|
|
"სარბიელი"
ლაუდრუპი ამუბნელი არაა
"საითაც გინდა გაიქეცი, ის თვითონ მოგძებნის" - ასე ამბობდნენ მიქაელ ლაუდრუპზე თანაგუნდელები, როცა ელეგანტური მეპასე მადრიდის "რეალში" თამაშობდა. ივან სამორანო პრიმერადივიზიონის ბომბარდირი მას შემდეგ გახდა, რაც ლაუდრუპი სამეფო კლუბში გადავიდა. ჩილელმა ფორვარდმა 1994-1995 წლების სეზონში გოლების 82 პროცენტი დანიელის პასით გაიტანა და მას გენიოსი უწოდა. ერთხელ რომარიომ თქვა, რომ ლაუდრუპის ადგილი მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელშია და ჩამოთვალა: "პელე, მარადონა, ზიდანი, ლაუდრუპი... რომარიო". იოჰან კრუიფმა დანიელი ნახევარმცველი ასე დაახასიათა: "ერთ-ერთი ყველაზე რთული ფეხბურთელი მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია. როცა 80-90 პროცენტით იხარჯებოდა და დიდებულად თამაშობდა, მაშინაც კი საუკეთესო ფორმისგან შორს იყო. მე ასით დახარჯვას ვთხოვდი, მაგრამ ძალიან იშვიათად მიჯერებდა". მიშელ პლატინი: "მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე... ვარჯიშებზე, რომელიც მატჩებში უდიდეს ნიჭს ბოლომდე არ იყენებდა". კბ-ს, "ბრონდბიუს", "ლაციოს", "იუვენტუსის", "ბარსელონას", "რეალის", "კობესა" და "აიაქსის" ყოფილი ნახევარმცველი ახლა 43 წლისაა. ფეხბურთს 1998-ში დაანება თავი და დანიის ნაკრებში მორტენ ოლსენის თანაშემწედ მუშაობდა. 2002 წლიდან "ბრონდბიუს" მწვრთნელი გახდა. ოთხ სეზონში თასი ორჯერ მოიგო და ერთხელ ჩემპიონატი. მერე კლუბის ხელმძღვანელებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ მოურიგდა და 2006-ის შემოდგომაზე "ბრონდბიუდან" წავიდა. შარშან ზაფხულს "ხეტაფე" ჩაიბარა, რომელსაც მანამადე ორი წლის განმავლობაში ბერნდ შუსტერი თავკაცობდა. ახლა "ხეტაფე" მე-13 ადგილზეა და პრიმერაში დასარჩენად იბრძვის, თუმც გუნდისთვის სეზონს ცუდი არ ეთქმის, რადგან უეფას თასის მეოთხედფინალს და ესპანეთის თასის ფინალს უწია. ორივეგან დამარცხდა, მაგრამ ამ კალიბრის გუნდმა ამდენს რომ მიაღწია, ესაც უკვე დიდი საქმეა. აშაფყსწქ-თან ინტერვიუში ლაუდრუპი განვლილ კარიერას იხსენებს და დანიის ნაკრების ავანჩავანზე საუბრობს
- "ხეტაფეს" ფეხბურთი თქვენს სათამაშო ყაიდას წააგავს: შეტევაზეა მომართული და კარგი მეპასეებიც ჰყავს. უფრო მეტად რომელი მწვრთნელის გავლენა იგრძნობა ლაუდრუპის საფეხბურთო ფილოსოფიაში. - ალბათ, ცოტ-ცოტა ყველასი, ვისთანაც მითამაშია, თუმც იოჰან კრუიფს და ზეპ პიონტეკს გამოვარჩევ. გავიხსენებ ხორხე ვალდანოს, მორტენ ოლსენს და თუნდაც ჯოვანი ტრაპატონის, რომლის ხედვაც დანარჩენ ჩამოთვლილთაგან რადიკალურად გასხვავებული იყო. მიუხედავად ამისა, ტრაპატონისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. ბედნიერებაა, რომ ესოდენ დიდი მწვრთნელების ხელში გამოვიარე. - ალბათ გსურთ, რომ "ხეტაფე", როგორც ბერნდ შუსტერმა, უკეთეს კლუბში გადასვლისთვის გამოიყენოთ... - აქ რომ ჩამოვედი, მაშინვე ეს მკითხეს. გამოცდილებით ვიცი, რომ როცა ერთ საქმეს მისდევ, მთლიანად მასზე უნდა ფიქრობდე და არა იმაზე, თუ რა იქნება ხვალ. ოცნებაში დაიკარგები და მიზანს ვეღარ მიაღწევ. ამიტომაც ახლა ჩემი საზრუნავი მხოლოდ და მხოლოდ "ხეტაფეა". - ამჟამად რომელი გუნდის თამაში გხიბლავთ. - მე უფრო ორი კარგი გუნდის შეხვედრა მომწონს, ვიდრე რომელიმე ერთის თამაში. მაგალითად, შესაძლოა, "ბარსელონასა" და "რეალის" მატჩი ტაქტიკის სახელმძღვანელოში შესატანი არ გამოვიდეს, მაგრამ სანახავად ვერაფერი შეედრება. ესპანური ფეხბურთი ლამაზია, თუმც "მანჩესტერისა" და "ლივერპულის" მატჩების ყურებაც მიყვარს, რადგან იქაც უდიდესი დაძაბულობაა. - "ბარსელონა" - "რეალის" დროს რომლისკენ იხრებით. - ამ კითხვით ხომ არ მასვენებენ! რამდენი წელი გავიდა უკვე, რაც იქ აღარ მითამაშია და ხალხს მაინც ეს აინტერესებს. მე დანიელი ვარ და ვერცერთის მხარეს ვერ დავიჭერ. ისიც საკმარისია, რომ ბედმა ამ ორ უდიდესი კლუბის მაისურის ჩაცმა მაღირსა. - "ბარსელონაში" რომ გადახვედით, იოჰან კრუიფის "ოცნების გუნდის" ფეხბურთელი გახდით. რა გახსენდებათ იმ ხუთწლიანი (1989-1994) პერიოდიდან. - ოთხჯერ მოგებული პრიმერა და განსაკუთრებით ის სამი სეზონი, როცა ჩემპიონობა ბოლო ტურში მოვიპოვეთ, მაგრამ ყველაზე ტკბილად მეგობრები მახსენდება. ხშირად მსმენია, რომ დიდ კლუბებში შური, ეჭვი და ერთურთის ზიზღი ბუდობს, მაგრამ "ბარსელონაში" თითქმის იდეალური ვითარება იყო. ერთმანეთს პატივს ვცემდით და ეს მოედანზეც ჩანდა და მის გარეთაც. - მაგრამ ამბობენ, რომ "რეალში" გადასვლით "ბარსელონაზე" შური იძიეთ, სადაც ბოლო სეზონში საქმეები აგერიათ - ეს არ იყო შურისძიება. კონტრაქტი დამისრულდა, ესპანეთიდან წასვლა არ მსურდა და ისეთ გუნდში გადავედი, რომელშიც კვლავ ჩემპიონი გავხდებოდი. ახლა რომ ვიხსენებ, უნუკალური ამბავია - ერთხელ "ბარსამ" "რეალს" 5:0 მოუგო და ბარსელონელი ვიყავი, მერე კი "რეალმა" ამავე ანგარიშით იმარჯვა და მაშინ "რეალის" მაისურა მეცვა. - 1983 წელს "ბრონდბიუდან" სერია ფ-ში, "იუვენტუსში" გადახვედით, რომელმაც "ლაციოში" გაგანათხოვრათ. რა შეგძინათ იტალიურმა ფეხბურთმა. - იტალიაში 19 წლის ჩავედი, როცა იქ კლუბში ორ უცხოელზე მეტს არ უშვებდნენ და თან დანიურ ლიგასა და მაშინდელ ევროპაში საუკეთესო სერია ფ-ს შორის უდიდესი განსხვავება იყო. "ლაციოში" ძალიან გამიჭირდა, მაგრამ "იუვეში" დაბრუნებულს დამიფასდა. სკუდეტოც მოვიგეთ და საკონტინენტთაშორისო თასიც. ექვსი სეზონის შემდეგ ვიგრძენი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა და, როგორც კი "ბარსადან" მიხმეს, მაშინვე დავთანხმდი, რადგან ესპანური ლიგა ბევრად უფრო საჩემო იყო. - უცნაურია, რომ 28 წლისამ სანაკრებო კარიერა დაასრულეთ, მერე ევრო-92-ზე თამაშიც იუარეთ და, როგორც აღმოჩნდა, ოქროს მედალი დაკარგეთ. - ნაკრებიდან წასვლა 1990-ში გადავწყვიტე. ევროპის 1984 და მსოფლიოს 1986 წლების ჩემპიონატის მონაწილე დანიელი ფეხბურთელები ეროვნული გუნდიდან წავიდნენ, ახალ მწვრთნელს ახალი გუნდის შენება უნდა დაეწყო და თაობები მე უნდა შემეკრა, მაგრამ ევრო 92-ზე მოხვედრის შანსი არ გვქონდა, მე კი "ბარსელონაში" ვიყავი, რომელსაც გაბრწყინების ჟამი ედგა და ამიტომ კლუბზე გადავერთე და ნაკრებს დროებით მოვწყდი. მერე კი იუგოსლავიაში ომი ატყდა, ჩვენ მათ ნაცვლად ევროჩემპიონატზე გაგვიშევს და მოულოდნელად დანიამ მოიგო. გული კი მწყდება, იმ გუნდში რომ არ ვიყავი, მაგრან ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. - 80-იან წლებში საუცხოო ნაკრები გყავდათ და რატომ ვერ მოიგეთ ერთი ჯილდო მაინც. - ევრო 84-ზე არ გაგვიმართლა და ნახევარფინალში ესპანელებთან პენალტებით წავაგეთ. სულ სხვა ამბავი იყო მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომლის დაწყებამდეც გუნდმა თვენახევარი ერთად გაატარა და ჯგუფურ ეტაპზე ერთიმეორეს მივაყოლეთ შოტლანდია, ურუგვაი და გერმანია. სამწუხაროდ, თავში აგვივარდა, ესპანეთთან მერვედფინალის წინ მსოფლიოს ჩემპიონობაზე დავიწყეთ საუბარი და ამიტომაც გაგვანადგურეს 5:1. - კარიერით კმაყოფილი ხართ. - "აიაქსში" ზედიზედ ორჯერ ჩემპიონატი და თასი მოვიგე და ასე დავასრულე კარიერა. ფეხბურთელისთვის უკეთესი რაღა უნდა იყოს... - თქვენი ბიჭებიც თურმე მამასავით კარგად თამაშობენ... - მადსი უფროსია და "კოპენჰაგენში" თამაშობს. პატარა ანდრეასი კი "რეალის" ბავშვთა გუნდშია, თუმც მათთვის ფეხბურთელობა არ დამიძალებია. მთავარია, კარგად აკეთონ საქმე, რომელიც უყვართ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |