|
|
"სარბიელი"
ვალენსიამ კუმანი დაითხოვა
ლადო ხომერიკი
"ვალენსიამ" საამსეზონოდ თავისი უკუღმართი ბედის სასიკეთოდ შემოტრიალება ერთი დაკვრით გადაწყვიტა. "ღამურათა" თავკაცობამ "მესტალიადან" მწვრთნელი რონალდ კუმანიც დაითხოვა, მისი სამწვრთნელო შტაბიც, სპორტული დირექტორიც და ტექნიკური მდივანიც. ოდინდელ უფროსებს ადგილობრივები, "ვალენსიას" სკოლის აღზრდილები ჩაანაცვლებენ. არადა, ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როცა ვალენსიელ ბიჭებს სეგუნდაში გასავარდნ ზონამდე ორი ქულაღა აშორებთ. ალბათ "ღამურათა" საბედნიეროდ, ამიერიდან რონალდ კუმანი "ვალენსიას" დამრიგებელი აღარაა. კუმანს, რომელმაც ამ კლუბს წლეულს კოპა დელ რეი კი შეარგო, მაგრამ საერთო ჯამში "მესტალიას" უფრო არეულობა მოუტანა, ვიდრე სიკეთე, "შინაური კაცი", ვალენსიელთაგან დიდად დაფასებული სალვადორ გონსალეს ვორო შეცვლის. ხოლო "ტინტინი" (რონალდ კუმანი) გუნდიდან მარტო არ წასულა, მას თან თანაშემწეებიც მიჰყვნენ - ხოსე მარი ბაკერო და ტონი ბრუინს სლოტიც. თანამდებობები დატოვეს აგრეთვე სპორტულმა დირექტორმა მიგელ ანხელ რუისმა და მისმა მარჯვენა ხელმა ანტონიო ფერნანდესმა. მოლაპარაკებები კუმანის დათხოვნის თაობაზე ორშაბათს გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. "ვალენსიას" თავკაცები - აგუსტინ მორერა და რაფაელ სალომი - ჰოლანდიელს კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტისა და "ვალენსიას" დატოვების აუცილებლობაში არწმუნებდნენ. რონალდ კუმანი "ღამურათა" გუნდის ისტორიაში ხომ ყველაზე უიღბლო დამრიგებელი გამოდგა - 22 მატჩში ოდენ 18 ქულა აიღო და "ვალენსიამაც", მისი მეთაურობით, მხოლოდ ოთხ საპრიმერო მატჩში გაიმარჯვა. "ხეტაფესთან" კოპა დელ რეი მოვიგეთ და ამის გამო გუნდს ამაყად თავაწეული ვტოვებ - თასზე გამარჯვება სახუმარო საქმე არ გახლავთ. თუმცა ჩემს ვალენსიურ პერიოდს საკმაოდ დიდი იმედგაცრუებაც ახლავს თან" - განუცხადა სახელგანთქმულმა ჰოლანდიელმა ჟურნალისტებს. მისი ვადამდელი დათხოვნა კი "ვალენსიას" 10 მილიონი ევრო დაუჯდება. სალვადორ გონსალეს ვორო "ღამურათა" კლუბის ძველი ფეხბურთელია, კუმანის მოხსნამდე კი "ვალენსიაში" ერთ-ერთი ადმინისტრაციული თანამდებობა ეკავა. ვორომ თქვა, რომ "მესტალიაზე" "ტინტინის" მიერ დათხოვნილ ფეხბურთელებს დააბრუნებს. ასე რომ, მალე ალბელდას, კანისარესს და ანგულოს მოედანზე ისევ ვალენსიურ აბჯარში გამოწყობილებს ვიხილავთ. "ახლა მთავარია, "ვალენსია" სეგუნდადივიზიონში გავარდნას გადავარჩინოთ. ეს კლუბი იგივე ჩემი მეორე ოჯახია, მისი ღირსებისთვის არაფერს დავიშურებ, მაგრამ ოთხ თვეზე მეტია, დიდი ფეხბურთი არ მითამაშია და ეს ალბათ პრობლემას შემიქნმნის. ყოველ შემხვევაში, ახალ მწვრთნელს უნდა მოვეთათბირო" - აღნიშნა დავიდ ალბელდამ. მოგახსენებთ, რომ ეს ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის არაგონესმა ევრო 2008-სთვის "ფურია როხას" შემადგენლობაში მიიწვია.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |