"სარბიელი"
# 88
შაბათი, 19 აპრილი, 2008 წელი

ინგლისი: სელტიკი მთ რეინჯერსი ინგლისურ პრემიერლიგაში

ვაჟა ხუციშვილი

"ჩელსიმ" გუშინწინ მიკაელ ესიენის გოლით მოუგო "ევერტონს" და "მანჩესტერთან" სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, მაგრამ ლიდერს ოთხი მატჩი დარჩა გასამართი, "ჩელსის" კი სამი.

"მანჩესტერი" ხვალ "ბლექბერნს" ეწვევა და დარჩენილ ოთხ ტურში ცხრა ქულა სჭირდება ჩემპიონობის გასანაღდებლად, თუმც მთავარი შეხვედრა 26 აპრილს "ჩელსისთან" სტუმრად ელის.

"ბლექბერნს" უკვე სამი ტურია, არ მოუგია, მაგრამ უეფას თასზე მოხვედრის მცირე შანსი მაინც აქვს. მეგოლე ჯეისონ რობერტსი და ნახევარმცველი დევიდ დანი გამოკეთდნენ. ორივე, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

"მანჩესტერს" ნემანია ვიდიჩი და დარენ ფლეტჩერი დააკლდება, ნანის თამაში კი საეჭვოა.

1998 წლის აპრილის შემდეგ ალექს ფერგიუსონის გუნდმა ბლექბერნში მხოლოდ ერთხელ მოიგო და ეს იყო გასულ სეზონში. მაშინ ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი ლუი საამ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგაში მანჩესტერელებმა 10 თებერვლის მერე რვიდან შვიდ მატჩში იმარჯვეს და ერთი ფრედ დაასრულეს.

საპირისპირო სტატისტიკა აქვს "არსენალს", რომელიც დღეს ელიტაში დასარჩენად მებრძოლ "რედინგს" დაუხვდება. "მეთოფეებმა" ბოლო რვა ტურში მხოლოდ ერთხელ მოიგეს და ამიტომაც გამოეთიშნენ საჩემპიონო რბოლას. დღეს არსენ ვენგერს ერთი საზრუნავიღა დარჩა - მესამე ადგილი უნდა შეინარჩუნოს, რათა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში პირდაპირ მოხვდეს.

"არსენალს" ფლამინი, სანია, ჰოიტი და როსიცკი დააკლდებიან, ხოლო დიაბიმ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და ალბათ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

"ლივერპულთან" მატჩამდე "ფულემის" მცველმა აარონ ჰიუზმა შარშანდელი სეზონი გაიხსენა, როცა "კოტეჯელებმა" რაფაელ ბენიტესის გუნდი ბოლოსწინა ტურში შინ 1:0 დაამარცხეს და პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. "ლივერპულთან" მოგება იოლი არაა, მაგრამ ერთი კვირის წინ "რედინგის" ძლევამ თავდაჯერებულობა შეგვმატა და ვიმედოვნებ, რომ შარშანდელს გავიმეორებთ" - თქვა ჰიუზმა.

ბოლო ორ სეზონში "ფულემმა" "ლივერპულს" შინ ისე მოუგო, გოლი არ გაუშვია.

რაფაელ ბენიტესმა, შესაძლოა, რამდენიმე მთავარი ფეხბურთელი არ ათამაშოს, რადგან სამშაბათს "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი ელის.

ხვალ გაიმართება ბირმინგემული დერბი, თუმც მას შეიძლება "ოლდ ფირმიც" ვუწოდოთ, რადგან "ასტონ ვილას" მარტინ ონილი თავკაცობს, "ბირმინგემს" კი ალექს მაკლიში. პირველი "სელტიკის", ხოლო მეორე - "რეინჯერსის" ყოფილი მწვრთნელია.

გუნდებს ამ სეზონში სხვადასხვა მიზნები აქვთ. ვილელები უეფას თასის საგზურს ეპოტინებიან, ხოლო მათი მეტოქე პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს.

"ბირმინგემს" დისკვალიფიკაციის გამო მცველი დემიენ ჯონსონი დააკლდება, მარტინ ტეილორი კი ტრავმირებულია. ჯეიმს მაკფადენის და სებასტიან ლარსონის თამაში საეჭვოა. სამაგიეროდ, ოლივიე კაპო გამოჯანმრთელდა.

ნიუკასლში კი ჩრდილოული დერბია - "კაჭკაჭები" მეზობელ "სანდერლენდს" უმასპინძლებენ, რომელთანაც უკვე ცხრა მატჩია, არ დამარცხებულან. ბოლოს "სანდერლენდმა" "ნიუკასლს" 2000 წლის 18 ნოემბერს მოუგო.

კევინ კიგანის გუნდი სეზონის ბოლოს მოფერიანდა და პრემიერლიგაში ადგილის გასანაღდებლად სამი ქულაღა სჭირდება. სამ ქულაზე უარს არც "სანდერლენდი" იტყვის, რადგან "შავ კატებსაც" სურთ ელიტაში დარჩენა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com