|
|
"სარბიელი"
ბერნაბეუმ რონალდუს ჩრდილი მესის გადააფარა
ვაჟა ხუციშვილი
ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგის ორი დაუმარცხებელი გუნდი ერთმანეთს დღეს "კამპ ნოუზე" შეხვდება. ეს ორმატჩიანი დუელი კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შეჯიბრიც იქნება. ლიგაში პორტუგალიელმა 7, არგენტინელმა კი 6 გოლი გაიტანა. "ბარსელონას" ნახევარფინალებში მეტოქეზე უკეთესი სტატისტიკა აქვს: რვიდან ოთხჯერ ფინლში გააღწია, ხოლო "მანჩესტერმა" ცხრიდან მხოლოდ ორჯერ. კატალოგიელებმა საამსეზონო ლიგაში ხუთიდან ხუთივე საშინაო მატჩი მოიგეს ბურთების შეფარდებით 10:1-თან, სამაგიეროდ ალექს ფერგიუსონის გუნდი სტუმრად არ დამარცხებულა - სამჯერ იმარჯვა და ორიც ფრედ დაასრულა. ინგლისურ კლუბებს კატალონიელებმა 23-ჯერ უმასპინძლეს, 13 მატჩი მოიგეს, რვაჯერ დაუზავდნენ და მხოლოდ ერთხელ წააგეს. "მანჩესტერს" კი ესპანეთის ჰაერი არ უხდება - ერთი მოგება 6 ფრისა და 9 მარცხის წილ. "ბარსელონასა" და "მანჩესტერის" გზები აქამდე შვიდჯერ გადაიკვეთა. გუნდებმა ორ-ორი გამარჯვება მიითვალეს და სამჯერ დაზავდნენ. ყველაზე ბარაქიანი იყო ორი მატჩი ჯგუფურ ეტაპზე (1998-1999), როცა ორივე თამაში 3:3 დასრულდა. "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილმა და მესის მეგობარმა, ამჟამად კი "მანჩესტერის" მცველმა ხერარდ პიკემ კრიშტიანუ რონალდუს და ლიონელ მესის შედარებითი დახასიათება დაწერა. "ჩემი აზრით, ამ დუელში პორტუგალიელი არგენტინელს დაჩრდილავს, რადგან რონალდუ უფრო სრულყოფილია. მას ფორვარდობაც შეუძლია და ორივე ფლანგზე ერთნაირად სასარგებლოა, თუმც ბევრი გოლი ამის გამო კი არა, იმიტომ გააქვს, რომ ნახევარი შანსიც ჰყოფნის და მომენტთა უმეტესობას იყენებს. აი, მესის კი ამ მხრივ დახვეწა სჭირდება. ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ მატჩზე, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებული იქნება. მე ხომ ბარსელონაში დავიბადე და კატალონიელი ვარ" - განაცხადა ფეხბურთელმა, რომლის სრული გვარი პიკე ბერნაბეუა. მესიმ კი თქვა: "უკვე გამოვკეთდი და მინდა, ოთხშაბათს კარგი თამაშით გავახარო ფანები. სწორედ ამ ორ მატჩში უნდა ვაჩვენო, თუ რისი მაქნისი ვარ. რონალდუ დიდებული ფეხბურთელია და ამ სეზონში ბევრი გოლიც შეაგდო, მაგრამ ნახევარფინალში მე და რონალდუ კი არ ვხვდებით, "ბარსელონა" ეთამაშება "მანჩესტერს". მაიკლ კარიკი "კამპ ნოუზე" ორი გოლის გატანაზე ოცნებობს. "მატჩი რთული იქნება, განსაკუთრებით მასპინძლებისთვის, რადგან ბოლოხანს ცუდად თამაშობენ და წნეხის ქვეშ არიან. ჩვენ ორი გოლის გატანა თუ მოვახერხეთ, საპასუხო შეხვედრისთვის დიდებულ განწყობას შევიქმნით. ორივე გუნდი შემტევი ფეხბურთის ტრფიალია და არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი გოლი გავიდეს". "ბარსელონა" გასულ შაბათს კატალონიურ დერბიში "ესპანიოლს" უგოლოდ დაუზავდა და მესამე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ გუნდმა მარტში და აპრილში 12 მატჩიდან მხოლოდ ოთხი მოიგო და მათგან სამი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა იყო. "ესპანიოლთან" ფრეში ანდრეს ინიესტამ საიმედო მინიშნება აღმოაჩინა - პრიმერაში "ბეტისთან" და "ხეტაფესთან" ვერმოგებული მატჩების შემდეგაც გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ "შალკეს" ორივეჯერ ვძლიეთო. "მანჩესტერის" მარტ-აპრილის მონაგარი კი ასეთია: 12 მატჩში ცხრა მოგება, ორი ფრე და ერთი წაგება. პრემიერლიგაში გუნდი შაბათს სტუმრად "ბლექბერნს" 1:1 ეთამაშა. მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ მატჩის ბოლოს ტევესმა გაქვითა. "ბარსელონას" ფრანგი ფორვარდი ტიერი ანრი, ვისაც "მანჩესტერთან" 18 მატჩში 8 გოლი გაუტანია, სიცხიანია და მისი თამაში საეჭვოა. კარლეს პუიოლი დისკვალიფიცირებულია და მის ადგილს ალბათ რაფაელ მარკესი დაიკავებს. მანჩესტერელებს კი სერბი მცველი ნემანია ვიდიჩი გამოუკეთდათ. პოლ სქოულზისთვის და გარი ნევილისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ითამაშებენ, ეს იქნება ჩემპიონთა ლიგაში მე-100 მატჩი.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |