|
|
"სარბიელი"
დიდი პრიზის პიონერი ბაქო
ლაშა გეგეჭკორი
20 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, ბაქო ფიდეს პირველ გრან-პრის უმასპინძლებს. ორ წელიწადში, სულ ასეთი ექვსი ტურნირი გაიმართება და გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. შეგახსენებთ რომ ეს სისტემა ფიდემ და კომპანია გლობალ ჩეს-მა შეიმუშავეს. გრან-პრის ტურნირი სიძლიერით მე-20 კატეგორიის იქნება და მასში 14 დიდოსტატი გამოვა. საერთოდ კი ამ შეჯიბრისთვის 21 მოჭადრაკეა შერჩეული და თითოეული მათგანი ოთხ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. საბოლოოდ გრან-პრის გამარჯვებული 2009 წლის მსოფლიოს თასის მფლობელს დაუპირისპირდება და მათ შორის საუკეთესო პლანეტის მოქმედ ჩემპიონს შეერკინება. ბაქოს ტურნირზე ითამაშებენ: ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი, აზერბაიჯანელები შაჰრიარ მამედიაროვი, თეიმურ რაჯაბოვი და ვუგარ ჰუსეინოვი, რუსები პიოტრ სვიდლერი, ალექსანდრ გრიშჩუკი და ერნესტო ინარკიევი, უკრაინელი სერგეი კარიაკინი, ინგლისელი მაიკლ ადამსი, ამერიკელი გატა კამსკი, ფრანგი ეტიენ ბაკრო, ბულგარელი ივან ჩეპარინოვი, ჩინელი ვან იუე და ჩეხი დავიდ ნავარა. მასპინძელთა საუკეთესო დიდოსტატ მამედიაროვის აზრით, შეჯიბრის ფავორიტი 17 წლის კარლსენია. "კარლსენმა ახლახანს ფიდეს მეხუთე ნომრამდე უწია და შესაბამისად უმთავრესი ფავორიტია - განაცხადა მამედიაროვმა - კარგ ფორმაში არიან ჩვენი მოჭადრაკეები რაჯაბოვი და ჰუსეინოვიც. ბოლო დროს ცუდად ვთამაშობდი, ახლა კი ვეცდები ის წარუმატებლობები დავივიწყო და თანამემამულეების წინაშე თავი არ შევირცხვინო".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |