"სარბიელი"
# 88
შაბათი, 19 აპრილი, 2008 წელი

გორის ბოლო შანსიც დაგორდა

ტარიელ შოთნიაშვილი 

გორიდან

მატჩი ბოლნისის "სიონის" შეტევებით დაიწყო. სტუმრები მასპინძლებზე სწრაფად მოძრაობდნენ და მათი უპირატესობაც გამოიკვეთა. უკვე მე-6 წუთზე შოთა ჯიქიამ საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა "დილას" კარში - ავთანდილ ცერცვაძე ადგილზე დახვდა ბურთს.

საპასუხოდ, მე-14 წუთზე მასპინძლებს მიეცათ ანგარიშის გახსნის შანსი. გიორგი ბალაშვილმა "სიონის" საჯარიმოში ზუსტად ჩააწოდა უმეთვალყურეოდ დარჩენილ საბა სულთანიშვილს, რომელიც დაახლოებით 6 მეტრიდან თავით ურტყამდა კარში, მაგრამ გიგა იაშვილმა აკრობატულ ნახტომში კუთხურზე მოიგერია ბურთი.

თამაში ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. მიუხედავად სტუმართა აქტიურობისა, მასპინძლები ხშირად მწვავედ უტევდნენ და უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ტაიმში სახიფათო მომენტები უფრო ბევრჯერ შექმნეს.

27-ე წუთზე სულთანიშვილმა მარცხენა ფლანგიდან კარგად მიაწოდა საჯარიმოში მყოფ გიორგი მიქაძეს, რომელმაც შემოტრიალებით ძლიერად დაარტყა კარში, მაგრამ კვლავ იაშვილმა ითამაშა კარგად.

35-ე წუთზე სტუმრებმაც შექმნეს მომენტი. კუთხურიდან გათამაშებული ბურთი მიუვიდა ერიკ რომეო ჩასემს, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად დაარტყა კარში, თუმცა ოდნავ არაზუსტად. ორ წუთში კი უკვე "დილას" შეეძლო ანგარიშის გახსნა - ჯაბა ბერიანიძის უძლიერესი დარტყმა იაშვილმა მოიგერია, ბურთს დაეუფლა მასთან თითქმის პირისპირ დარჩენილი დავით ტლაშაძე და კარში დარტყმის ნაცვლად გაჩერდა და გვერდით მსაჯის გახედა...

მალევე კვლავ ტლაშაძე აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში. საჯარიმოდან მის მიერ დარტყმული ბურთი "სიონის" კარის ჯვარედინმა მოიგერია.

მეორე ტაიმიც სტუმართა აქტიურობით დაიწყო. 56-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა გიორგი ოქროპირიძემ დაასწრო მცველებს და კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავურით გადაგზავნა კარში, მაგრამ მასპინძლები ხარიხამ იხსნა.

ორი წუთის შემდეგ ლევან შავგულიძის მწვავე გადაცემაზე მეკარის ბაქანში დასწრებაზე მოთამაშე ჯიქიამ ოდნავ დააგვიანა.

65-ე წუთიდან, ბერიანიძის გაძევების შემდეგ, "სიონის" უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. მით უმეტეს, "დილას" ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ. მიუხედავად ამისა, გორელებს მაინც შეეძლოთ გოლის გატანა, როდესაც ბალაშვილ-სულთანიშვილ-მიქაძის კომბინაციის შემდეგ იაშვილმა სასწაულებრივ მოიგერია ბურთი.

მატჩის ერთადერთი გოლი კი 79-ე წუთზე გავიდა - მურმან ქურასბედიანმა მარცხენა ფლანგიდან მიაწოდა ჯიქიას, რომელმაც ზუსტად დაარტყა დაბალ კუთხეში - 0:1.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com