"სარბიელი"
# 88
შაბათი, 19 აპრილი, 2008 წელი

მარტის თვის მამუკა ლომიძე

ილია ნანობაშვილი

ზიმბრუმ შერიფში არ გამიშვამოლდოვის ჩემპიონატში თითზე ჩამოსათვლელი ქართველები თამაშობენ და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული მამუკა ლომიძეა - კიშინიოვის "ზიმბრუს" 23 წლის მცველი ხშირად ხვდება ტურის სიმბოლურ ნაკრებში და მარტის თვის "ზიმბრუს" საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. ლომიძე გოჩა ტყებუჩავას მწვრთნელობისას საქართველოს ახალგაზრდული

ნაკრების კაპიტანიც გახლდათ და არც იმის იმედი გადაწურვია, რომ ეროვნულ გუნდში დაუძახებენ.

მამუკას კიშინიოვში დავუკავშირდით...- ამ სეზონში სამი გოლი გავიტანე. მგონი, მცველისთვის ნორმალური შედეგია. ისე, ნახევარმცველადაც ვთამაშობ ხოლმე.

- "ზიმბრუ" ამჟამად მეოთხე ადგილზეა ჩემპიონატში. რა მიზნები აქვს გუნდს.

- მეორეზე ან მესამეზე გასვლა კარგი იქნება, თუმც უფრო თასზე ვართ გადართულები - ნახევარფინალის პირველი თამაში სტუმრად 1:2 წავაგეთ "ნისტრუ-ატაჩისთან". იმედია, ფინალში გავალთ.

- "ზიმბრუში" შენამდე ლადო ახალაია და ლევან გვაზავა თამაშობდნენ. როგორ დამოკიდებულება აქვთ მანდ ქართველებთან.

- აქ გვაზავამ და ახალაიამ კარგი სახელი დატოვეს. ნორმალურად მიყურებენ, ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ მაქვს.

- როგორც ვიცი, ახალაია მოლდოვის "ოლიმპიაში" აღარ ირიცხება...

- ბოლოს "ოლიმპიაში" იყო, ახლა კი ნამდვილად არ ვიცი მისი ამბავი.

- ბოლო წლებში მოლდოვის ჩემპიონი მუდმივად "შერიფი" ხდება. გამოდის, კონკურენციასაც ვერ უწევთ...

- "შერიფი" მართლაც ყველაზე ძლიერია, თუმც "ზიმბრუს" ათი თავით სჯობიაო, ვერ ვიტყვი. წლეულს მათ ორჯერ ვეთამაშეთ და ერთხელ მოვუგეთ. პოტენციურად, მოლდოვაში "შერიფს" მხოლოდ "ზიმბრუმ" შეიძლება მოუგოს.

- თუმც მეორე ადგილზე ლევან კორღალიძისა და ჯაბა დვალის "დაჩიაა"...

- "დაჩიას" ლევანი და ჯაბა რომ არ ჰყავდეს, სუსტი გუნდი იქნებოდა. რამდენიმე დღის წინ მათ 3:2 მოვუგეთ, მე დისკვალიფიკაციის გამო არ მითამაშია. წაგების მიუხედავად, ქართველები მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესონი იყვნენ.

- საქართველოს და მოლდოვის ჩემპიონატებს როგორ შეადარებდი.

- საქართველოში ბევრი არ მითამაშია, მაგრამ დვალისგან და კორღალიძისგან ვიცი, რა მდგომარეობაა მანდ. მოლდოვაში ოდნავ უკეთესი ჩემპიონატია.

- ფინანსურად ძლიერი კლუბებია თუ მანდაც ემუქრებათ ხოლმე დაშლა.

- "შერიფს" ფინანსებით ვერ შევედრებით, თუმც ჩვენც და "დაჩიასაც" ნორმალური პირობები გვაქვს. დანარჩენებს კი უჭირთ...

- მოლდოვის ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო ამხანაგური მატჩები მოიგო და შარშან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლიც ნორმალურად დაასრულა, რეიტინგში 37-ე ადგილზეა. საიდან ასეთი პროგრესი.

- პირველ რიგში, მწვრთნელის ხელი ეტყობათ, იგორ დობროვოლსკი ფეხბურთელიც მაგარი იყო და მწვრთნელიც კარგი გამოდგა. ვერ ვიტყვი, რომ მოლდოვის ნაკრები ლამაზ ფეხბურთს თამაშობს ან რაიმე სხვა კოზირები აქვს. ცოტა უმართლებთ კიდეც.

- ფაქტია, ფეხბურთელებით მოლდოვა საქართველოსთან ახლოსაც ვერ მივა, მაგრამ...

- შედარებაც არ შეიძლება. სად ქართველი ფეხბურთელები და სად მოლდოველები...

- შენ თუ გაქვს ნაკრებში გამოძახების იმედი.

- ფეხბურთელებს მწვრთნელი არჩევს. ასე რომ, მხოლოდ ჩემს თამაშზე არაა დამოკიდებული, გამომიძახებენ თუ არა. ისე კი, ძალიან მინდა ნაკრებში მოხვედრა...

- კლუბის შეცვლას ხომ არ აპირებ.

- ამ ზამთარში "შერიფს" უნდოდა ჩემი შეძენა. "ზიმბრუსგან" თანხმობაღა მჭირდებოდა, მაგრამ არ გამიშვეს. აქ კიდევ ორი წელი დამრჩა კონტრაქტით.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com