"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

ეტოოს დეზებს მოარგებენ

ლადო ხომერიკი

ხუანდე რამოსი მომავალი სეზონისთვის თავისი "ტოტენჰემის" გაძლიერებას სამუელ ეტოოთი აპირებს. ინგლისური და ესპანური გაზეთები წერენ, რომ "დეზების" უპირველესი სატრანსფერო მიზანი სწორედ "ბარსას" კამერუნელი ფორვარდია და არა დანიელ ალვეში, დავიდ ვილია ან კარლოს კამენი. "ტოტენჰემის" მფლობელმა დენიელ ლევიმ ეტოოს ვარიანტი მოიწონა და გადაწყვიტა, "ბარსელონას" დაუკავშირდეს, რათა კატალონიელთაგან სასურველი ფეხბურთელის ღირებულება შეიტყოს.

სამუელ ეტოოს მოქმედი კონტრაქტით "ბარსასთან" 2010 წლამდე უწევს თანამშრომლობა და მასთან ხელშეკრულების გაუქმებაც 150 მილიონი ევრო ღირს. "ტოტენჰემს" კი სეზონის ბოლოს ბულგარელი მეგოლე დიმიტარ ბერბატოვი ტოვებს და მისტერ ლევისაც კამერუნელზე ნადირობის დაწყება ამიტომ გადაუწყვეტია. ინგლისურ კლუბს ფული საკმაოდ აქვს და იქაურ თავკაცობას უნდა, ეტოო "დეზების" სიმბოლოდ, გუნდის უპირველეს ვარსკვლავად და სახედ აქციოს.

"ბარსელონაში" აფრიკელის დარჩენას ბოლო პერიოდში კატალონიურ პრესაში გამოქვეყნებული სტატიები ხელს ნამდვილად ვერ უწყობს. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაში "მანჩესტერთან" შეხვედრის წინ ერთ-ერთმა კატალონიურმა გაზეთმა ინგლისელებთან საომრად "11 მესი" მოითხოვა, რამაც სამუელი გააღიზიანა. "ესპანეთსა და "ბარსელონაში" ჩემს მწვერვალს უკვე მივაღწიე. თუ გაისადაც ვერაფერი მოვიგეთ, "კამპ ნოუს" დავტოვებ" - უთქვამს ფორვარდს მადრიდულ "ასთან" ინტერვიუში.

იგივე "ასი" იუწყება, რომ ეტოოსა და "ტოტენჰემის" აგენტთა შეხვედრა უკვე შედგა და ფეხბურთელს გაისად ლონდონში გადაბარგებაზე გადაჭრით უარი არ უთქვამს. ეს თათბირი კატალონიაში შედგა, მალე მოლაპარაკებები ლონდონში გაგრძელდება და სამუელის "ჰოს" ან "არას" იქაური გაზეთები ჩქარა ბაირაღივით ააფრიალებენ.

ესპანური სპორტული მედიის მტკიცებით, "ტოტენჰემში" ეტოოს პირადი დიდსაფეხბურთო ჯილდოების მოსაგებად უფრო მეტი შანსი ექნება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com