|
|
"სარბიელი"
იტალია: ჯანი დე ბიაზი ინტერს შეეჭიდება
გიორგი კაკაბაძე
ბოლო ექვსი მატჩიდან "ტორინოს" მხოლოდ ერთი მოუგია და გასავარდნი ზონის სიახლოვესაა, სწორედ ამიტომ გაუშვეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვალტერ ნოველინო და გუნდში ჯანი დე ბიაზი დააბრუნეს, ვინც ჩემპიონობისთვის მებრძოლ "ინტერთან" ეცდება მინი-სასწაულის მოხდენას. "ტოროს" შემადგენლობას მეტ-ნაკლებად საბრძოლო შეგვიძლია ვუწოდოთ, "ინტერს" კი კვლავ არაერთი მოთამაშე დააკლდება, ზოგი ტრავმების მიზეზით, ზოგიც იმიტომ, რომ გადაღლილია და რობერტო მანჩინი მათ ასვენებს. "ნერაძურის" ნამდვილად ვერ დაეხმარებიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პატრიკ ვიეირა, ოლივიე დაკური, ვალტერ სამუელი და ივან კორდობა. ასევე არ იქნება ლუიშ ფიგუც, ექიმების თქმით, პორტუგალიელისთვის სეზონი დასრულებულია, ანუ "ლაციოსთან" თასზე გამართული შეხვედრა მისთვის შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს "ნერაძურის" მაისურით. "მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი, აქ გატარებული პერიოდი ყოველთვის კარგად მახსენდებოდა. "ტორინო" ბრწყინვალე კლუბია, მებრძოლი ხასიათითა და სულისკვეთებით გამორჩეული. მიუხედავად იმისა, რომ იოლი მატჩები არ დაგვრჩა, ძალები უნდა მოვიკრიბოთ და უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ" - თქვა დე ბიაზიმ. "ლივორნო" ბოლო ადგილზეა და ქულები ჰაერივით სჭირდება, მაგრამ "სტადიო ოლიმპიკოზე" ლანგრით არავინ არაფერს რომ არ მიართმევს, ყველას კარგად ესმის. მით უმეტეს, რომ "რომას" სკუდეტოს მოპოვების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. "გლადიატორებს" ალბერტო აკვილანი და მატეო ფერარი ჰყავთ დაშავებული, სტუმრები კი ჯულიანო ჯანიკედასა და დავიდ ბალერის მოისაკლისებენ. ოთხეულში ადგილის გასანაღდებლად სულ ცოტა უკლია "იუვენტუსს" და ტურინელები შეეცდებიან, ამ მიზანს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ, მაგრამ ამისთვის ბერგამოდან სულ მცირე ქულის წამოღება მოუწევთ. "ატალანტას" ლიდერი კრისტიანო დონი ჰყავს დისკვალიფიცირებული. კლაუდიო რივალტა, ზლატან მუსლიმოვიჩი, ანტონიო ლანჯელა და კოშტინია კი ლაზარეთში არიან. "ბიანკონერის" სამი კვირით დაუშავდა ვინჩენცო იაკვინტა. როგორც იცით, ჟორჟე ანდრადე სეზონის ბოლომდე არ იქნება. ხოლო მოჰამედ სისოკოს, კრისტიანო ძანეტისა და ჯონათან ზებინას თამაში საეჭვოა. "გატანილი გოლი მახარებს. იმედია, ასე გავაგრძელებ და საუკეთესო ბომბარდირი გავხდები, მაგრამ ეს ძნელი იქნება, რადგან ჯენოელ მარკო ბორიელოს ბრწყინვალე სეზონი აქვს. თუმცა, მთავარი გუნდის წარმატებაა და ახლა "ატალანტასთან" მოგებაზე ვფიქრობთ" - განაცხადა "იუვეს" ფორვარდმა დავიდ ტრეზეგემ. "ფიორენტინას" საინტერესო და არცთუ იოლი მატჩი ელის გამოღვიძებულ "პალერმოსთან". თუმცა "იებმა" აუცილებლად უნდა მოიგონ, თორემ მეოთხე ადგილის შემცილებლები საკმაოდ ახლოს არიან. ჩეზარე პრანდელის ფრანკო სემიოლის გარდა ყველა მწყობრში ჰყავს. "პალერმოს" კი ანდრეა ბარძალი, ალბერტო ფონტანა და ფაბიო სიმპლისიო არ ეყოლება. მიდმინარე სეზონში "კატანიასა" და "პარმასთან" ერთად, "რეჯინა" ის კლუბია, რომელსაც სტუმრად ერთი მატჩიც არ მოუგია და ძნელი სავარაუდოა, ეს "სან სიროზე" მოახერხოს, მაგრამ კარგ ფორმაში მყოფი რეჯოკალაბრიელები "მილანთან" საგარეო შეხვედრაში ფრისთვის მაინც იბრძოლებენ, რადგან ქულები ძალიან სჭირდებათ. თავის მხრივ, უკან დასახევი გზა აღარც "როსონერის" აქვს, რაც კარლო ანჩელოტის შეგირდებმა კარგად იციან. "მილანი" რონალდოს, ემერსონის, მარეკ იანკულოვსკის, მასიმო ამბროზინისა და დანიელე ბონერას გარეშე იქნება. მასიმო ოდო მოსალოდნელზე ადრე კი მომჯობინდა, მაგრამ მინდორზე გასასვლელად არც ისაა მზად. ვარჯიში ალეშანდრე პატომაც განაახლა, მაგრამ მისი თამაში თითქმის გამორიცხულია. უმნიშვნელოვანესი მატჩია გენუაში, სადაც "სამპდორია" "უდინეზეს" მასპინძლობს. ამ შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში ალბათ ორივე დაემშვიდობება ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო საგზურზე ოცნებას და ღრუბლებიდან ხმელეთზე დაეშვება, ერთ-ერთის მოგების შემთხვევაში - დამარცხებული. "სამპოდრიას" ძირითადი მეკარე ლუკა კასტელაცი სეზონის ბოლომდე დაუშავდა. ლაზარეთშია უგო კამპანიაროც. დანიელე გასტალდელოსა და პაოლო სამარკოს კი დისკვალიფიკაცია აქვთ. უდინელები ისევ მოისაკლისებენ ფელიპეს, ასამოა გიანსა და კრისტიან ობოდოს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |