|
|
"სარბიელი"
შეფები გრანტს ენდობიან
კოკი კანდელაკი
ლონდონის "ჩელსის" აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ კინიონმა განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ ავრაამ გრანტს სრულად ენდობა და მისი მუშაობით კმაყოფილია. გრანტს, რომელმაც პოსტი გასული წლის სექტემბერში ჟოზე მაურინიუსგან ჩაიბარა, კრიტიკოსები არ აკლია. მით უმეტეს, მას მერე, რაც ლონდონელებმა ლიგის თასის ფინალში "ტოტენჰემთან" წააგეს, ასოციაციის თასიდან სენსაციურად გამოვარდნენ ქვედალიგელ "ბარნსლისთან" შეხვედრაში, ხოლო ახლახან "უიგანთან" ნათამაშები საშინაო ფრის მერე ინგლისის ჩემპიონობის შანსები ერთიორად შეიმცირეს. "კლუბი გრანტის ხელში აშკარად იზრდება და უმატებს. მინდორზე მშვენივრად გამოვიყურებით და შემთხვევითი, თან ძალიან იშვიათი მარცხების გამო განგაშის ატეხვას არ ვაპირებთ. ავრაამს გუნდთან ხანგრძლივი შეთანხმება აქვს და იმედია, კონტრაქტით დარჩენილ სამ წელს მშვიდად და კარგად გავატარებთ. მის მოხსნაზე საუბრის საფუძველს ვერ ვხედავ" - აღნიშნა კინიონმა. მიუხედავად ამისა, თუ "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგაში კვლავ წარუმატებლად ითამაშებს და ვერც ინგლისის ჩემპიონი გახდება, ფანები გრანტის წინააღმდეგ ორმაგი ძალებით მაინც აჯანყდებიან და დიდი შანსია, "ჩელსის" ხელმძღვანელობას მისი გაშვება მაინც მოუხდეს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |