|
|
"სარბიელი"
საუკეთესო ქართველს ფინალი წაართვეს
ირაკლი პერტაია
ევროთასი ოთხთა ფინალი. ნახევარფინალი. კვიპროსი. ლიმასოლი როკი 82:88 ბარონსი მონსი 70:55 აელ
სულ ცოტაც და, გიორგი ცინცაძის "როკი" ევროთასის ფინალში ითამაშებდა, მაგრამ კარგად დაწყებული საქმე ტარტუელებმა ბოლომდე ვერ მიიყვანეს და თითქმის წელში გატეხილ ლატვიელებთან დამარცხდნენ. გუშინ, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ევროთასის ოთხთა ფინალის პირველი, ანუ ნახევარფინალების დღე იყო და ჩვენთვის მთავარი თავში ნახსენები მატჩი გახლდათ. ქართველი გამთამაშებლის ჩაუქობით ოთხთა ფინალამდე მისული ესტრონური გუნდი მეზობელი ლატვიის "ბარონსს" ეთამაშებოდა, რომელთანაც ამ სეზონში ბალტიის ლიგაზე ორჯერ წაეგო. მესამე და სამართალი თითქმის გამოსული იყო, "როკერებმა" მეორე მეოთხედში 18-ქულიანი ლიდერობა მოიხელთეს, მაგრამ მისი შენარჩუნება ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ 82:88 დამარცხდნენ. ის 18-ქულიანი დაწინაურებაც ცინცაძის აქტიურობას მოჰყვა. გიორგიმ, სანამ თავად დაიწყებდა ქულების ხვეჭას, თავისიანებს პასები ჩამოურიგა, ხოლო მერე თავად იწყო ლატვიელების გარღვევებით ჩხვლეტა, ხოლო მეტოქეები ჯარიმებითღა აჩერებდნენ. მხოლოდ პირველ ტაიმში ცინცაძეს 10 საჯარიმო ჰქონდა ნასროლი, რომელთაგან 8 ჩააგდო და სწორედ მაშინ დაფიქსირდა ტარტუელთა ყველაზე დიდი უპირატესობა - 49:31. ცინცაძემ მთლიანობაში ყველაზე მეტი, 36 წუთი გაატარა მოედანზე და 16 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ერთი ეგაა, გიორგის თამაშიდან სროლები არ წაუვიდა: 11 ცდიდან მხოლოდ 3-ჯერ უწია მიზანს, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 12-დან 10-ჯერ იხეირა. მესამე მეოთხედში ლატვიელებმა საქმე ამერიკელი ფორვარდის დახმარებით გამოასწორეს. დემეტრიოს ალექსანდერმა ფარქვეშიდანაც ხომ ყარა და ყარა ბურთები, არც საშუალო და შორი დისტანციებიდან დაუკლია. მისი წყალობით, "ბარონსმა" მესამე მეოთხედის ბოლოს ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა - 63:64, ხოლო გადამწყვეტ ათწუთეულში "როკერებს" საქმე საბოლოოდ მოუთავა. წაგებული ცინცაძის გუნდი ხვალ მეორე ნახევარფინალურ წყვილში დამარცხებულ კვიპროსულ აელ-ს მესამე ადგილისთვის დაეჭიდება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |