|
|
"სარბიელი"
შეურაცხმყოფელი სიტყვების სიძვირე
კახა შალამბერიძე
ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ყარაგანდის "შახტიორის" მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი 600 000 ტენგეთი (დაახლოებით 7 000 ლარი) დასაჯა. "საფეხბურთო კლუბ "შახტიორის" მთავარ მწვრთნელ რევაზ ძოძუაშვილს დაეკისროს 600 000 ტენგეს გადახდა, საჯარო შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებიც ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციისა და სამსაჯო-საინსპექტორო დეპარტამენტის ღირსებას ლახავენ. აღნიშნული თანხა ძოძუაშვილმა 29 აპრილამდე უნდა გადაიხადოს" - ნათქვამია სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებაში. ყაზახური "სპორტის" ცნობით, ქართველ მწვრთნელს შეურაცხმყოფელი განცხადებები ალმატის "მეგასპორტთან" 0:1 წაგებული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაუკეთებია: "ჩემი გუნდი 90 წუთის განმავლობაში შეშინებული თამაშობდა. ჩემს შეგირდებს მეტოქის ფეხბურთელებთან მიახლოებისაც ეშინოდათ, რადგან მსაჯი მაშინვე გამოგონილ ჯარიმებს ნიშნავდა. მსგავს ვითარებაში, მწვრთნელებს მუშაობა გვიჭირს, რადგან ჩვენი ფეხბურთელები მოწინააღმდეგეს ხუთ მეტრზე ახლოს აღარ ეკარებიან. ამ თამაშისა და მსაჯობის ყურება, უბრალოდ, სამარცხვინოა. აი, აქეთ არის მიმართული ყაზახური ფეხბურთი" - ეს სიტყვები დაუჯდა ძოძუაშვილს ძვირად.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |