|
|
"სარბიელი"
მარადონამ ტიტულები უნდა დააბრუნოსო...
ლადო ხომერიკი
პელესა და მარადონას ურთიერთობა იდეალურისგან შორს რომაა, ყველამ ვიცით. პოლემიკამ იმის შესახებ, თუ ვინ არის მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ამ ორ ტიტანს შორის, საქმე ფრიად აბურდა. ახლახან კი პელემ არგენტინელზე ისეთი რამეები ილაპარაკა, საეჭვოა, მათ დამეგობრებას ხელი შეუწყოს. "მარადონა შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, თუმცა ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს - დიეგო მარჯვენა ფეხით ვერ ურტყამდა და ბურთისთვის თავიც არასდროს დაუკრავს... ანუ, იგი სრულყოფილი არ ყოფილა. ჰო, და კიდევ ერთიც, თუ სპორტის ოლიმპიურ სახეობებში დოპინგის სიყვარულისთვის უამრავ სპორტსმენს მედლები ჩამოართვეს, მარადონასთან მიმართებაში ასე რატომ არ იქცევიან." - განაცხადა ბრაზილიელმა ლეგენდამ არგენტინელზე სან პაულუს მავან გაზეთთან ინტერვიუში. პელესთან გასაუბრება 1958 წლის შვედურ მუნდიალზე ბრაზილიის გამარჯვების 50-წლისთავის გამო მოხდა და დუ ნასიმენტუმაც შანსი არ გაუშვა, დიეგო ერთხელ კიდევ რომ არ გაემწარებინა. მარადონას ამ გამოხდომაზე პასუხი ჯერ არ გაუცია, მაგრამ გადარეული არგენტინელის ხასიათიდან გამომდინარე, ვინძლო პელეზე მისი სახალისო გამოთქმები მალე მოვისმინოთ. კიდევ ვისზე ისაუბრა ინტერვიუში ბრაზილიელმა. დონ ალფრედო დისტეფანოზე, ოღონდ ისე, რომ კვლავ მარადონასთვის გაეკრა ბრჭყალი: "ძალიან მომწონდა დი სტეფანოს თამაში. იცით, ალფრედო მარადონაზე უკეთესი იყო, უფრო სრულყოფილი და სწრაფი... თან გოლებიც მეტი გაჰქონდა". "მეფის" შეფასებას თანამედროვე ვარსკვლავები, რონლალდინიო და რობინიოც ვერ გაექცნენ. პელემ ასევე გაიხსენა ძველჩაუქი რომარიო, ვინც, მისი აზრით, დუ ნასიმენტუსთან ოსტატობით ყველაზე ახლოს მივიდა. "რონალდინიო ბრწყინვალეა, მაგრამ 2006 წლის მუნდიალი უსახურად ჩააგდო. რობინიოს კი პელესთან ხშირმა შედარებამ დათვური სამსახური გაუწია... თუ შედარებაზე მიდგა საქმე, რომარიო უნდა გავიხსენოთ - აი, გოლების გატანა იმან ყველაზე კარგად იცოდა. ჟონგლიორობა და ბურთის კეფაზე გაჩერება ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა, მეც და რომარიოც მოედანზე გოლების გასატანად გამოვდიოდით" - აღნიშნა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ. ახლა კი ყველაზე საინტერესო. პელემ ხომ თქვა, "მოკვდავთაგან" ჩემთან ყველაზე ახლოს რომარიოაო, "რომიმ" კი, თურმე, ეს ინტერვიუ რომ წაიკითხა, შესძახა: "მეტოქის საჯარიმოში ყველაზე უკეთესი ვიყავი და ამ ყველაში პელეც ითვლება. რადგან პელეს თამაში არ მინახავს, ვთვლი, რომ მე ვარ საუკეთესო. მარადონაც უნიკალურია, პელეც და რომარიოც - ამ სამს დღეს მემკვიდრე არ ჰყავს".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |