|
|
"სარბიელი"
მწვრთნელები ყოველთვის წაგებულები ვართ: რევაზ ძოძუაშვილი: არც ეშმაკებთან მაქვს კავშირი და არც მსაჯებთან
გიორგი კაკაბაძე
ყარაყანგის "შახტიორი" დიდ სკანდალში რომ გაეხვა, გეცოდინებათ. ქართველი მწვრთნელის რევაზ ძოძუაშვილის გუნდს "ოკჟეტპესთან" თამაშის გარიგების მცდელობა დაუმტკიცდა და ამან ყაზახეთში დიდი ხმაური გამოიწვია. ძოძუაშვილს იქაურმა ჟურნალისტმა საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, რასაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ...- "შახტიორი" მერამდენე გუნდია თქვენს სამწვრთნელო კარიერაში. - მიჭირს გამოთვლა. მოთამაშის კარიერა 1976 წელს დავასრულე. თბილისის სკა-ში პირველ წრეში ფეხბურთელი ვიყავი, მეორეში კი მწვრთნელი გავხდი. იქიდან მოყოლებული, თითქმის პაუზის გარეშე ვმუშაობ, სულ 3-4 თვე თუ მექნება გამოტოვებული. ხან კლუბებს ვწვრთნიდი, ხანაც ნაკრებებს - ვმუშაობდი საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და ბალტიისპირეთში. აი, ასეთი გამოცდილება მაქვს. წაიკითხეთ ჩემი დოსიე, იქ ყველაფერი ნაჩვენებია, თუ სად მიმუშავია და ყველაზე მთავარი, თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ კლუბს, რომელიც ჩავიბარე და ცხრილში დაქვეითდა. სულ მცირე, ხუთი საფეხურით წინ ვიწევდით, მაგალითისთვის "შახტიორიც" გამოდგება - მოვედი გასული სეზონის შუაში, დამიყენეს მოთხოვნა, რომ გავსულიყავი მესამეზე და ამ შემთხვევაში გავაგრძელებდი მუშაობას. ეს მოვახერხე. ახლა ვნახოთ, რა იქნება წლეულს... - რომელ გუნდთან ერთად მოახერხეთ ყველაზე კარგი შედეგის ჩვენება. - ლატვიის ნაკრებთან. ბევრი ძლიერი გუნდი დავამარცხეთ, არც საქართველოს ნაკრებში მიმუშავია ცუდად. თბილისის "დინამო" კი რამდენჯერმე გავხადე ჩემპიონი - ეს ხომ რაღაცას ნიშნავს. ვფიქრობ, რუსეთშიც არ მიმუშავია ცუდად, ჩავიბარე დაშლილი "ალანია", პირველ ტურში სამეულში ვიყავით, შემდეგ კი კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მე ძვირი კონტრაქტი მქონდა და იქედან წამოსვლა მომიხდა. - დღევანდელი "შახტიორი" ჰგავს იმ "დინამოს", რომელთან ერთადაც ჩემპიონობა მოიპოვეთ. - იმ გუნდს ორი წელი ვაკეთებდი და ამის შემდეგ მოვიპოვეთ ოქროს მედლები. "თანამეგობრობის თასზე" კი 21-ე საუკუნის გუნდად გვაღიარეს. მაშინ "დინამოში" თამაშობდნენ არველაძე, ქინქლაძე, ჯამარაული... აქვე მინდა გითხრათ, რომ პირველად კახა კალაძე იტალიის წინააღმდეგ მე ვათამაშე. მაშინ კახა 20 წლის იყო. ჩემთვის მთავარი ის კი არ იყო, რომ მხოლოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი გამეკეთებინა, არამედ მომავლის გზაზე დამეყენებინა. გაიხსენეთ კობიაშვილი, ჩვენ ის რუსთავში ვიპოვეთ, როცა 16 წლის იყო, გადავიყვანეთ "დინამოში", ახლა კი "შალკეში" თამაშობს... - "შახტიორის" შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების არც ერთი ფეხბურთელი არ არის. რატომ. - რთული კითხვაა. თავის დროზე მე საქართველოში გავაკეთე 21-ე საუკუნის გუნდი, ახლა მინდა, ეს ყაზახეთში გავაკეთო. ადგილობრივ ფეხბურთელებთან ყოველთვის უკეთესია მუშაობა. მათ მწვრთნელის უკეთ ესმით, თუ საჭიროა, ბევრსაც ითმენენ. ჩამოსული ფეხბურთელები მენტალურად მაინც სხვანაირები არიან... - მოდით, გუნდის დაკომპლექტებაზე ვისაუბროთ. როგორ ფიქრობთ, ფეხბურთელებით ჩამორჩებით ქვეყნის ჩემპიონს. - მინდა, რომ თქვენ შეაფასოთ ძოძუაშვილი არა მარტო როგორც მწვრთნელი, არამედ როგორც სელექციონერი. ამ ყველაფერს დრო სჭირდება. აი, რატომ ვიღებ კლუბის პრეზიდენტთან ერთად გადაწყვეტილებას ფეხბურთელთა მოყვანის თაობაზე. მან გააკეთა აქცენტი ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელებზე და ვფიქრობ, ეს სწორია. რისთვის ჩამოვედი ყაზახეთში. საზღვარგარეთ მწვრთნელს შეუძლია, თავისი ფეხბურთელები მიიყვანოს, შეუქმნას კარგი პირობები, როგორღაც შეუთანხმდეს მათ... მაგრამ თქვენ ხომ ხედავთ, რომ არავინ ჩამოგვყავს. მხოლოდ თქვენი ნაკრების ფეხბურთელებს ვიწვევთ. - ამ დროისთვის ყველაზე კარგათ ვინ არის დაკომპლექტებული - "შახტიორი", "ტობოლი" თუ "აქტობე". - დღეს ყაზახეთის ჩემპიონატში არიან გუნდები, რომლებიც "შახტიორზე" უკეთ არიან დაკომპლექტებულნი, მაგრამ ეს დროებითია. შემოდგომაზე ისეთი ფეხბურთელები მეყოლება, ჩემი შეშურდებათ. მწვრთნელისგან ყოველთვის მოგებას ითხოვენ და ასე არ ხდება. გუნდის მომავალზეც უნდა იფიქრო. მე ყოველთვის ახალგაზრდებზე ჩავდიოდი ფსონს და აი, ახლა აღმოვაჩინე ორი ასეთი ფეხბურთელი, რომლებიც მალე ყაზახეთის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერები გახდებიან. შემთხვევითი არაა, ჩვენი დუბლები რომ ლიდერობენ გათამაშებას. - ეს კარგია, მაგრამ დაგვეთანხმეთ, რომ ძირითად გუნდში საქმე კარგად არ არის - პირველ ორ შეხვედრაში მხოლოდ ქულა აიღეთ... - პრობლემები ყველას აქვს. წაგვიგია და მომავალშიც წავაგებთ, რადგან ფეხბურთში სულ ვერ მოიგებ. წაგების გარეშე შეცდომებს ვერ იპოვი. მე რომ მოვსულიყავი და დამეწყო მიყოლებით ყველა მატჩის მოგება, ჩემზე რას იფიქრებდით.! - დაგადანაშაულებდით ეშმაკებთან ან ყაზახეთის სამსაჯო კორპუსთან ახლო კავშირში... - ასეა. "შახტიორი" ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტია, მაგრამ ყველა თამაშს ვერ მოიგებს. ასეთ რამეს მხოლოდ ჭკუათხელი თუ ისურვებს. მსაჯებზეც მოგახსენებთ - შემიძლია, გაჩვენოთ ყველა მატჩის ჩანაწერი და დარწმუნდებით, რომ არც ერთ მატჩში მსაჯები არ მოგვხმარებიან, ერთი სასტვენიც კი არ ყოფილა ჩვენ სასარგებლოდ. - ახლა რა არის "შახტიორის" მთავარი პრობლემა. - მოდით, ავიღოთ "ქაისერთან" პირველი მატჩი. მაშინ აშკარა პრობლემა გვქონდა დაცვაში, რამდენიმე ფეხბურთელი ნემსებით თამაშობდა, ჯორჯევიჩმა საბუთების პრობლემის გამო ვერ ითამაშა... თანაც თურქულ შეკრებიდან დავბრუნდით, იქ სითბო იყო, აქ თოვლი დაგვხვდა და ვარჯიში მხოლოდ დარბაზში შევძელით... - თქვით, რომ ფეხბურთელების უმრავლესობა კლუბის პრეზიდენტ გრიგოლ ლორიას მოყვანილია. პირადად თქვენ ვინ აიყვანეთ. - სერბი მცველი ჯორჯევიჩი. - არ გიჭირთ ლორიასთან მუშაობა. იგი ფეხბურთში კარგად ერკვევა და ამბობენ, მატჩისწინა დარიგებებისაც ლორია აკეთებსო... - ჩვენთან ასეთი სიტუაციაა. მე 30-წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება მიმაგრებს ზურგს. ასაკით ლორიაზე უფროსი ვარ, მალე 63 წლის ვხდები და რას ნიშნავს პრეზიდენტთან ცუდი ურთიერთობა. მე მასთან ვმუშაობ, ვალდებული ვარ, შევეწყო, ვიყო დიპლომატი, წავწიო გუნდი წინ... პრეზიდენტი ხომ არ მასწავლის, კუთხური როგორ ჩავაწოდოთ.! - იმის თქმა გინდათ რომ პრეზიდენტს არასოდეს უთქვამს, ეს ფეხბურთელი დააყენე და ეს არაო. - ეს ჩემთვის მიუღებელია. ასეთი რამ არასოდეს მოხდება. - რა აკლია "შახტიორს", რომ ყაზახეთის ჩემპიონი გახდეს. - მე არ მყოფნის ნახევარი წელი, რათა ეს გავაკეთო. - ესე იგი, დარწმუნებული ხართ გამარჯვებაში. - თუ მომცემენ ამ 6 თვეს, ჩვენ ძალიან ახლოს ვიქნებით ჩემპიონობასთან. მწვრთნელის ბედი ასეთია - ხვალ შეიძლება, მითხრან, რეზო, წადი, ჩვენ არ მოგვწონს, რომ 11:0 იგებ, გვინდა 22:0 მოიგოო, ან მითხრან, რომ მე ძალიან დიდი ხელფასი მაქვს... ფაბიო კაპელომ ხომ ჩემპიონობა მოაგებინა "რეალს", მაგრამ მაინც გააგდეს. ჟოზე მაურინიუც გაუშვეს "ჩელსიდან"... ამ სამსახურში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ჩვენ, მწვრთნელები ყოველთვის წაგებულები ვართ. - ესე იგი, დარწმუნებული ხართ, რომ "შახტიორი" უკვე მზად არის, მოიპოვოს ოქრო. - კი, ზუსტად ასეა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |