|
|
"სარბიელი"
ვისთვის მოსაწყენი და ვისთვის საწყენი სპარტაკს შეტევაში უჭირს
ნუკრი ლოლაძე ახალციხიდან
ახალციხის "მესხეთი" უმოტივაციოდაა, თუმცა ადვილად არავის არაფერს არ უთმობს, ცხინვალის "სპარტაკს" კი უმაღლესი ლიგიდან დაქვეითება ემუქრება და ყველა ქულას მისთვის ოქროს ფასი აქვს. წინა ტურში კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებმა დედაქალაქურ "ვიტ ჯორჯიასთან" ფასეული ქულა აიღეს. ცხინვალელებს თითქოს ახალციხეში სამი ქულისთვის უნდა ეთამაშათ, თუმცა 90 წუთში ერთი ხეირიანი შეტევაც კი არ განუხორციელებიათ. საერთოდაც ძალიან მოსაწყენი თამაში გამოვიდა. "მესხეთი" უფრო ფხიზლად გამოიყურებოდა, თუმცა 100-პროცენტიანი შანსი არც მათ მისცემიათ. რამდენიმე ნახევარმომენტსღა გამორჩნენ და ეგ იყო. ყველაზე აქტიური ალექსანდრე კოშკაძე იყო, რომელმაც რამდენჯერმე შორიდან სცადა გატანა, თუმც მის დარტყმებს სიზუსტე აკლდა. ინერტული იყო წინა მატჩებში გამორჩეული დავით ინასარიძე და ისიც უნდა ითქვას, რომ "სპარტაკის" დაცვის ხაზი კარგად ირჯებოდა. სხვათა შორის ამ მატჩს "სპარტაკის" პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევიც ესწრებოდა და შედეგით არცთუ კმაყოფილი დარჩა. ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურია დარჩენილი და ცხინვალელებმა თუ შეტევაში ასე უსახურად ითამაშეს, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |