"სარბიელი"
# 88
შაბათი, 19 აპრილი, 2008 წელი

მალდინი რევოლუციას არ ემხრობა

გიორგი კაკაბაძე

ლეგენდარული პაოლო მალდინი მიიჩნევს, რომ "მილანს" ძირეული ცვლილებები არ სჭირდება. არადა, კლუბს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მიღმა დარჩენის საფრთხე ემუქრება, "როსონერიში" სერიოზული ცვლილებები უნდა მოხდეს, მაგრამ გუნდის ვეტერანი კაპიტანი სხვა აზრისაა.

"არა მგონია, "მილანი" ხელახლა იყოს ასაწყობი, ეს ადრეც მითქვამს. ამ შემადგენლობამ ისეთი ტურნირი მოიგო, როგორიც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატია და ეს მრავლისმეტყველია. სხვა მიღწევებს აღარ ჩამოვთვლი. ასე რომ, რამდენიმე მოთამაშით გადახალისება კარგი იქნებოდა, მაგრამ რევოლუციური ცვლილებები საჭირო არ არის" - აღნიშნა მალდინიმ.

"როსონერის" კაპიტანს თანაგუნდელ ფილიპო ინძაგიზეც ჰკითხეს. შეგახსენებთ, "სუპერპიპოს" ევრო 2008-ზე მოხვედრის იმედი არ დაუკარგავს.

"სკუადრა აძურაში" მოხვედრისთვის ბევრი ფეხბურთელი იბრძვის - ალესანდრო დელ პიერო, მარკო ბორიელო, პიპო და რამდენიმე სხვაც. იოლი ასარჩევი არ არის და ნამდვილად არ ვინდომებდი ნაკრების მწვრთნელის როლში ყოფნას. ვფიქრობ, რობერტო დონადონიმ ავსტრიასა და შვეიცარიაში ის მოთამაშეები უნდა წაიყვანოს, რომლებიც ბოლო ორი წელი ერთად იყვნენ "სკუადრა აძურაში". ცხადია, სათამაშო ფორმასა და სხვა დანარჩენსაც აქვს მნიშვნელობა" - განმარტა მალდინიმ.

ამის მერე, "მილანის" ტელეარხთან საუბრისას მალდინი კლუბის თემას დაუბრუნდა და დარჩენილ მატჩებზეც თქვა: "მეოთხე ადგილისგან ოთხი ქულა გვაშორებს და შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს. მომავალ ხუთ შეხვედრაში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და მოვიგოთ. საშინაოა თუ საგარეოა თამაში, მნიშვნელობა აღარ აქვს. ამასთანავე, იმედია, "ფიორენტინას" ფეხი დაუცდება".

მალდინიმ ჯენარო გატუზოზეც ილაპარაკა, რომელზეც ამბობენ, შესაძლოა, სეზონის ბოლოს გუნდი დატოვოსო: "წავიკითხე, რომ მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ მგონი, ამაში ახალი და გასაკვირი არაფერია, რინო ჩინებული ფეხბურთელია. ვფიქრობ, ხელმძღვანელობას ჯენაროს შენარჩუნება სურს, მას კი დარჩენა" - დასძინა მალდინიმ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com