"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

მორატიმ მაუ ისევ უარყო

კოკი კანდელაკი

მიუხედავად იმისა, რომ პრესა კვლავ დაჟინებით იუწყება, მომავალი სეზონიდან "ინტერს" პორტუგალიელი რობერტო მანჩინი გაწვრთნისო, "ნერაძურის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ უარყო.

"ვინ მოთვლის, უკვე მერამდენედ ვისმენ ამ ჭორებს: ეს მართალი არ არის და კმარა ამაზე საუბარი" - თქვა მორატიმ.

62 წლის ნავთობმაგნატნმა სერია ფ-ში დარჩენილ მატჩებზეც ილაპარაკა და იმედი გამოთქვა, რომ "ნერაძური" სკუდეტოს ორ კვირაში "მილანთან" "დერბი დელა მადონინას" მოგებით გაინაღდებს.

"ჯერ კიდევ რთული მატჩები დაგვრჩა და ყურადღების მოდუნება არაფრით შეიძლება. სულ იმის მეშინია, რომ ფეხბურთელები მოგებებით ზედმეტად ირწმუნებენ საკუთარ ძალებს და კონცენტრაციას დაკარგავენ. ეს დაუშვებელია, თამაშის გაუმჯობესებაზე უნდა ვფიქრობდეთ და ყველა მეტოქეს სერიოზულად ვეკიდებოდეთ. "კალიარისთან" საკმაოდ რთული შეხვედრა გველის. მერე კი "მილანთან" დერბია, რომლის მოგებაც ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, ამ თამაშში გავინაღდებთ სკუდეტოს. ისიც ლოგიკურია, თავის მხრივ, "როსონერიც" მოგებასა და ჩვენთვის ჩემპიონობის წართმევაზე ფიქრობს" - დასძინა მორატიმ.

გუნდის კოლუმბიელი მცველი ივან კორდობა კი იმედოვნებს, რომ სეზონის ბოლოს რობერტო მანჩინი პოსტიდან არ წავა და კვლავ "ინტერის" მწვრთნელად დარჩება. შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფეხბურთელს ტრავმა აქვს და კიდევ ერთი-ორი თვე მაინც ვერ გავა მინდორზე.

"მანჩინი "ინტერისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. სწორედ მისი თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მივაღწიეთ წარმატებებს და იმედია, ასე გაგრძელდება. მინდა, რომ რობერტო დარჩეს, მაგრამ ამას მე ვერ გადავწყვეტ" - თქვა კორდობამ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com