"სარბიელი"
# 88
შაბათი, 19 აპრილი, 2008 წელი

ოპტიმისტ კოკოშკოვს დუმარსიც ეთანხმება

საქართველოს ნაკრების ახალდანიშნული მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი თბილისში ჯერ ვერ ჩამოდის. "დეტროიტ პისტონსი", სადაც კოკოშკოვი ცნობილი ფლიპ სონდერსის ასისტენტად მუშაობს, პლეი ოფში დღე-დღეზე ჩაერთვება და ალბათ მინიმუმ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალამდეც მივა. მერე კი, სანამ ნბა-ს ახალი სეზონი არ დაიწყება, სერბი სპეციალისტი თავისუფალია. მან საქართველოს ნაკრებში მუშაობის ნებართვა თვით "დეტროიტის" პრეზიდენტის, ლეგენდარული ჯო დუმარსისგან მიიღო. სანამ საქართველოში ჩამოვიდოდეს, კოკოშკოვმა ჩვენს კალათბურთის ფედერაციას პრეს-რელიზი გამოუგზავნა, სადაც მასთან ერთად დუმარსის სიტყვებსაც ამოიკითხავთ...იგორ კოკოშკოვი:

- მე დიდი სიამოვნებით დავთანხმდი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას და მჯერა, რომ ეს ახალი გამოწვევა იქნება. დიდხანს არ მიფიქრია, დავთანხმებულიყავი თუ არა ამ შემოთავაზებაზე, რადგან ვიცი თუ რამდენს ელის ეროვნული გუნდისგან საქართველოს კალათბურთის ფედერაცია და ნაკრების გულშემატკივრები.

ვიცი, რომ საქართველოში ბევრს დაწყდა გული ნაკრების შესარჩევ ციკლში წარუმატებლობისა და ფ დივიზიონში ვერ გადასვლის გამო. ჩემი მიზანი საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანაა. ნაკრების ბევრი წევრი ევროპის სხვადასხვა კლუბებსა და ამერიკაში თამაშობს, რამაც მათ შესახებ სავსებით საკმარისი წარმოდგენა შემაქმნევინა. გუნდური სულისკვეთება და ნაკრების თითოეული მოთამაშის საქმისადმი პოზიტიური დამოკიდებულება ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. ჩემი ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ესაა - ნაკრებში და მის ირგვლივ დადებითი ატმოსფერო შევქმნა...

- ჩემი საქმეა, შევარჩიო საუკეთესო მოთამაშეები, რომლებსაც ეროვნულ გუნდში თამაშის დიდი სურვილი ექნებათ. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ახალ სამუშაოსთან მიმართებაშიც ასე ვარ განწყობილი. იმედი მაქვს, ჩემი მონდომება საქართველოს ეროვნულ გუნდს სექტემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის საუკეთესოდ მოამზადებს...

მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ბესიკ ლიპარტელიანს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე მსურს გადავუხადო მადლობა "დეტროიტის" პრეზიდენტს, ჯო დუმარსს, რომელმაც საქართველოში მუშაობის დრო და საშუალება გამომინახა.

ჯო დუმარსი:

- იგორ კოკოშკოვი არაჩვეულებრივი სპეციალისტია და "დეტროიტში" მას ყველა დიდ პატივს სცემს. მჯერა, რომ კოკოშკოვი შესანიშნავად გაართმევს თავს საქართველოს ნაკრებში მუშაობას. ამ ზაფხულს თვალ-ყურს მივადევნებ საქართველოს ნაკრების გამოსვლას, რადგან ვიცი, რომ კოკოშკოვი ამ გუნდს გამარჯვებებს მოუტანს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com