|
|
"სარბიელი"
ალონსო ბარსელონაში პოდიუმს ვერ ხედავს
კახა ლომაძე
საპირველფორმულო სეზონის პირველ ევროპულ ეტაპამდე ორიოდე დღეღა დარჩა. ჩემპიონატში მონაწილე თერთმეტივე გუნდი მოუთმენლად და იმედებით ელის ბარსელონურ რბოლას. ბაჰრეინული ეტაპის შემდეგ ჩემპიონატში სამკვირიანი შესვენება იყო. ამ სამი კვირის მანძილზე ყველა საჯინიბოში მუხლჩაუხრელად და, ფაქტობრივად, შეუსვენებლად შრომობდნენ, რათა პირველობის სტარტზე გამოჩენილი ხარვეზები აღმოეფხვრათ. ბუნებრივია, გამონაკლისს არც "რენო" წარმოადგენდა. მით უმეტეს, რომ ორი წლის წინ ეს გუნდი საჩემპიონოდ იყო შემართული. თანაც, შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ ფრანგებმა, სწორედ "რენოს" სახელით ორგზის ტრიუმფატორი, ესპანელი ფერნანდო ალონსო დაიბრუნეს და ალონსო კი ის კაცი არ არის, პელოტონის შუაში ყოფნით კმაყოფილი რომ იყოს. "რენოს" იტალიელმა შეფმა ფლავიო ბრიატორემ ადრევე განაცხადა, ევროპული ეტაპებისთვის გაცილებით კონკურენტუნარიანი მანქანა გვეყოლებაო და ნათქვამი არც ახლა გადათქვა, როცა ბრძანა, დარწმუნებული ვარ, ბარსელონაში საპოდიუმედ ვიბრძოლებთო. ალონსო თავის შეფს არ ეთანხმება: "ჩვენ ძალიან ცუდად დავიწყეთ სეზონი და ფორმულა 1-ის სამყაროში კი უაღრესად ძნელია დაკარგული პოზიციების დაბრუნება - განაცხადა ფერნანდომ და დაამატა - რა თქმა უნდა, ყველა შესაძლებელი ხერხით ვცდილობთ, რომ პროგრესი განვიცადოთ და მოწინავე გუნდებს მივუახლოვდეთ. გარკვეული წინსვლა მართლაც გვაქვს, მაგრამ მეეჭვება, ბარსელონაში პოდიუმზე შევდგეთ. ასე თუ მოხდება, ეს ნამდვილი სიურპრიზი იქნება. მე მოვალე ვარ, მაქსიმუმი გამოვწურო ბოლიდიდან, რათა შევინარჩუნო დიდი გამარჯვებების რწმენა. თანაც, პროგრესი მუდმივად უნდა გაგრძელდეს, რათა მომავალი სეზონისთვის მართლაც კარგი მანქანა გვქონდეს". მომავალი სეზონისთვისო, ბრძანა ალონსომ, ანუ ის სერიოზულად ფიქრობს "რენოში" დარჩენაზე, თუმც იმის გარანტიებს კი ითხოვს, რომ მართლაც კონკურენტუნარიანი მანქანა ეყოლება: "პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ "რენოში" დარჩენა მსურს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუნდი შექმნის გამარჯვებების მომპოვებელ მანქანას. სიმართლე უნდა ითქვას - პროგრესი იგრძნობა, მაგრამ მე არ მაკმაყოფილებს, ოდენ კვალიფიკაციის მესამე სეგმენტში მოხვედრის პერსპექტივა. მსურს, ისეთი მანქანა მქონდეს, რომლითაც დიდი პრიზების მოგება იქნება შესაძლებელი. სადღეისოდ პელოტონში მხოლოდ რამდენიმე ასეთი გუნდია - "უილიამსი", "მაკლარენი", "იქც-ზაუბერი" და, რა თქმა უნდა, "ფერარი". შეგახსენებთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ აგორდა ჭორები იმის თაობაზე, მომავალ სეზონში ალონსო "ფერარიში" გადავა და ფელიპე მასას ადგილს დაიკავებსო. ეს ჭორები უმალ უარყვეს როგორც "რენოს" წარმომადგენლებმა, ისე მასამაც. ახლა მათ მხარი "ფერარის" პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემელომაც აუბა, რომელმაც გამორიცხა ალონსოს მათ გუნდში გადასვლის შესაძლებლობა, აქაოდა, ალონსოსა და მსოფლიოს ამჟამინდელი ჩემპიონის, კიმი რაიკონენის ერთ გუნდში ყოფნა ძალიან დიდი ფუფუნება იქნება და თანაც, საეჭვოა, ეს ორი პილოტი ერთმანეთს შეეწყოსო.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |