი გოლი მატჩის დაწყებიდან 22 წუთში შევარდა და მათგან ორი ლუკა ტონიმ მიითვალა.

სამი დღის წინ ბუნდესლიგაში მორიგი ტური შედგა - "ბაიერნმა" სტუმრად "აინტრახტს" 3:1 სძლია, ხოლო "დორტმუნდი" შინ "ჰანოვერთან" ასეთივე ანგარიშით დამარცხდა.

მოკლედ, თომას დოლის გუნდმა ზედიზედ ორ ტუში რვა გოლი გაუშვა და რა უნდა მოიფიქროს მწვრთნელმა რამდენიმე დღეში, რათა "ბაიერნს" გაუმკლავდეს.

მთავარი მეკარე რომან ვაიდენფელერი ტრავმირებულია, მისი შემცვლელი მარკ ციგლერიც "ჰანოვერთან" შეხვედრის წინ დაშავდა და დარჩა 20 წლის მარსელ ჰიოტეკი, რომელსაც თასის ფინალები ტელევიზორში ან ტრიბუნიდან თუ უნახავს.

აი, ასეთი "დორტმუნდი" უნდა ეთამაშოს გამხეცებულ "ბაიერნს" და გადარეულ ლუკა ტონის, ვინაც ბოლო სამ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და ოლივერ კანს ათქმევინა, ტონი ამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდიაო.

ასეცაა, რადგან ამ სეზონის ყველა ტურნირში იტალიელმა 40 მატჩში 33 (!) გოლი შეაგდო.

"ტონის სახლი საჯარიმო მოედანია - თქვა მეკარემ - მცველების გადამჯეგავია და სულ მცირე შანსი ჰყოფნის გასატანად. ცხრა თვეში იმდენი მოასწრო, რომ აუცილებლად შევა "ბაიერნის" ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე".

ოლივერ კანისთვის ეს იქნება ქვეყნის თასის ბოლო ფინალი, რადგან ვეტერანი კარიერას ასრულებს და ტონიც, თავის მხრივ ჯილდოს შეპირდა.

"კანს ბევრი ტიტული მოუგია და ძალიან მინდა, რომ კარიერის დასასრულს გერმანიის თასი მეექვსედ აღმართოს. ჩვენ თავს არ დავზოგავთ, რათა კიდევ ერთხელ გავახაროთ" - განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონმა, რომლის ნაკრებმაც ორი წლის წინ ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" ფინალში საფრანგეთი დაამარცხა.

"ეს სტადიონი კარგად მაქვს დაცდილი. როცა მოედანზე გადიხარ და თასს ხედავ, ფიქრობ, ვინ იცის, ეგებ მატჩის შემდეგ ეს თასი ჩემს ხელში აღმოჩნდეს. თუმც სანიოლს და რიბერის "ოლიმპიაშტადიონი" კარგად არ გაახსენდებათ" - კბილი გაჰკრა ტონიმ ფრანგ თანაგუნდელებს.

"ბაიერნს" 1999 წელსაც ჰქონდა სამი ჯილდოს მოგების შანსი. მაშინ ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა თასის ლეგენდარულ ფინალში "მანჩესტერთან" დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ კი ქვეყნის თასზე "ვერდერთანაც" წააგო.

"დორტმუნდთან" ფინალი ჩემთვის განსაკუთრებული იქნება - განაცხადა ოტმარ ჰიცფელდმა - საკლუბო ფეხბურთში აღარასოდეს ვიმუშავებ და მინდა, რომ გერმანიის თასი კიდევ ერთხელ აღვმართო".

ჰიცფელდმა ექვსი წელი შეალია "დორტმუნდს", 1997 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა და ამის შემდეგ გადავიდა "ბაიერნში".

"დორტმუნდს" ბუნდესთასი ორჯერ მოუგია, ბოლოს - 1989-ში, "ბაიერნმა" კი ეს ჯილდო 13-ჯერ დაისაკუთრა.

* *

გერმანიის თასის ყველა მფლობელი

ბაიერნი 13

ვერდერი 5

შალკე 4

კიოლნი 4

აინტრახტი 4

ნიურნბერგი 4

ჰამბურგი 3

ბორუსია (მიონხენგლადბახი) 3

შტუტგარტი 3

ფორტუნა (დიუსელდორფი) 2

კაიზერსლაუტერნი 2

კარლსრუე 2

ბორუსია (დორტმუნდი) 2

დრეზდნერი 2

მიუნხენ 1860 2

ბაიერი (ლევერკუზენი) 1

როტ ვაისი (ესენი) 1

ბაიერი (იურდინგენი) 1

ჰანოვერი 1

ლაიპციგი 1

ოფენბახი 1

რაპიდი (ვენა) 1

ესენერი (შვარც-ვაისი) 1

ფიორსტ ვიენა 1

შენიშვნა: 1938 წელს ავსტრიულმა ვენის "რაპიდმა" მოიგო გერმანიის თასი, ხოლო 1943 წელს ასევე ავსტრიულმა "ფიორსტ ვიენამ" იმარჯვა

* *

გერმანიის თასის უიღბლო ფინალისტები

შალკე 7

კიოლნი 6

კაიზერსლაუტერნი 5

ფორტუნა (დიუსელდორფი) 5

ჰამბურგი 3

ვერდერი 3

ალემანია 3

დუისბურგი 3

კარლსრუე 2

შტუტგარტი 2

ბორუსია (მიონხენგლადბახი) 2

ნიურნბერგი 2

აინტრახტი 2

ბაიერნი 2

ბოხუმი 2

ჰერტა 2

როტ ვაისი (ესენი) 1

ბაიერი (ლევერკუზენი) 1

ბორუსია (დორტმუნდი) 1

ბორუსია (ნოინკირხენი) 1

კოტბუსი 1

ფორტუნა (კიოლნი) 1

ფრანკფურტი 1

ჰერტა (მოყვარულები) 1

დთმ ჰამბურგი 1

შტუტგარტერ კიკერსი 1

უნიონი (ბერლინი) 1

ვალდჰოფი (მანჰაიმი) 1

ვოლფსბურგი 1



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com