|
|
"სარბიელი"
პეპსი და სკოლბურთი იწყებენ
ილია ნანობაშვილი
საქართველო 16 000: ამან უეფა გააოცა21 აპრილს მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლბურთში "პეპსის თასი" დაიწყება, რომელშიც 1600 საშუალო სკოლის გუნდი მიიღებს მონაწილეობას - სასიამოვნოა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ წამოწყებულ შარშანდელ პროექტს ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა. შარშანწინ მხოლოდ თბილისის მასშტაბით ჩატარდა ტურნირი, შარშან გეოგრაფია გაფართოვდა და რაიონებიც ჩაერთვნენ, სულ 1 100-მა სკოლამ გამოიყვანა გუნდი, წლეულს კი რაოდენობა გაიზარდა. გუშინ სკოლბურთის თემასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გოგი ქავთარაძე, ფედერაციის მარკეტინგის განვითარების მენეჯერი დიმიტრი ბოკერია, ეზოს ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი შოთა ბაქრაძე, "პეპსის" წარმომადგენლები - მარკეტინგის მენეჯერი ლევან კასრაძე და ბრენდმენეჯერი გვანცა მამაცაშვილი და ასევე განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ზოდიკო ფარქოსაძე და სანდრო ჟურული გაუძღვნენ... გოგი ქავთარაძე: "წლეულს რამდენიმე რეგიონის სკოლა ჩაერთო "პეპსის თასის" გათამაშებაში. მაგალითად, შარშან ზუგდიდის რაიონს თუ 8 სკოლა ჰყავდა წარმოდგენილი, ახლა 36 ჰყავს. გეცოდინებათ, შარშან სწორედ ზუგდიდელებმა მოიგეს ტურნირი და საფეხბურთო ბუმი სახეზეა. განათლების სამინისტრო აქტიურადაა ჩართული სკოლბურთში. ტურნირი 21-ში საზეიმოდ გაიხსნება, "პეპსის" კი დიდ მადლობას ვუხდით". ლევან კასრაძემ თქვა, რომ "პეპსი" ყოველთვის მზადაა, მსგავსი ღონისძიებები დააფინანსოს, რადგან ეს მომავალი თაობის სიჯანსაღეში შეტანილი წვლილია. დიმიტრი ბოკერია: "უეფას აქვს შესაბამისი პროგრამა. ჩვენ გავუგზავნეთ წერილი და ვაცნობეთ, რომ 1600-მდე სკოლა და დაახლოებით 16 000 ბავშვი იქნება ჩართული ამ ტურნირში, რამაც მათში აღფრთოვანება გამოიწვია... რამდენადაც ვიცით, მხოლოდ გერმანიაშია ამგვარი მასობრიობა, საქართველო კი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა და, ცხადია, ამხელა მასშტაბმა უეფაში სასიამოვნო გაოცება გამოიწვია. 21 აპრილს მთაწმინდის რაიონის გუნდები ჩაერთვებიან ტურნირში, კერძოდ, 51-ე და 31-ე სკოლების მატჩით გაიხსნება "პეპსის თასი", აღდგომის მერე კი სხვებიც შეუერთდებიან". ფინალური ეტაპი აჭარაში გაიმართება და 16 გუნდი ითამაშებს - ეს ივნისის ბოლო კვირაში მოხდება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |