"სარბიელი"
# 91
ოთხშაბათი, 23 აპრილი, 2008 წელი

ნიღაბი, ჩქარა! ავიამშენის სუსტი წერტილები: ცხვირი, ნეკნი და ხელი

ირაკლი პერტაია

რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და ნახევარფინალში გასული გუნდები ახლა პლეი ოფისთვის ემზადებიან. ოთხივე კლუბი დანაკლისით ხვდება გადამწყვეტ მატჩებს, თუმც ყველაზე მეტად დაზარალებული "ავიამშენია", რომელსაც სამი ყველაზე წარმატებული მოთამაშე ჰყავს დაშავებული. "ავიატორთა" მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ სამივე ტრავმირებული უკანახაზელია და თუკი ნახევარფინალამდე ვერც ერთი ვერ გამოჯანმრთელდა, ლევან მოსეშვილის გუნდს თსუ-სთან წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს.

ირაკლი ხოშტარია, კოტე ტუღუში და გიორგი ნიკოლაძე - ჩემპიონობაზე რომ საუბრობს, "ავიატორთა" მწვრთნელს, პირველ რიგში, სწორედ ამ ტრიოსი ეიმედება, თუმც დღესდღეობით სამივე ტრავმირებულია და არავინ იცის, ჩადგებიან თუ არა ისინი პლეი ოფამდე მწყობრში. ხოშტარიას ხელი აწუხებს, ნიკოლაძეს ნეკნი აქვს გატეხილი, ხოლო ტუღუშმა ბოლოსწინა მატჩში ცხვირი გაიტეხა. გუშინ სწორედ კოტე ტუღუშს შევეხმიანეთ...

- ცხვირი და მთლიანად სახე გასიებული მაქვს და ექიმებმა წოლითი რეჟიმი გამომიწერეს.

- ესე იგი, ძალიან სერიოზული ტრავმა მიგიღია "ვითასთან" მატჩში...

- ცხვირის ძვალი გამიტყდა და მეტი სერიოზული რაღა უნდა მომსვლოდა. მეტოქის იდაყვი მომხვდა სახეში და, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ცხვირის ძვალი დამიზიანდა.

- ქირურგიული ჩარევა ხომ არ დაგჭირდა.

- არა, მაგრამ სპეციალური მოწყობილობებით გამისწორეს ძვალი, თაბაშირი დამადეს და ახლა შეხორცებას ველოდები. კიდევ კარგად გადავრჩი, რომ ტვინის შერყევა არ დამემართა. ექიმებმა თქვეს, როცა სახეზე ძვალი ტყდება, ეს საქმე შერყევის გარეშე ძალიან იშვიათად თუ ჩაივლისო. გამსინჯეს და საბედნიეროდ ყველაფერი მწყობრშია, თუმც ერთკვირიანი წოლითი რეჟიმი მაინც გამომიწერეს.

- პლეი ოფი 8 მაისს დაიწყება და ამ დროისთვის მწყობრში იქნები.

- ჯერ ვერ ვიტყვი. ხვალ გამსინჯავს ექიმი და ნახავს, ძვალი როგორ დაჯდა. თუ არ გამირთულდა, იმედი მაქვს, პლეი ოფისთვის მოედანზე გასვლას შევძლებ. ოღონდ დამცავი ნიღბის გარეშე ვერ ვითამაშებ. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა - თბილისში სად ვიშოვო ნიღაბი.

- შენს გარდა "ავიამშენს" კიდევ ორი უკანახაზელი ჰყავს ტრავმირებული და მათი საქმე როგორაა.

- ხოშტარიას დღეს სურდა ვარჯიშის განახლება, მაგრამ ექიმს რომ გაესინჯა, კიდევ 2 კვირით დასვენება ურჩიეს. გიორგი ნიკოლაძესაც ჩემსავით წოლითი რეჟიმი აქვს გამოწერილი. მან ვარჯიშზე ნეკნი დაიზიანა, ხოლო "დინამოსთან" მატჩში მეტოქე დაეჯახა და რენტგენი რომ გადაუღეს, მოტეხილობა აღმოაჩნდა. ნეკნზე თაბაშირს ვერ ადებენ და მწოლიარე უნდა ელოდოს, როდის შეუხორცდება.

- ნახევარფინალში თსუ-ს ხვდებით და როგორი შანსები გაქვთ.

- ასეთი შემადგენლობით ფინალში გასვლის მიზერული შანსი გვაქს, ხოლო თუ ყველა გამოვჯანმრთელდით, ვფიქრობ, მცირე უპირატესობა ჩვენ გვექნება. თსუ ძალიან მებრძოლი გუნდია და რეგულარული ჩემპიონატის მატჩების უმეტესობაც მოგვიგო. ასე რომ, სრული მობილიზებით თუ არ ვითამაშეთ, წაგება არ აგვცდება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com