"სარბიელი"
# 88
შაბათი, 19 აპრილი, 2008 წელი

კი და არა კიის ჯადოქრებისა

მსოფლიოს ჩემპიონატი. შეფილდი. 19 აპრილი - 5 მაისი

დღეს შეფილდში სნუკერისტთა 2007-08 წლების სეზონის უმთავრესი ტურნირი, რიგით 74-ე მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება და 16 დღის განმავლობაში ბილიარდის ამ ჯადოსნური სახეობის ქომაგთა ყურადღება, სწორედ რობინ ჰუდის მშობლიური ქალაქისკენ იქნება მიპყრობილი.

ჩემპიონატში 32 საუკეთესო მოთამაშე მონაწილეობს, რომელთაგან 16 რეიტინგის მოწინავეა და ამდენივემაც საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული თამაშით მოიპოვა შეფილდში ჩასვლის უფლება.

განთესვის სიას სათავეში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, შოტლანდიელი ჯონ ჰიგინსი უდგას, მაგრამ წლეულს არასტაბილურად მოთამაშე სქოთი ფავორიტად ნამდვილად არ მიიჩნევა. ჰიგინსი, უფრო მეორე ეშელონში მოიაზრება, ხოლო ფავორიტთა პირველ ხუთეულში, წლეულს ორი სარეიტინგო ტურნირის (ჩრდილოეთ ირლანდიის თასი და ჩინეთის ღია პირველობა) მომგები შოტლანდიელი სტივ მაგუაერი, სნუკერისტთა მიმდინარე რეიტინგის ლიდერი, მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონი შონ მერფი (ინგლისი), ამ უკანასკნელის თანამემამულე, წლევანდელი უელსის ღია პირველობისა და არასარეიტინგო "მასტერსის" გამარჯვებული მარკ სელბი, კიდევ ერთი ინგლისელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და წლეულს დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პირველობის მომგები რონი ოსალივანი და ჩინელი ვუნდერკინდი დინ ჯუნხუ არიან.

ამათგან, ჯუნხუ და ოსალივანი ბადის ზედა ნახევარში მოხვდნენ, ხოლო მაგუაერი, მერფი და სელბი ქვედა მხარეს განითესნენ.

ბადის პირველ მეოთხედში ფავორიტი ჯუნხუა, თუმც მას პირველივე წრეში ურთულესი თამაში ელის წლეულს აბერდინის დიდი პრიზის მომგებ ჰონკონგელ თანამემამულე მარკო ფუსთან.

მეორე მეოთხედში ძნელად, რომ ვინმემ ოსალივანს ნახევარფინალში გასვლაში ხელი შეუშალოს. აქ რონის ერთადერთი სავარაუდო კონკურენტი მსოფლიოს ირლანდიელი ექსჩემპიონი კენ დოჰერტია, მაგრამ თუ სნუკერის ჯადოქარი ფორმაში იქნა, მას ვერც დოჰერტი მოერევა და ვერც ვინმე სხვა, მაგრამ ოსალივანის მთავარი პრობლემა სწორედ ის გახლავთ, რომ ბოლოხანს სტაბილურობა აკლია და ხშირად ნერვებსაც ვეღარ იოკებს, თანაც, ასაკითაც აღემატება ფავორიტთა ხუთეულის დანარჩენ წევრებს.

მერფი, მაგუაერი და სელბი, როგორც ვთქვით, ბადის ქვედა ნახევარში არიან. მერფი და სელბი, სულაც ერთ მეოთხედში მოხვდნენ და ამათგან ერთ-ერთი რომ ნახევარფინალში გავა, ამას წყალი არ გაუვა.

ბოლო მეოთხედიდან კი ნახევარფინალში, წესით, მაგუაერი უნდა გავიდეს, მაგრამ ნუ დავივიწყებთ ავსტრალიელ ნილ რობერტსონსაც, ვისაც წლეულს ჩავარდნა კი ჰქონდა, მაგრამ, თუ შეფილდში შარშანდელ დონეზე ათამაშებას შეძლებს, მასთან შეხვედრას არავინ ისურვებს.

აი, ასეთია წინასწარი პროგნოზები და ბოლოსკენ რამდენიმე საინეტრესო სტატისტიკურ მონაცემსაც შემოგთავაზებთ.

ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი მონაწილე მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, ინგლისელი სტივ დევისია. ის 50 წლის გახლავთ. ყველაზე ახალგაზრდა კი 17 წლის ჩინელი ლი ჩუანია, ვინც შეფილდში თამაშის უფლება საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევით მოიპოვა. ჩუანი ისტორიაში ოდენ მეოთხე სნუკერისტია, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე ასე პატარა ითამაშებს - მანამდე, 17 წლის ასაკში შვიდგზის ჩემპიონ შოტლანდიელ სტივ ჰენდრის, ოსალივანს და ამ უკანასკნელის თანამემამულე ჯად ტრამპს მოუხერხებიათ.

წლევანდელ ჩემპიონატში ყველა ის მოქმედი სნუკერისტი ითამაშებს, ვინც სხვადასხვა დროს მსოფლიოს ჩემპიონი ყოფილა. ასეთი სულ ცხრაა: შვიდგზის (1990, 92-96, 98) ტრიუმფატორი სტივ ჰენდრი, ექვსგზის (1981, 83-84, 87-89) გამარჯვებული სტივ დევისი, ორგზის ჩემპიონები - რონი ოსალივანი (2001, 2004), ჯონ ჰიგინსი (1998, 2007), მარკ უილიამსი (2000, 2003), აგრეთვე, კენ დოჰერტი (1997), პიტერ ებდონი (2002), შონ მერფი (2005), და გრემ დოტი (2006).

ერთი საინტერესო დეტალიც - 1987 წლიდან მოყოლებული, ჩემპოინები ხდებოდნენ მოთამაშეები, რომელთა ასაკიც 21-დან 31 წლის ჩათვლით იყო. ფავორიტთა ხუთეულიდან ამ დიაპაზონში მხოლოდ ოსალივანი ვერ ჯდება. ის უკვე 33 წლის გახლავთ და ესეც ერთი მინუსი რონის საჩემპიონო შანსებში, თუმცა, ვინ იცის...



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com