|
|
"სარბიელი"
პირველი: ზესტაფონს მედალი და გოცირიძეს ჰეთ თრიქი
მიხეილ ჟორჟოლიანი ზესტაფონიდან
"მერანის" შემადგენლობას თუ გადახედავთ, ფეხბურთელებს ცნობა ცოტა გაგიჭირდებათ - სტუმართა გუნდში თითო-ოროლა კაცს თუ ნახავთ, უმაღლეს ლიგაში რომ უთამაშიათ. მიზეზი. ეტყობა, "მესხეთთან" (0:4) უსახური თამაშის შემდეგ ხელმძღვანელობამ აქცენტის გაკეთება ახალგაზრდებზე გადაიტანა და "სამომავლო გუნდის კეთებას" აპირებს. აბა, რას მივაწეროთ მათივე მეკარის, რევაზ თევდორაძისა და თავდამსხმელის, ირაკლი შენგელიას გუშინვე პირველ ლიგაში თამაში. მერანელთა 90 პროცენტი 1990 წელს დაბადებული ფეხბურთელები იყო და მათთან "ზესტაფონმა" გაიჭენა და თანაც როგორ. მასპინძელთა თითქმის ყოველი შეტევა საგოლე იყო და ტრიბუნებზე საკლუბო რეკორდის გაუმჯობესებაზეც ალაპარაკდნენ - იმერლებმა წინა სეზონში 7:0 მოუგეს "კახეთს" და გუშინ ამის გაუმჯობესების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ხან თავად სცოდავდნენ, ხანაც ირაკლი დგებუაძე ყოჩაღობდა. "ზესტაფონმა" დგებუაძეს ექვსი მაინც გაუტანა, აქედან ხუთი თავით. გოლებიც ტყუპისცალებივით ჰგავდა ერთმანეთს - ჩაწოდება ფლანგიდან, თავი, გოლი. ორ-ორი საგოლე პასი ჟილვან ვიეირასი და ნიკა კვასხვაძისა იყო, თითო-თითო უჩა ლობჟანიძისა და როინ ონიანის. "ზესტაფონმა" დაწოლა პირველივე წუთიდან დაიწყო და გოლამდე ორჯერ შეეძლო გატანა. "მერანს" კოშმარული ხუთწუთეული მე-9 წუთიდან დაეწყო - ამ მონაკვეთში იმერლებმა სამჯერ იხეირეს. ტრიბუნებზე იმასაც იხსენებდნენ, თუ როგორ წაართვა შარშან "მერანმა" "ზესტაფონს" ორი საშინაო ქულა და ფეხბურთელებს მეტის გატანას სთხოვდნენ. ყველა სახიფათო მომენტის აღწერით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ როინ ონიანმა, ედიკ საჯაიამ, ვიეირამ და გოცირიძემ (სამჯერ) მომენტები გააფუჭეს. თუმცა პირველ ტაიმში ერთი კიდევ გავიდა - 34-ე წუთზე ვიეირას დაბალ კუთხურს საჯარიმოში რამდენიმე სტუმარ-მასპინძელი ასცდა და ბურთი კართან მარტო მდგომ გოცირიძეს მიუვიდა - ეს ერთადერთი ფეხით გატანილი გოლი იყო - 4:0. ეს გოცირიძის პირველი უმაღლესლიგური ჰეთ თრიქი იყო და ეს ყველაფერი ბექამ 22 წუთში მოახერხა. თუ პირველ ტაიმში ზესტაფონელთა გოლები "ქართული" იყო, მეორეში გაბონურ-ბრაზილიური გამოდგა. პოლ კესანი გოლის შემდეგ გულშემატკივრების წინაშე აფრიკული ფოლკლორით წარსდგა, ვიეირა კი ყირამალების კასკადით. ბოლო გოლის შემდეგ "ზესტაფონს" რეკორდის გასამეორებელ-გასაუმჯობესებლად ნახევარ საათზე მეტი რჩებოდა. მაგრამ... გოცირიძეს, საჯაიას, ლაშა საცერაძესა და ნიკოლოზ გელაშვილის (სამჯერ) მერანელთა მეკარემ არ გაატანინა, ის კი არა, იმერლებმა მოახერხეს და, ერთი გოლი გაუშვეს კიდეც. 81-ე წუთზე ზურაბ ტიელიძე ბრძოლაში გაექცა სევასტი თოდუას და როინ კვასხვაძეს ახლო კუთხეში გაუტანა.
პრეს კონფერენციაზე
დავით ეჯიბიშვილი: თამაშზე ჭაბუკთა გუნდით ვიყავით ჩამოსულნი და აშკარად თვალშისაცემი იყო განსხვავება გუნდებს შორის. "ზესტაფონი" სერიოზული კლუბია და იოლად დაგვჯაბნა. ვფიქრობ, ეს მატჩი ფეხბურთელებს გამოცდილებისთვის წაადგებათ და ნახავენ, რამხელა განსხვავებაა ჭაბუკთა და უმაღლეს ლიგებს შორის. აკი, თქვეს კიდეც ნამატჩევს, საოცრად სწრაფი ტემპი იყოო. თემურ მახარაძე: მეტოქე ფეხბურთელებს ასაკის გამო მეტი არც მოეთხოვებოდათ. გუნდებს შორის დიდი განსხვავება იყო და შედეგიც ასეთია.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |