|
|
"სარბიელი"
ვატიკანმა ხელები დაიბანა
კახა ლომაძე
მოსლი კი არც ესპანეთში ჩავაავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, მაქს მოსლის საქმეს აშფ-ს გენერალური ასამბლეა 3 ივნისს პარიზში განიხილავს და გადაწყვეტს, დარჩება თუ არა გახმაურებულ სკანდალში გახვეული ბრიტანელი ფედერაციის პრეზიდენტად. აშფ-ს გენერალურ ასამბლეაში 134 ეროვნული ფედერაციის 222 წარმომადგენელია გაწევრიანებული, რომლებმაც ან მოსლის დარჩენას უნდა დაუჭირონ მხარი, ანაც მის გადაყენებას მისცენ ხმა. აქედანვე ცნობილია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს ვატიკანის წარმომადგენელი, რადგანაც ვატიკანის საავტომობილო ფედერაცია აშფ-ს არა ნამდვილი, არამედ ასოცირებული წევრია. "ჩვენ მხოლოდ ასოცირებული წევრის სტატუსი გვაქვს და აშფ-ს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეებს, რომლებიც ტრადიციულად შემოდგომობით იმართება ხოლმე, ოდენ დამკვირვებლის სტატუსით ვესწრებით. ისეთი კენჭისყრებში კი, როგორიც პარიზში გაიმართება, მონაწილეობას არ ვღებულობთ და აქედან გამომდინარე, არც პარიზულ შეკრებაზე ვიქნებით" - ბრძანა აშფ-ში ვატიკანის წარმომადგენელმა, კარდინალმა რენატო რაფაელე მარტინომ. თავად მაქს მოსლი კი მიმდინარე საპირველფორმულო ჩემპიონატის, უკვე მეორე ეტაპს გამოტოვებს და ბაჰრეინის შემდეგ, არც 27 აპრილს გასამართ ესპანეთის დიდ პრიზს დაესწრება. ბაჰრეინში მოსლი იმიტომ ვერ ჩავიდა, რომ მასპინძლებმა "თავაზიანად" მიანიშნეს აშფ-ს პრეზიდენტს, გახმაურებული სკანდალის შემდეგ სასურველი სტუმარი ნამდვილად ვერ იქნებითო, ხოლო ესპანეთში არჩასვლა, უკვე თავად მოსლიმ გადაწყვიტა. როგორც ჩანს, მომხდარის შემდეგ, სანამ სკანდალი საბოლოოდ არ ჩაცხრება (თუ ჩაცხრა), მას არ სურს მოახდინოს საავტომობილო სამყაროს იმ წარმომადგენელთა პროვოცირება, რომლებიც მის მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი. ამიტომაც მოსლიმ ესპანეთში ჩასვლას იორდანიაში გამგზავრება ამჯობინა, სადაც ის იქაურმა პრინცმა, იორდანიის საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა ფაისალა ალ ჰუსეინმა მიიწვია. იორდანიაში მოსლი დაესწრება კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ ეტაპს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |