"სარბიელი"
# 88
შაბათი, 19 აპრილი, 2008 წელი

ესპანეთი: რომელ კრიზისზეა საუბარი?

გიორგი კაკაბაძე

ტურის მთავარი მატჩი "ნოუ კამპზეა", კატალონიური დერბი "ბარსასა" და "ესპანიოლს" შორის. დღეს მასპინძლები რეალურად მხოლოდ მეორე ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან, სტუმრები კი უეფას თასის საგზურისთვის.

"ბარსელონა" ბოლო დროს არადამაჯერებლად თამაშობს და ხალხი კრიზისზე ალაპარაკდა, მაგრამ კლუბის ნახევარმცველი ხავი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

"კრიზისი ის არის, რაც ხუთი წლის წინ გვქონდა. ხალხს ასეთ თემებზე ლაპარაკი უყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვართ და რომელ კრიზისზეა საუბარი." - გაიკვირვა ხავიმ.

"ბარსას" რიგებში სათუოა ტიერი ანრის, რაფაელ მარკესის, ანდრეს ინიესტას, გაბრიელ მილიტოსა და ლილიან ტურამის თამაში. ექიმებს იმედი ავქთ, რომ ისინი მინდორზე გასვლას შეძლებენ. მარტის დასაწყისში დაშავებული დეკუ მომჯობინდა და ფრანკ რაიკარდი პორტუგალიელ ნახევარმცველს ალბათ ძირითად შემადგენლობაში დააყენებს.

"ჩემთვის და ჩვენთვის ეს მატჩი თავის გამოჩენის საუკეთუსო საშუალებაა. ბოლომდე უნდა გამოვიღვიძოთ. დერბიში, თან "ბარსას" დარ ძლიერ გუნდთან მოგებას არაფერი ჯობია" - განაცხადა "ესპანიოლის" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ.

ლიდერი "რეალი" "რასინგს" სტუმრობს. სანტანდერელები კვლავაც ყოჩაღობენ და მეოთხე ადგილთან ოდენ ქულა აშორებთ. ასე რომ, ისინი ნამდვილად არაფერს დათმობენ.

მადრიდელები ხოსე მარია გუტისა და მიგელ ტორესის გარეშე იქნებიან. საეჭვოა როისტონ დრენტესა და ფერნანდო გაგოს თამაში. გავრცელებული ცნობით, ბერნდ შუსტერი ხავიერ სავიოლას ძირითად შემადგენლობაში დააყენებს, ეს არგენტინელი ფორვარდისთვის თავის გამოჩენის იშვიათი შანსი იქნება.

"სამწუხაროდ, თამაშის საშუალება არცთუ ხშირად მეძლევა. თუ "რასინგთან" მართლაც მათამაშებენ, ვეცდები, ის ფეხბურთი ვაჩვენო, რომელიც ჩემშია, და გუნდს პრიმერადივიზიონის მოგებაში დავეხმარო" - თქვა სავიოლამ.

მესამეადგილოსანი "ვილიარეალი" გასავარდნი ზონის სიახლეოვს მყოფ "ვალიადოლიდს" მასპინძლობს. შემადგენლობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა არცერთ გუნდს არ აქვს.

მადრიდის "ატლეტიკო" საბრძოლო შემადგენლობით დაუხვდება სევილიურ "ბეტისს", რომელსაც ალბათ მარიანო პავონე დააკლდება.

"ალმერია" "სევილიას" სტუმრობს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურისთვის იბრძვის. სევილიელთა პრეზიდენტმა ხოსე მარია დელ ნიდომ გუნდის ბრაზილიელ ლიდერებს, ლუიშ ფაბიანუსა და დანიელ ალვეშს მოუწოდა, პირადი ინტერესები ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ და დარჩენილ მატჩებში ბოლომდე დაიხარჯეთო. შეგახსენებთ, რომ კლუბის ამ ორ ყოჩს მიმდინარე სეზონის მერე რომელიმე გრანდში გადასვლა სურს.

ხოსე მარია დელ ნიდო: "გვინდა, სეზონი მაქსიმალურად წარმატებულად ჩავამთავროთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. დარჩენილ 6 მატჩში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ფეხბურთი გუნდური სპორტია და ვერავის მოვუწონებ პირადი ინტერესების კოლექტივზე მაღლა დაყენებას".

მიუხედავად ესპანეთის თასის მოგებისა, "ვალენსიას" მწვრთნელ რონალდ კუმანზე კვლავაც დიდი ზეწოლაა და ამბობენ, თუ "ღამურები" სტუმრად "ბილბაოსთან" წააგებენ, ჰოლანდიელ სპეციალისტს მოხსნიანო. ნოემბერში, გუნდში კუმანის მოსვლის მერე, "მესტალიას" ბინადრებმა პრიმერადივიზიონში მხოლოდ ოთხი მატჩი მოიგეს და ამჟამად გასავარდნ ზონასთან ოდენ 5 ქულა აშორებთ.

რასაც ჰქვია, "ექვსქულიანი მატჩია" "სარაგოსასა" და "უელვას" შორის, ცხრილს თუ ჩავხედავთ, ყველაფერს მივხვდებით. მასპინძლებს მატუზალემი და დიეგო მილიტო არ ეყოლებათ.

თასის ფინალში დამარცხებულ "ხეტაფეს" წყალწაღებული "ლევანტე" მასპინძლობს. ამ მატჩში ვალენსიელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხოსე ანხელ მორენოს დებიუტი შედგება. შეგახსენებთ, რომ მან "ტორინოში" დაბრუნებული ჯანი და ბიაზი შეცვალა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com