|
|
"სარბიელი"
მანჩესტერი ვარსკვლავებს იტოვებს
გიორგი კაკაბაძე
ინგლისური "სანი" იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის ოთხ ვარსკვლავთან ახალ ხანგრძლივ კონტრაქტებს გააფორმებს და ჯამურ ხელფასად 90 მილიონ გირვანქას დაუნიშნავს. ამ ოთხი ფეხბურთელიდან სამთან შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია. ესენი რიო ფერდინანდი, მაიკლ კარიკი და უესლი ბრაუნი არიან. მეოთხე კი კრიშტიანუ რონალდუა. "წითელი ეშმაკები" პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს საბოლოოდ ალბათ ზაფხულში მოურიგდებიან. 26 წლის კერიკი "მანჩესტერმა" 2012 წლამდე დაიბევა და ამბობენ, ამიერიდან კვირაში 50 ათასის ნაცვლად 70 ათას გირვანქას გადაუხდისო. 28 წლის ბრაუნი, რომელიც "ოლდ ტრეფორდის" დატოვებას აპირებდა, გუნდში კიდევ ოთხი სეზონით დარჩება. უესლი ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშე გახლდათ მანკუნიანურ კლუბში, ახლა კი კვირაში დაახლოებით 60 ათასს მიიღებს. "წითელ ეშმაკებში" ოთხი წელი დარჩება ფერდინანდიც. 29 წლის მცველის ყოველკვირეული ხელფასი 120 ათასი გირვანქა იქნება. რაც შეეხება რონალდუს, 23 წლის ფეხბურთელთან მანჩესტერელებს ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურთ და ჯამაგირად კვირაში 150 ათას გირვანქას სთავაზობენ. "უესლი ბრაუნისთვის სხვა გუნდი არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ შეთანხმებას მივაღწევდით და ბრაუნი დარჩებოდა. ძალიან კარგია, რომ ძირითად ბირთვს ვინარჩუნებთ" - თქვა "მანჩესტერის" მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |