"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

აგირე იძირება

ლადო ხომერიკი

"ბეტისთან" წაგებამ და მადრიდელ გულშემატკივართა რისხვამ "ატლეტიკოს" მესვეურებს გუნდის მწვრთნელის, ხავიერ აგირეს დათხოვნა გადააწყვეტინა. მექსიკელი სპეციალისტი ჯერაც "მელეიბეთა" თავკაცად რჩება, თუმცა საქმე იმისკენ მიდის, რომ "ატლეტიკოს" მალე "ალმერიას" დღევანდელი დამრიგებელი უნაი ემერი ჩაიბარებს.

უნაის გუნდმა "მელეიბეებს" "ვისენტე კალდერონზე" სამი გოლი გაუტანა და მიუხედავად იმისა, რომ ორკაცნაკლულმა მატჩი საბოლოოდ 3:6 წააგო, მადრიდულ ინჩადაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მერე იყო ფიასკო "ბეტისთან" (რომელიც, სხვათა შორის, სათადარიგო ფეხბურთელებით გახლდათ გეჭედილი) და ფანთა გაცოფებული შეძახილები: "აგირე, გეყო, დროა, გუნდიდან წაეთრიო!" და უფროსობამაც გადაწყვიტა - აგირე მალე წავა, მის შემცვლელად კი სწორედ ზემოთ ხსენებულ ემერის მოიაზრებენ.

უნაი 36 წლისაა, ბასკია და ასაკის გათვალისწინებით საკმაოდ წარმატებული მწვრთნელიც. ამ სპეციალისტმა თავი პირველად "ლორკაში" გამოიჩინა - გუნდი ჯერ სეგუნდადივიზიონში დააწინაურა, ხოლო მომდევნო სეზონში მეხუთე ადგილი აიღო. შემდეგ იყო "ალმერია", რომელსაც ემერიმ პრიმერაში უკრა თავი და წლეულს დიდ მიზნებსაც შეაჭიდა - ადრე მოკრძალებული სამხრეთელები ახლა ლა ლიგას ცხრილში მეშვიდე ადგილზე არიან და თუ გაუმართლებთ, საჩემპიონთალიგო ოთხეულში მოსახვედრადაც იბრძოლებენ.

ცხადია, შესანიშნავ ემერის მთხოვნელი ბევრი გამოუჩნდებოდა. "ატლეტიკოს" გარდა მასზე პრეტენზიას "ვალენსია", "ხეტაფე", "ბეტისი" და "რასინგიც" აცხადებენ. უნაიმ კი საკუთარი თავის ფასი იცის და დაინტერესებულ კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყებას არ ჩქარობს. მწვრთნელს "ალმერიასთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასასრულს უმთავრდება და, რასაკვირველია, კლუბის პრეზიდენტ ალფონსო გარსიკს მასთან განშორება არ სურს. გარსიამ უნაის კონტრაქტის გახანგძლივება შესთავაზა, რაზედაც ჯერჯერობით პასუხად მხოლოდ დუმილი მიიღო.

არის კიდევ ერთი, უფრო ვარსკვლავური "ათლეტური" ვარიანტი - მადრიდელებმა "კალდერონზე" გაისად შეიძლება სულაც რაფა ბენიტესი ჩამოიყვანონ. რა თქმა უნდა, თუ ბენიტესმა წლეულს ჩემპიონთა თასი მოიგო, "ლივერპულიდან" "ატლეტიკოში" მისი გადაბარგება სასწაულის ტოლფასი იქნება, თუმცა ფეხბურთში გამორიცხული არაფერია.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com