"სარბიელი"
# 88
შაბათი, 19 აპრილი, 2008 წელი

ბარსა: ზაფხულამდე დავიცადოთ

კოკი კანდელაკი

"მილანის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ კი თქვა, ზაფხულში ორი ფეხბურთელი შემოგვიერთდება - რონალდინიო და ერთი ცნობილი და მძლავრი ცენტრფორვარდი, რომლის ვინაობასაც ჯერ ვერ გავამხელთო (პრესის აზრით საუბარი რეალელ რუუდ ვან ნისტელროიზეა), მაგრამ "ბარსელონაში" ამბობენ, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, სეზონის ბოლომდე დავიცადოთო.

"ახლა მხოლოდ პრიმერადივიზიონსა და ევროსარბიელზე სეზონის რაც შეიძლება წარმატებულად ჩამთავრებაზე ვფიქრობთ. არანაირი შემოთავაზებები არ გვაინტერესებს, ჩვენი საფიქრალი მხოლოდ გამარჯვებებია. რეალობა ის გახლავთ, რომ რონალდინიო ამ ეტაპზე "ბარსელონას" მოთამაშეა და იმედია, ჩემპიონთა ლიგას ერთად მოვიგებთ" - თქვა კატალონიელთა ერთ-ერთმა მმართველმა ალბერტ პერინმა.

მიუხედავად ამ განცხადებებისა, ამბობენ, "ბარსა" რონალდინიოს ტრანსფერს ხელს არ შეუშლის და უკვე მისი შემცვლელიც შეუგულებიაო. საუბარი გერმანული "ჰამბურგის" ჰოლანდიელ პლეიმეიკერ რაფაელ ვან დერ ვაარტზეა, რომელსაც სხვა მსურველებიც ჰყავს.

კატალონიელთა ახალგაზრდა არგენტინელ ლიდერ ლიონელ მესის კი იმედი აქვს, რომ რონალდინიო კლუბში დარჩება.

"ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მომავალ სეზონში რონალდინიოს ჩვენთან ერთად ვეღარ ვიხილავთ. როცა მე ძირითად გუნდში ადგილს ვიმკვიდრებდი, რონი ძალიან დამეხმარა და ბევრი რამ მასწავლა. რონალდინიო ბრწყინვალე ფეხბურთელი და ადამიანია, "ბარსაში" მისი დარჩენა ყველას გვსურს" - თქვა მესიმ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com