"სარბიელი"
# 88
შაბათი, 19 აპრილი, 2008 წელი

ლევან კვარაცხელიამ მიზანმიმართულად იმსაჯა: დინამო მსაჯის დასჯას ითხოვს

"ლევან კვარაცხელიამ აბსურდული პენალტი დადო. ჩვენი აზრით, ეს იყო მიზანმიმართული მოქმედება. შეცდომა სხვა რამეა" - გვითხრა თბილისის "დინამოს" მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ, რომელსაც გუშინ საღამოს დავუკავშირდით...

- თამაშის შემდეგ ძალიან აღშფოთებული იყავით...

- ცხადია, ასე იყო იმის გამო, რაც მოხდა... ჩვენ კლუბის ბაზაზე მივედით და იქაც ვნახეთ ვიდეოჩანაწერი, სადაც აშკარად ჩანს, რომ პენალტი გამოგონილია. იმედი მაქვს, ამის თაობაზე იმსჯელებენ მსაჯთა კომიტეტში.

- სიმართლე ითქვას, პენალტამდეც იგრძნობოდა, რომ მსაჯის ოდნავი სიმპათია "ვიტ ჯორჯიასკენ" იყო, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამან.

- დიახ, მთელი მატჩის განმავლობაში ვგრძნობდით ზეწოლას...

- მატჩის შემდეგ მატჩის დამკვირვებელთან გსურდათ შეხვედრა, თუმცა არც თქვენ შეგიშვეს ოთახში და არც ჟურნალისტები შეგვიშვეს პრესკონფერენციაზე...

- ასე იყო. რატომღაც ამის უფლება არ მომცეს. ასეთი მიდგომა კარგს არაფერს მოუტანს ქართულ ფეხბურთს.

- "ვიტ ჯორჯიას" ვერგატანილი პენალტის შემდეგ მოედანზე ჩახვედით და სათადარიგოთა სკამთან იყავით, მაგრამ ამის უფლება არ გქონდათ...

- მაგ დროს თამაში გაჩერებული იყო. "დინამოს" სათადარიგოთა სკამზე მწვრთნელ-ფეხბურთელები დავაწყნარე და მალევე ტრიბუნაზე ამოვბრუნდი.

- ეს პირველი მატჩი იყო ამ სეზონში, როცა მსაჯობით უკმაყოფილო დარჩით.

- არა და სწორედ ეს გვსურს, რომ გავარკვიოთ, ვინმე ხომ არ არის დაინტერესებული. პროფლიგაშიც ვიმსჯელეთ ამ საკითხზე - მსაჯი თუ შეცდომებს უშვებს, უნდა დაისაჯოს. შეცდომა ერთია და, როდესაც კლუბის ხელმძღვანელებს აქვს აზრი, რომ მსაჯი მიზანმიმართულად მოქმედებს, ეს აუცილებლად უნდა გახდეს განსჯის საგანი.

- და თუ არავითარი ზომები არ მიიღო შესაბამისმა კომიტეტმა, რას აპირებთ.

- კიდევ მაქვს იმედი, რომ ქართულ ფეხბურთში არიან ძალები, რომლებიც ამ საკითხს განსჯიან. მიტინგებს არ მოვაწყობთ, მაგრამ სადაც ხელი მიგვიწვდება, ყველგან გავიტანთ საკითხს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com